ამ პაექრობას საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ვეტერან კალათბურთელთა შეხვედრა უძღოდა.
სტუმართა გუნდში გამოირჩეოდა 49 წლის რიგელი სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშებისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1991 წლის ლატვიის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, დიდი საკალათბურთო ოჯახის (მამა-იანის მიგლინიეკსი რიგის ვეფ-ის მოთამაშე იყო, უმცროსი ძმა-რაიმონდ მიგლინიეკსი - პროფესიონალი კალათბურთელი) წევრი იგორს მიგლინიეკსი, რომელსაც მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ.
- ბედნიერი ვარ, რომ
ქალაქი საკმაოდ შეცვლილა და გალამაზებულა. სასიამოვნოა, რომ საერთაშორისო სტუდენტურმა ლიგამ თბილისამდეც მოაღწია.
ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს ეს შანსს მისცემს, გზა გაიკაფონ დიდი სარბიელისკენ. ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული კალათბურთის განვითარებას, ისე ამ შეჯიბრებაში მონაწილეთა დამეგობრებას.
ჭაბუკობისას მეც ხომ სწორედ სპორტის ამ ლამაზმა სახეობამ დამაკავშირა ქართველ კოლეგებთან და დღემდე მათთან მეგობრული ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. ახალგაზრდებს ჩვენი გვერდით დგომა და რჩევა-დარიგებები სჭირდებათ.
- ქართველ კალათბურთელებზე რას იტყვით?
- პოსტსაბჭოურ სივრცეში ისინი ყოველთვის იყვნენ ტონის მიმცემნი. მათი ცეცხლოვანი თამაში ხიბლავდა გულშემატკივარს, ამიტომაც ნებისმიერ ქალაქში მათ ოვაციებით ხვდებოდნენ.
ქართულმა კალათბურთმა ოდინდელი ტრადიციები შეინარჩუნა, რასაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გამოსვლაც ადასტურებს.
აი, მაგალითად, წლეულს საქართველოს ნაკრებმა ორი ისეთი ლიდერის გარეშე იასპარეზა, ურომლისოდაც ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. ქართველებმა კი ისე კარგად ითამაშეს, რომ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს.
მეორე ეტაპზე რომ ვერ გავიდნენ, ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია. ხორვატიასთან ერთი ზუსტი ტყორცნა და თქვენი ნაკრები ორი წლის წინანდელ შედეგს გაიმეორებდა. კარგი ახალგაზრდები გყავთ. საერთაშორისო სარბიელზე ისინი თავიანთ სათქმელს სულ მალე იტყვიან. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ტალანტები და მის სიმცირეს ახლაც არ განიცდის.
- თბილისში პირველი სტუმრობა თუ გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ეს იყო 1981 წელს. ამ სპორტის სასახლეში ნებისმიერ გუნდს უჭირდა თამაში - პირთამდე სავსე ტრიბუნების მხარდაჭერით აღფრთოვანებული და ფრთაშესხმული თბილისის "დინამოს" შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მის რიგებში კოლია დერიუგინიც გამოდიოდა.
"დინამოს" მაშინ არა მარტო უძლიერესი ცენტრი, არამედ შესანიშნავი დაცვა და არაჩვეულებრივი მსროლელებიც ჰყავდა. ქართული ცეკვების მსგავსად, ქართული კალათბურთიც მკვეთრი მოძრაობებით გამოირჩეოდა, ამიტომაც ჭირდა მის წინააღმდეგ შედეგიანი თამაში.
დღეს ამ დარბაზში თამაშმა და სავსე ტრიბუნებმა ჭაბუკობის წლები გამახსენა. მადლობა გამჩენს, რომ არსებობს ისეთი ლამაზი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავისი სტუმართმოყვარე ხალხით.
მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის და, იმედია, თქვენი ბიჭები ახალფეხადგმულ საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაშიც ქომაგებს ცეცხლოვანი კალათბურთით მოხიბლავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"