მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

AutoSharing Option
მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია... ამ თანმიმდევრობით განაცხადეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ზემოთ ჩამოთვლილმა კანდიდატებმა. მათ 23 ოქტომბერს მიხეილ გაბრიჩიძე შეუერთდა.

"ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა პრეზენტაციაზე "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა" და საკალათბურთო სკოლა "ჰიუნდაის" ერთობლივი განცხადება გაგვაცნო:

"საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ პროცესმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს ფედერაციის მართვის სადავეებში მყოფი პიროვნებების და იმ გუნდის ვინაობა, თუ ვის ანდობს საკალათბურთო საზოგადოება ჩვენი უსაყვარლესი სპორტის სახეობის მართვას.

კალათბურთის მომავალი და პერსპექტივა ჩვენი
საერთო საქმის მომავალი და პერსპექტივაა. ეს ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია.

ბოლო პერიოდში გავდიოდით კონსულტაციებს საკალათბურთო და ბიზნესწრეებთან, სპეციალისტებთან, გულშემატკივრების ჯგუფებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკალათბურთო საზოგადოებას და ქართული სპორტის გულშემატკივარს წარვუდგინოთ ჩვენი საერთო კანდიდატი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე - მიხეილ გაბრიჩიძე".


იგი სხვადასხვა დროს თამაშობდა "დინამოში", სტუ-ში, "შევარდენში", "მერანსა" და სდასუ-ში; 1983 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ითამაშა; ამჟამად კი "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ტოპ-მენეჯერია.

მოვუსმინოთ თავად მიხეილ გაბრიჩიძეს:

"კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 1-2 დღეში არ გადამიწყვეტია. ჩემს გუნდთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვბჭობდი აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

40 წელიწადია კალათბურთში ვარ. კარიერის დასრულების შემდეგაც არ გამიწყვეტია
კავშირი სპორტთან, სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობდი; რისი გაკეთებაც შემეძლო, ვაკეთებდი კალათბურთისთვის.

ჩვენი კომპანია საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულთაგანია და კალათბურთს მხარში უდგას.

ბიზნესწრეებთან და უცხოელებთან კავშირი დამეხმარება, ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორგანიზაციის კარგად მართვაში.

ამასთან, ყველას გვერდში დგომას ვთხოვ".


ჟურნალისტებმა ბატონ მიხეილს ქართულ საკალათბურთო სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ.

- სამწუხაროა, რომ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაციები ზემოთ ნახსენებ სიტუაციაზე. ამას დაპირისპირებას ვერც დავარქმევდი, უფრო გაუგებრობაა.

არადა, შეიძლება ორივე მხარე პირისპირ დაჯდეს და დისკუსია-კამათში გადაწყვიტოს ყველა საჭირბოროტო საკითხი. თუ საჭიროა, ამ საქმეში მეც დავეხმარები. საკალათბურთო სამყარო პატარაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არამეგობარი არ მყავს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი მიხეილ მიაწექი............
david
12:02 26-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული