მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ Sportall.ge-სთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიასა და გამგეობის წევრ თემურ დათიკაშვილის ბრალდებებს აბსურდი უწოდა.

შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციას ნორჩი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მოზარდების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

- კახა შენგელია და თემურ დათიკაშვილი მილიონობით ლარის არამიზნობრივ გახარჯვაში გდებენ ბრალს...
- ბრალდება ბრალდებაა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი
და, თანაც, მიზანმიმართული. ნათლად ჩანს, თუ რა მოტივაცია და სურვილები აქვს ამ ადამიანთა ჯგუფს - მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ.

ასევე, როგორც გამოჩნდა, აქვთ პირადი დაუკმაყოფილებელი ფინანსური თუ მორალური ინტერესები... ასე რომ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ და საზოგადო ჯიბეს, ხარჯს და გადარიცხულ თანხას ვერ განასხვავებენ, მათი ადგილი, მგონი, სხვაგანაა.

- ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მან კონტრაქტის დეტალები არ იცოდა. რატომ მოხდა ასე?
- კახა შენგელია ჩვენთან ერთად იმყოფებოდა იმ ადგილას, როდესაც ხელშეკრულებას ვაფორმებდით. ვისი ბრალია, თუ დეტალები არ იცოდა? მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იცოდა. უბრალოდ, ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი პიარ-აქცია საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

როცა კახა შენგელია აცხადებს, რომ მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ესეც ტყუილია - ის ამ წუთისთვისაც ვიცე-პრეზიდენტია.

მეორე პიროვნება, ვინც არის ამ საქმეში ჩართული, არის "ვითას" პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილი. მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა ჰქონდა ამ კლუბს ფედერაციისადმი, უკანონოდ დაგვეშვა სუპერლიგაში და, შესაბამისად, მიეღო დაფინანსება, მაგრამ უკანონოდ არავის მიღებას არ ვაპირებდით და დღესაც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.

დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად, როგორც იქნა, ჩავრთეთ ჩვენს "ვერტიკალში", დავაწყებინეთ "ა" ლიგაში თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს გადმოსვლა სუპერლიგაში. ამ ადამიანის და ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას განაწყენება გასაგებია, მაგრამ...

- ჩვენთან საუბარში, კახა შენგელიამ ნიკა დარბაიძე ახსენა. მისი თქმით, დარბაიძე ესპანეთში გატარებული ორი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და იმ საშინელი პირობების გამო, რომელიც მას იქ ჰქონდა, ესპანეთისკენ გახედვა აღარ სურს...
- ნიკას მშობელს დაელაპარაკეთ და ის ყველაფერს გეტყვით. ჯერ ერთი, ნიკა საქართველოში არ იმყოფება, ის 3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზეა ასტანაში ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, სადაც ორი თამაში მოვიგეთ...

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მომავალი წლიდან ის ისევ ელოდება კონტრაქტს. პირობები არის ძალიან კარგი. რომელიმე სოფლის გუნდზე კი არ ვსაუბრობთ... საუბარია "ლაბორალ კუჩაზე"! ძალიან სერიოზულ, კეთილშობილ და პატიოსან ხალხთან გვაქვს საქმე. ამ პერიოდში კი ასეთი განცხადებები სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავკარგოთ ნდობა, რომელიც დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ.

პრაქტიკულად, ხარჯის გარეშე ვზრდით კალათბურთელებს. ის თანხები, რომლებიც ირიცხება, არ არის ხარჯი - ეს არის თანხა, რომელიც გარანტირებულად დაბრუნდება ფედერაციის ანგარიშზე 5 წლის განმავლობაში. თუ არა და, ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც ფინანსურად არის დაზღვეული...

- ანუ კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტი არ არსებობს?
- არ არსებობს. ეს რისკები შესწავლილი აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალურ კომისიას, მათი თანხმობის გარეშე კი ამ პროექტს ვერ დავიწყებდით.

- დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
- აქეთკენ იყო ყველაფერი მიმართული. რა თქმა უნდა, არა! მით უმეტეს, ადამიანს, რომელიც ფედერაციის წარმომადგენელი არ არის, არ აქვს არანაირი უფლება ამის მოთხოვნის. არჩევნები მაშინ იქნება, როდესაც განსაზღვრულია - მომავალი წლის დეკემბერში. ნება იბოძონ და დაელოდონ ამ არჩევნებს!
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიხეილ გაბრიჩიძე არის უპატიოსნესი, უწესიერეს ადამიანი. ის მაქსიმალურად ცდილობს ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. რაც შენგელიამ და დათიკაშვილმა იკადრეს, ეს მხოლოდ მათ აკნინებს. სწორედ შენგელია-დათიკაშვილის პროექტი იყო "ვითა"-ს ვითიბი ლიგაში მონაწილეობა, რაზეც არაერთხელ გააფრთხილეს, რომ შერცხვებოდნენ. ასეც მოხდა, ყველა თამაში წააგეს, თანაც უმეტესობა სამარცხვინო სხვაობით. ახლა ცდილობენ თავიანთი შეცდომები სხვებს გადააბრალონ. მათი დევიზია: გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება. თუმცა უნდა შეიგნონ, რომ მათ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს.
ლაშა
22:34 02-06-2016
0
რატო უნდა დააფინანსონ ბულაშვილი გამაგებინეთ?,რა დამსახურება აქვს?,ცოტა გაუგებარია კონტრაქტის პირობები და ფედერაციამ გააკეთოს დეტალური განმარტება.
giorgi
00:45 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული