"დინამო" სამი ახალი კალათბურთელით შეივსო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრის წინ სატრანსფერო ბაზარი დღეს იხურება.

ბევრმა კლუბმა ნაყოფიერად იმუშავა და შემადგენლობა ისეთი კალათბურთელებით შეივსო, როგორებიც სჭირდებოდათ. მათ შორის - "დინამომ", რომელიც მეორე წრეს სამი ახალწვეულით ხვდება.

- პოლონეთის ჩემპიონატიდან ჩამოვიყვანეთ ამერიკელი ცენტრი გარიკ შერმანი. სერბეთიდან დავიმატეთ უკანახაზელი მარკო პოპოვიჩი, ხოლო "მგზავრები-არმიიდან" - თემურ ბაბუნაშვილი, - გვითხრა "დინამოს" პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა და დასძინა:

- სამივე უკვე ჩვენთანაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ისინი პარასკევს
დაგეგმილ ბათუმურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ბაბუნაშვილს, ასევე პოპოვიჩსა და შერმანს საკმარისი გამოცდილება აქვთ და მჯერა, რომ "დინამოს" სათანადოდ დაეხმარებიან. ამით ტრანსფერებზე მუშაობა დავასრულეთ, გავაძლიერეთ როგორც სამწამიანი ზონა, ასევე უკანა ხაზი.

"დინამოს" პრეზიდენტს სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდის მიზნებზეც ვკითხეთ. შეგახსენებთ, რომ დინამოელები მოქმედი ჩემპიონები არიან.

- ჩემპიონი გუნდის მთავარი ამოცანა ყოველთვის ტიტულის შენარჩუნება უნდა იყოს. გვაქვს სათანადო რესურსი მიზნის მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ნახევარფინალში გასვლაა.

მაქვს ინფორმაცია სხვა გუნდებში მიმდინარე მოვლენებზე, ბევრი გაძლიერდა და დღესვე შემიძლია ვთქვა, ჩემპიონატის მეორე წრე კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაძლიერება მაშინ იქნება, კარგი ევროპაზე თუ ითამაშენ თორემ ასე მარტო საკუთარ წვენში ხარშვა ხეირს არ დააყრის ქართულ საკლუბო კალათბურთს.
sabonis
16:41 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული