"ბასკონიას" კემპი უკვე მეოთხედ ტარდება. პირველად ის 2015 წელს, "დინამოს" ბაზაზე გაიმართა და მასში 180-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ კემპში 160 კალათბურთელი გამოიცდება, რომელთა ასაკიც 12-16 წლებში მერყეობს.
ვარჯიშებს "ბასკონიას" სპეციალისტები ატარებენ, რომლებსაც დახმარებას უწევენ და ამით მდიდარ გამოცდილებას იღებენ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები - ირაკლი ძიძიგური, მიხეილ ბერიშვილი, ჯაბა ბაქრაძე,
"ბასკონიას" კემპი ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსში ტარდება. ორივე დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობს ვარჯიშები. ესპანელი მწვრთნელები ქართველ ახალგაზრდებს დილით და დღის მეორე ნახევარში ავარჯიშებენ.
პირველ ეტაპზე კემპში მონაწილეობას მიიღებენ 15-16 წლის კალათბურთელები, შემდეგ კი ასპარეზი 12-14 წლის მოზარდებს დაეთმობათ.
როგორც დასაწყისში ვთქვით, კემპის მიზანი პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენაა, რომლებსაც უფრო მაღალ ეტაპზე ასვლისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
ესპანელი მწვრთნელები შეარჩევენ 16 ახალგაზრდას, რომლებიც ივლისის თვეში ესპანეთის ქალაქ ვიტორია-გასტიესში, "ბასკონიას" ბაზაზე დაგეგმილ გენერალურ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. ვიტორიულ კემპში ქართველებთან ერთად იქნებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც "ბასკონიას" მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ თბილისის ანალოგიურ კემპებზე შეირჩევა.
სწორედ ვიტორიულ კემპზე დასახელდებიან ის მოთამაშეები, რომლებსაც "ბასკონია" კონტრაქტს გაუფორმებს და მომავალი სრულყოფა-განვითარებისთვის საკუთარ კლუბში დაიტოვებს.
"ბასკონიას" თბილისური კემპი 9 აპრილს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით