"ქართველი ბიჭები, თუ მზად არ იქნებიან, "ბასკონიელი" მგლები უბრალოდ შეჭამენ"

AutoSharing Option
"ბასკონიას" კემპი საქართველოში, საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა, ლეგიონერი... საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას ამ და სხვა საკითხებზე ვრცლად ვესაუბრეთ. ინტერვიუ კი ახლახან დასრულებული კემპით დავიწყეთ.

- ვარჯიშებზე 180 ბავშვი იყო, საიდანაც "ბასკონიას" მწვრთნელებმა 16 შეარჩიეს. ისინი ესპანეთში გაემგზავრებიან და ორკვირიანი შეკრების შემდეგ გადაწყდება, ვინ დარჩება "ბასკონიაში".

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ესპანელებს შედარებით უმცროსი ასაკის კალათბურთელები უფრო მეტი მიჰყავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერები 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის არ გვყავს, შესაძლოა, უმცროსები უბრალოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მეტი დრო ექნებათ
მათთან სამუშაოდ.

- თქვენი დაკვირვებით, კემპის მსვლელობისას რა მიიღეს ქართველმა ბავშვებმა?
- მოზარდებს დღითი დღე უფრო ეტყობოდათ მონდომება, კარგად გაიგეს, რას ნიშნავს დისციპლინა, რის გარეშეც დიდი კალათბურთის თამაში წარმოუდგენელია. პატარაობაში როგორც მიეჩვევი ვარჯიშს, ზრდასრულიც ისე მოიქცევი.

- თქვენც ახალგაზრდა წახვედით სლოვენიაში, თუ აღმოჩნდით დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე?
- რამდენად მოწესრიგებულიც უნდა იყო, უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ, ადაპტაციისთვის მაინც გჭირდება დრო. თავიდან არც ჩემთვის იყო იოლი "ოლიმპიას" მწვრთნელის დაწესებულ ჩარჩოებში მოქცევა.

მახსოვს, ერთ ეპიზოდში ისე არ მოვიქეცი, როგორც მწვრთნელს სურდა. ზმაგო საგადინმა ვარჯიში გააჩერა და ხმამაღლა დამიყვირა. ყველა გააჩერა და მითხრა - მეორედაც ასე მოიქცევი და ხვალვე შინ გაემგზავრებიო.

დიდ გუნდში ყოველთვის სამაგალითო დისციპლინა უნდა იყოს. ახალგაზრდა მოთამაშეს კი უნდა ესმოდეს, თუ სერიოზულად ფიქრობს კალათბურთზე, არაფერი უნდა დაიზაროს. 2-3 წლის განმავლობაში თვეები ისე გადიოდა, დასვენების დღე არ მქონდა. იცით, რას ვუძახდით დასვენებას? - ვარჯიშებზე ბურთის სასროლად რომ დაგვიბარებდნენ!

საკუთარი მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ქართველ ჭაბუკებს დავეხმარო იმის გაცნობიერებაში, რა გზას ადგანან.

უცხოური გუნდის ყურადღება იქ მოხვედრას არ ნიშნავს, ეს რთული გზის დასაწყისია. ჩვენს ბიჭებს "ბასკონიაში" მგლები დახვდებიან (ადგილობრივი კალათბურთელებიც, სლოვენიელებიცა და ლიტველებიც), თუ მზად არ იქნებიან, უბრალოდ შეჭამენ.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ადრეულ ასაკში უცხოურ კლუბებში ქართველი მოზარდების წასვლა?
- ამ პროცესს ორი მხარე აქვს. კარგ გუნდში, ნორმალურ პირობებში კალათბურთელების მოხვედრა როგორ არ უნდა გაგვიხარდეს?! მთავარია, განვსაზღვროთ, როგორ უყურებენ ჩვენებს კლუბები.

საამისოდ ყველაზე კარგი ინდიკატორი კონტრაქტია: ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება არასერიოზულად მიმაჩნია, თუ მოთამაშეში პერსპექტივას ხედავენ, კონტრაქტი მინიმუმ სამწლიანი უნდა იყოს. ასე იყო ჩემი, მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ნიკა ცქიტიშვილის შემთხვევაში...

- ყველა, ვინც ჩამოთვალეთ თინეიჯერულ ასაკში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე იყო...
- შესაძლოა, გამოცდილება არა გვქონდა, მაგრამ კალათბურთის თამაშიც შეგვეძლო და ლიდერობაც. ამასთან, მწვრთნელები შანსს გვაძლევდნენ, ბოლომდე გვენდობოდნენ.

თინეიჯერისთვის საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრა უწინდელზე გაცილებით რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყოველწლიურად მაინც უნდა გვყავდეს თუნდაც ერთი 17-18 წლის ჭაბუკი, რომელიც გამოცდილებას მიიღებს და ორ-სამ წელიწადში გუნდს სათანადოდ გამოადგება.

- რადგან საქართველოს ნაკრებზე გადავედით, ერთის დაზუსტებას გთხოვთ: იტალიელებმა დაწერეს, აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისის ოთხთა ტურნირზე საქართველო, ლატვია, იტალია და ისრაელი ითამაშებენო. ჩვენ ვიცოდით, რომ ესტონეთი უნდა ჩამოსულიყო.
- უბრალო შეცდომა მოუვიდათ - ისრაელი არ ჩამოვა, საქართველოს, იტალიისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად ესტონეთი ითამაშებს.

- ნაკრები შეკრების საწყის სტადიას სლოვენიაში ჩაატარებს. როგორც ჩანს, შარშან და შარშანწინ პოდჩეტრტეკში მომზადებით გუნდი კმაყოფილი დარჩა.
- ასეა. პირობებს თავი რომ დავანებოთ, სლოვენია ტერიტორიულად ძალიან მოსახერხებელ ადგილასაა და ბევრი ნაკრები არჩევს იქ მომზადებას. მათ შორის ბოსნია, რომელთანაც ორ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. სხვათა შორის, პოდჩეტრტეკის ბაზის მენეჯერი საქართველოშიც იყო ჩამოსული და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ხელბურთის ნაკრებმაც იქ გაიარა შეკრება.

- სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქეა. იქ როგორ შეხვდნენ ჯგუფში საქართველოსთან მოხვედრას?
- ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე დავუპირისპირდებით სლოვენიას. ეს მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. თუმცა გასახარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს ყველა სერიოზულად უყურებს. ბევრს ეშინია კიდეც და იცის, მაქსიმალურად თუ არ მოემზადება, ცუდი დღე დაადგება.

- სლოვენია თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც უნდა ჩამოსულიყო...
- თავიდან უარობდნენ, შორი გზაა, თან აგვისტოში თბილისში ძალიან ცხელაო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავითანხმეთ... თუმცა წილისყრამ ყველაფერი აგვირია - ევრობასკეტის მეტოქესთან ამხანაგურად გაჯიბრება სლოვენიელებმა აღარ ისურვეს.

- "მაიამის" სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი ნაკრებში ჩამოსვლაზე ყოყმანობს. თქვენი ინფორმაციით, ითამაშებს იგი ევრობასკეტზე?
- შესაძლოა, წინასწარ ვრცელდება ცნობა, თითქოს გორანი ნაკრებში ჩასვლას უარობს, მაგრამ ისეთი ადამიანია, ბოლოს მაინც ჩავა. ძალიან უყვარს სლოვენია. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტზე ორივე დრაგიჩი ითამაშებს.

- საქართველოს ნაკრებს წლეულს ამერიკელი ჯეიკობ პულენი დაუბრუნდება.
- თავიდანვე ითქვა, რომ უნდა შერჩეულიყო მათგან, ვისაც საქართველოს პასპორტი ჰქონდა. იგორ კოკოშკოვი ჯერ რიკი ჰიკმანს დაელაპარაკა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა. საბოლოოდ სწორედ პულენზე შეჩერდა არჩევანი. მას პლეიმეიქერადაც შეუძლია თამაში და მსროლელადაც. ასევე კარგად ისვრის სამქულიანებს.

მოკლედ, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა იცის, შედეგის მიღწევისთვის ვინ სჭირდება. პულენზეც იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ იცის, გამოადგება. 2012 წლის შემდეგ ჯეიკობმა ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშა და კიდევ უფრო გამოცდილი ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დათო, წაიკითხე კარგად!! ეგრე არ წერია!
jemala
09:29 03-05-2015
0
დავით, კარგად თუ დააკვირდები პირიქით ამბობს და რასაც ლაპარაკობს სრულიად მისაღებია. ახალგაზრდები არ მოდიან ნაკრებში.ალბათ ეს იმის ბრალია, რომ კოკოშკოვს შედეგს თხოვენ და ისიც ძველებს ეყრდნობა. თუმცა მწვრთნელი იმიტომ ხა, რომ გუნდის განვითარებაზე იზრუნო და გუნდი დააბალანსო.3-4 წელიწადში გამოცდილი კალათბურთელი აღარ დაგრვრჩებ, იგორა დაიხურავს ქუდს და წავა, ჩვწნ ვიყოთ ისე
დათოს
08:55 03-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული