ლევან მოსეშვილი: ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა და მოგვეგო, სხვა შედეგს არ გვაპატიებდნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კალათბურთელ ვაჟთა იმ გუნდის წევრი, რომელმაც 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, გახლდათ ლევან მოსეშვილი, რომელიც 13 წელიწადი (1960-1972) იცავდა მის ღირსებას.

მოხდენილი გარღვევების დიდოსტატმა ამ ხნის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: სსრ კავშირის ჩემპიონატების ოქროს (1968), სამი ვერცხლისა (1960, 1961, 1969) და ერთი ბრინჯაოს (1965) მედალი მოიპოვა.

გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასისა (1962) და საბჭოთა კავშირის თასის (1969) გათამაშებებში; ევროპის ჩემპიონთა თასისა (1960) და თასების მფლობელთა თასის (1969) ფინალისტია. 1972 წლიდან ორი ათეული წლის განმავლობაში მშობლიურ "დინამოს" ედგა
სათავეში, როგორც მთავარი მწვრთნელი.

ერთი წელიწადი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) კალათბურთელებს წვრთნიდა და ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხუთი წელიწადი "თბილავიამშენს" ავარჯიშებდა. ლევან მოსეშვილის ხელმძღვანელობით ავიატორებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს (2006), ორჯერ ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, 2007 წელს ქვეყნის თასს დაეუფლნენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 13 წლის ყმაწვილი ვერის ბაღში კალათბურთელთა საკავშირო ჩემპიონატის მატჩებს დაესწრო და იმ დღიდან სხვა არჩევანზე არც უფიქრია...

- ბავშვობისას კალანდაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, - მითხრა ლევან მოსეშვილმა, - ერთ საღამოს ვერის ბაღიდან ყიჟინის ხმა მოაწყდა ფანჯრებს. თანატოლებთან ერთად ღია მოედნებისკენ გავიქეცი, იქ კი იმდენი ხალხი შეჯგუფულიყო, რომ ნემსიც არ ჩავარდებოდა. მატჩი რომ დამთავრდა, მერე შევიტყვეთ უფროსებისგან, რომ კალათბურთელთა საკავშირო ჩემპიონატი დაიწყო. არც ერთი პაექრობა არ გაგვიცდენია. მაშინ ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის "დინამომ", რომლის შემადგენლობაში ქართული კალათბურთის კორიფეები - ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვაჟა ჟღენტი, ვაჟა გვანცელაძე, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, გურამ და გივი აბაშიძეები გამოდიოდნენ...

იმავე წელს შალვა დიასამიძესთან ჩაეწერა კალათბურთის სექციაში, მერე მიხეილ კეკელიძე ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი გიორგი ავალიშვილმა თბილისის "დინამოში" მიიწვია. 16 წლის ყმაწვილი უკვე 192 სანტიმეტრი სიმაღლის იყო...

- ხშირად დინამოელთა გვერდით ვვარჯიშობდი და ამ სახელოვან გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას, ამიტომ "დინამოს" სტაჟიან ექიმს - ალექსანდრე კილაძეს ვკითხე რჩევა. ერთდროულად კალათბურთელობა და ექიმობა გაგიჭირდება, უმჯობესია, სხვა სპეციალობა აირჩიოო. მეც დავუჯერე - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. მერე იქაურ კალათბურთელთა გუნდში მოვხვდი. 1960 წელს გიორგი ავალიშვილმა თბილისის "დინამოში" მიმიწვია და მოსკოველ თანაკლუბელთა წინააღმდეგ მათამაშა. იმ დღეს გუნდს 30 ქულა შევძინე.

- ბატონო ლევან, გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მიჯნაზე თბილისის "დინამო" თამაშის კლასით აშკარად აღემატებოდა საკავშირო ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების უმრავლესობას. 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა. იქ კი რიგის არმიელებთან წააგო. რა იყო მარცხის მიზეზი?
- ალბათ, ზედმეტი თავდაჯერებულობა. აი, ნახეთ, რას წერს ლატვიელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი, - მითხრა ბატონმა ლევანმა და 1960 წლის გაზეთ "ლელოს" პირველი მაისის ნომერი გამომიწოდა:

"ჩვენ ადრეც, ჩემპიონატი დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ფინალში მოგვიწევდა თბილისის "დინამოსთან" თამაში. ეს გუნდი დღეს სამართლიანად ითვლება ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩვენს გუნდს არა აქვს სახარბიელო შედეგები თბილისის "დინამოსთან" შეხვედრებში.

გასულ წელს რიგელი სპორტსმენები ორჯერ შეხვდნენ თბილისელებს და ორჯერვე დამარცხდნენ.

ჩვენ წლეულსაც წავაგეთ თამაში თბილისის "დინამოსთან" და სწორედ ამიტომ შევეცდებით საპატიო რევანშის აღებას, თუმცა წინასწარ ვგრძნობ, რომ ეს არ იქნება იოლი საქმე... ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ მომენტში ძალების არაადამიანური მობილიზება და თითქმის შეუძლებლის შესრულება. საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა 1959 წლის "ლეგენდარული მატჩი", სადაც სამმა ქართველმა უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა საათის მექანიზმივით აწყობილი ლატვიელთა გუნდი. ეს ფაქტი კომენტარებს არ საჭიროებს"...

- მართალია, რიგელები არაერთხელ დაგვიმარცხებია, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ბალტიისპირელთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი და საკმაოდ გამოცდილი კოლექტივი იყო, - განაგრძო საუბარი ლევან მოსეშვილმა, გაზეთი რომ ჩავიკითხე. - დავისაჯეთ კიდეც - შინ 51:61, სტუმრად კი 62:69 წავაგეთ. მეტი გულისყური რომ გამოგვეჩინა, თასი ჩვენი იქნებოდა.

- სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ უფრო საამაყოდ ხომ აისრულეთ ოცნება?!
- დიახ. მაშინ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია იყო. მერვედფინალის პირველი მატჩი ბუქარესტში რუმინეთის "ზვეზდას" 77:76 მოვუგეთ, შინ კი 82:77 ვძლიეთ მეტოქეს. მომდევნო მეტოქე იყო თურქეთის ჩემპიონი "დარუშაფაკი". ჩვენი სამხრეთელი მეზობლების კალათბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

შინ გამარჯვებასაც გეგმავდნენ. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ "დარუშაფაკი" სტამბოლის სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის ორი მაღალი კლასის კალათბურთელით - ნედრეთ უიგუჩითა და ჰაშიმულქუ იაქინით გააძლიერეს. მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა - 76:80 დამარცხდნენ.

ცხადია, თურქებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშებას გამოეთიშნენ, ამიტომ გვთხოვეს, მეორე დღეს სამხედრო-საზღვაო სკოლის გუნდთან გვეთამაშა. ის პაექრობაც წააგეს. ეს იყო პირველი ქართული სპორტული დელეგაცია თურქეთში. მატჩის შემდეგ რამდენიმე კაცი მოგვიახლოვდა და ქართულად გამოგველაპარაკა: "ჩვენ აქაური ქართველები ვართ. ადრეც გვინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ გვეშინოდა, რომ თამაშს წააგებდით, თავსაც შეირცხვენდით და ჩვენც შეგვარცხვენდით. ჩვენთვის ყველაფერი ქართული წმინდაა"... ეჰ, იყო ასეთი მომენტიც.

- ბატონო ლევან, ვიცი, რომ განმეორებითი შეხვედრა შინ 84:49 მოიგეთ. მერე იყო ნახევარფინალური ორთაბრძოლები მოსკოველ არმიელებთან...
- ცსკა-მ 1961 წელს მოიპოვა "ვერცხლის კალათა" და დიდი სურვილი ჰქონდა, ზედიზედ მეორედ დაესაკუთრებინა ეს პრიზი. არც უსაფუძვლოდ - მაშინ არმიელთა რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი კალათბურთელები, როგორებიც იყვნენ ზუბკოვი, ტრავინი, ვოლნოვი, ასტახოვი, ხარიტონოვი, კორნევი, ლიპსო, ბოჩკარიოვი.

თბილისის "დინამოს" ღირსებას კი იცავდნენ გურამ მინაშვილი, ანზორ ლეჟავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ალექსანდრე კალაძე, ამირან სხიერელი, ლევან ინწკირველი, ილარიონ ხაზარაძე, რეზო გოგელია, თქვენი მონა-მორჩილი. პირველი მატჩი მოსკოვში 75:71 მოვიგეთ.

- და საკავშირო სპორტკომიტეტიდან ატყდა ერთი ვაიუშველებელი - განმეორებითი პაექრობა დათმეთ, რადგან ცსკა თასის მფლობელია, უფრო გამოცდილი გუნდია და ფინალშიც საბჭოეთის ღირსებას უკეთ დაიცავსო.
- ყურადღება არაფრისთვის მიგვიქცევია - ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. სხვა შედეგს გულშემატკივარი არ გვაპატიებდა, იმის მიუხედავად, რომ განმეორებითი მატჩის სამი ქულით წაგების უფლებაც გვქონდა ფინალში გასასვლელად. ჰოდა, ჩვენც ვითამაშეთ მთელი სულით და გულით, 74:66 მოვიგეთ და ფინალში გავედით, სადაც მადრიდის "რეალს" დავუპირისპირდით. რადგანაც ფრანკოს მთავრობამ სამეფო კლუბს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლის უფლება არ მისცა და დინამოელთა მასპინძლობაზეც უარი თქვა, გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნეიტრალურ მოედანზე - 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში გაიმართა.

იმ პაექრობის პერიპეტიები ცნობილია, ამიტომ მატჩის მსვლელობაზე არაფერს ვიტყვი. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ "დინამო" თავიდან ალთაბაევის ორი ზუსტი ტყორცნის შემდეგ დაწინაურდა. ბოლო ორი ბურთი კი მე და ინწკირველმა ჩავაგდეთ. 90:83 - ასეთი ანგარიშით მივაღწიეთ წარმატებას და ევროპის ჩემპიონთა თასიც მოვიპოვეთ...

"ოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ევროპის კალათბურთელთა თამაშს, მაგრამ ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. "რეალი" ქარიშხალი და ტექნიკა იყო, "დინამო" - ქარიშხალი, ტექნიკა და სათამაშო დისციპლინა", - უთქვამს მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან უილიამ ჯონსს.

ცნობილია, რომ ჟენევაში "რეალთან" მატჩს ესწრებოდა 82 წლის ქართველი ემიგრანტი, მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თბილისში თავის დას - ლიდას მოსწერა: "მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია, სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი".

ჟენევის წარმატებიდან ორი წელიწადი გავიდა. ამ მცირე დროის განმავლობაში ლევან მოსეშვილმა არაერთელ მოხიბლა გულშემატკივრები, რაც საკავშირო პრესასაც არ გამოპარვია მხედველობიდან. "თავისი 196 სანტიმეტრი სიმაღლის მიუხედავად, შესაძლოა, იგი მძლეოსანიც გამოსულიყო, უფრო, ალბათ, ათჭიდელი, რადგან ძლიერია, როგორც მტყორცნელი და სწრაფი, როგორც სპრინტერი. მან კი კალათბურთი არჩია.

ვფიქრობთ, არც შემცდარა. სხვა დადებით თვისებებთან ერთად ახასიათებს რაღაცნაირი "საკალათბურთო" სიმსუბუქე და მოძრაობისას გასაოცარი კოორდინაცია, კატისებური სიმჩატის ნაბიჯები, რომლის მსგავსიც წლების წინათ მხოლოდ ამერიკელ კალათბურთელებში შეგვიმჩნევია", - ასე ახასიათებს ლევან მოსეშვილს ტოკიოს ოლიმპიადის წინ გაზეთი "სოვეტსკი სპორტი". 24 წლის ჭაბუკი მწვრთნელებმაც "შეამჩნიეს" და საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს.

- რუს კალათბურთელებს მთელი თავით თუ ვერ აჯობებდი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებაც ზედმეტი იყო. 1963-1964 წლების სეზონში მართლაც შესანიშნავ სპორტულ ფორმაში ვიყავი და საოლიმპიადე გუნდშიც აღმოვჩნდი, რომელსაც ალექსანდრ გომელსკი და იური ოზეროვი ხელმძღვანელობდნენ.

მაშინ ნაკრების ღირსებას იცავდნენ იაკ ლიპსო, ალექსანდრ ტრავინი, გენადი ვოლნოვი, ვალდის მუიჟნიეკსი, იანის კრუმინში, ნიკოლაი ბაგლეი, არმენაკ ალაჩაჩიანი, ვიაჩესლავ ხრინინი, იური კორნეევი, იურის კალნინში და ალექსანდრ პეტროვი.

ჩემდა სამწუხაროდ, კანადელებთან მატჩში მძიმე ტრავმა მივიღე და გუნდის ექიმის - ზოია მირონოვას მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, სრული გამოჯანმრთელება ვერ შევძელი. თუმცა, ფინალურ მატჩში ვოლნოვმა ცუდად ითამაშა. მწვრთნელებმა მოუშუშებელი იარით მოედანზე შემიშვეს. ის გადამწყვეტი პაექრობა 12 ქულით დავთმეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ.

- იაპონური ბატალიებიდან, ვერცხლის მედლის გარდა, რა დაგამახსოვრდათ?
- ერთ საღამოს ვარჯიშიდან დაბრუნებულებს საცხოვრებელი კორპუსის წინ ჟურნალისტები დაგვხვდნენ. გამოჩენისთანავე გარს შემოგვეხვივნენ. ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვზე რას იტყვითო, გვკითხეს. "იგი ყოფილი კალათბურთელი და საბჭოთა ხალხის დიდი ბელადიაო", - სხვებს პასუხი ტრავინმა დაასწრო.

"მაშინ ცეკა-ს პირველი მდივნობიდან რატომ მოხსნეს?" - იკითხა ამერიკელმა ჟურნალისტმა. პირი დავაღეთ - სტუმრებისგან შევიტყვეთ "ბელადის" განთავისუფლებისა და ხელმძღვანელ პოსტებზე ბრეჟნევისა და კოსიგინის დანიშვნის ამბავი.

ტოკიოში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საბჭოთა დელეგაციის წევრი ქართველი სპორტსმენებიდან ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა და მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი ჩემპიონები გახდნენ, სამს ოლიმპიური ვერცხლი, ხუთს კი ბრინჯაო ერგო.

- ბატონო ლევან, თქვენ წლების განმავლობაში მწვრთნელად მუშაობდით და ქართული კალათბურთის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობთ...
- კარგი ბიჭები გვყავს, კარგი თაობაც მოდის. ქართულ კალათბურთს მომავალი აქვს.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მარტივად არის გადმოცემული ქართული კალათბურთის და მისი ერთერთი გრანდის დიადი ისტორია?!
dato
21:59 08-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული