მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ

AutoSharing Option
დღეს, 6 ივნისს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რისი დასრულების შემდეგაც გამგეობის წევრებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე "სასკი ბასკონიასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა გამგეობის სხდომა სკანდალურად დატოვეს. ისინი ფედერაციას მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის
პარალელურად, კალათბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის წევრები მიხეილ გაბრიჩიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

მიხეილ გაბრიჩიძე:
"ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში როგორი შავი პიარ-კამპანია აგორდა ჩვენი ფედერაციის წინააღმდეგ. რაც ყველაზე დიდ წუხილს იწვევს, ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის წევრებმა დაიწყეს - იმ ადამიანებმა, ვისთანაც რამდენიმეწლიანი მეგობრობა მაკავშირებს და მიყვარს.

მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს ამ ქვეყანაში მეგობრობასა და  სიყვარულზე დიდი ფასეულობა და ზუსტად ამ ასპექტებმა გამოიწვია ეს.

დღეს შედგა გამგეობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 6 წევრი. მეშვიდე წევრი, ვლადიმირ ბოისა, არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ სრულიად იზიარებს სხდომის პათოსს. მან თქვა, ჩათვალეთ, ხელს ვაწერ ამ ყველაფერსო...

ფედერაციის გამგეობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა სკეფ-სა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. გამგეობის წევრთა საერთო მოსაზრებით, პროექტი კიდევ ერთხელ შეფასდა, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ და დიდი იმედების მომცემ წამოწყებად, გამომდინარე მისი ფინანსური რისკების შემცირებისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეუწყობს ხელს ქართული კალათბურთისთვის მაღალი ევროპული დონის მოთამაშეების აღზრდასა და მათ შემდგომ განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონები, თემურ დათიკაშვილი და კახა შენგელია ითვლებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წევრებად, სრულყოფილად ჰქონდათ გააზრებული გუნდის მიზნები და ამოცანები, მხარი დაუჭირეს საარჩევნო პროგრამას, ისინი სისტემატურად ცდილობდნენ ფედერაციის სტრუქტურებში, მათი სტატუსიდან გამომდინარე, პირადი ინტერესების გატარებას, რაც დაკავშირებული იყო საკალათბურთო ინფრასტრუქტურის (დიდუბის და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების) მათ პირად განკარგულებაში გადაცემასა და მათ მიერ დაფუძნებული საკალათბურთო კლუბ "ვითას" არამართლზომიერ ლობირებაში, რასაც, რა თქმა უნდა, კალათბურთის ფედერაცია ვერ გაიზიარებდა.

გამგეობისთვის გასაგებია, თუ რატომ ახდენენ ხსენებული ბატონები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის დისკრედიტაციას. გამგეობისთვის მიუღებელია მისი ყოფილი წევრების მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებული ფედერაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, შეგნებულად არასწორად მიწოდებული და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.

გამგეობა მოუწოდებს კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილს, შეწყვიტონ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და უარყონ მათ მიერ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

გაკეთდა განცხადება, რომ კახა შენგელია ტოვებს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ჩვენ მისი ეს განცხადება დავაკმაყოფილეთ, მაგრამ საჭიროა, რეესტრში მივიდეს და წერილობით თავად დაადასტუროს გადადგომის სურვილი. ასევე უნდა მოიქცეს დათიკაშვილიც, თუკი გამგეობის წევრობის დატოვება სურს.

ბოლო ვიზიტზე "ბასკონიაში" ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე, რომლებიც შეხვდნენ კლუბის ხელმძღვანელობას. ამ შეხვედრებზე, სპორტული ასპექტების გარდა, იყო საუბარი იმ ტექნოლოგიებზე, რითაც ვითარდება ბასკეთში კალათბურთი და გადაწყდა, შეიქმნას ბიზნესპროექტი, სადაც ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

ორი ბასკური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციის ჩადებით და მათ მუშაობაც დაიწყეს ამ მიმართულებით. ამ სკანდალმა კი, შესაძლოა, ამას ხელი შეუშალოს. ამიტომ ვთხოვ ყველას, კორექტულები ვიყოთ და პირადი ამბიციების გამო ნუ დავკარგავთ ყველაფერს - სჯობს თავი შევიკავოთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
"სასკი ბასკონიასა" და "ფონდ 5+11"-ის განცხადება ქართულ კალათბურთში მომხდარ ამბებზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს პროექცი საშუალებას იძლევა კალათბურთელებმა ევროპული წვრთნა მიიღონ და ეს აუცილებელია, თორემ ფაჩულია-სანიკიძე-მარკოიშვილის ნიჭიერი თაობა რომ წავა სპორტიდან ნამდვილად დიდი ჩავარდნა გველის და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ახალგაზრდების სათანადო დონეზე მომზადება. შენგელიას მამას რაც შეეხება, მგონია რომ უბრალოდ სკამი უნდა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებს შესწიროს. ვითა უაზროდ შექმნილი გუნდია და წესების გვერდის ავლით ნამდვილად არ უნდა მოხვდეს სუპერლიგაში, დიდუბის საკალათბურთო დარბაზს რაც შეეხება - დარწმუნებული ვარ კახა შენგელიაზე გაცილებით, გაცილებით მეტად მიხედავს ზაზა ფაჩულია და ამ კახადან განსხვავებით ზაზა ფაჩულიას ფულის საშოვად არ სჭირდება ეს კომპექსი
ქუთათური
11 ივნისი 2016 11:58
0
დადეთ გთხივთ ჩემი პოსტი უცენზუროს არაფერს ვწერ.
gamgebi
07 ივნისი 2016 16:58
0
კარგ ადამიანსაც აბრმავებს თანამდებობის დაკავების სურვილი, ასე რომ არ იყოს და კეტილსჰობილური ინტერესები ქონოდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კი არ მოითხოვდა, არამედ საზოგადოებას ამცნობდა დასაბუთებულ არგუმენტებს თუ რა ხდება და არა დაუსაბუთებელს, რაც ცრუ ბრალდებას ემსგავსება
Lazi
06 ივნისი 2016 17:30
0
აშკარაა რომ ამ ბატონების მიერ პირად დაინტერესებას აქვს ადგილი, საწყენი ისაა რომ ერთერთი თორნიკე შენგელიას მამაა და ეს თორნიკეს გამოსვლაზე ნაკრებში ცუდ გავლენას იქონიებს
Lazi
06 ივნისი 2016 17:24
0
მიშა არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი. გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალი ის არის ძალიან კარგი ადამიანი.
მე ვერ დავიჯერებ, რომ ის ფედერაციაში ფულს ფლანგავს, ვინც მის ოჯახს იცნობს მას ამის დაჯერება როგორც მინიმუმ გაუჭირდება.
კახა ყველასთვის საყვარელი კალათბურთელი იყო, მაგრამ მხოლოდ ზეპირი ბრალდება არ არის საკმარისი, ადგეს და თქვას სად იფლანგებოდა ფული, კონკრეტულად, დეტალურად, თორემ მარტო დაბრალება არ არის მტკიცებულება და არც კარგი საქციელია
გულშემატკივარი
06 ივნისი 2016 16:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული