"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ვიტორიიდან წარმატებით დაბრუნებულ ქართველ ახალგაზრდებს თბილისის აეროპორტში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა.

17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებიც "ლაბორალ კუჩას" მწვრთნელებმა თბილისში მაისის ბოლოს გამართულ კემპზე შეარჩიეს, 2 კვირის განმავლობაში ესპანეთში იმყოფებოდა და 6 მათგანს ბასკებმა კონტრაქტი შესთავაზეს.

ლაშა მიქელაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და საბა გიგიბერია თბილისში დაბრუნდნენ, თუმცა საბუთების მოგვარების შემდეგ ახალი სეზონისთვის ესპანეთში გაემგზავრებიან და ვარჯიშს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ორგანიზაციაში - "ლაბორალ კუჩაში" გააგრძელებენ.

აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით აეროპორტში ბიჭების დასახვედრად
მისულმა მიხეილ გაბრიჩიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მეორე წელია, ჩვენ და ესპანეთის საკალათბურთო კლუბი "ბასკონია" აქტიურად ვთანამშრომლობთ. წლეულსაც ჩატარდა კემპი თბილისში, რომელშიც 60 ბავშვი მონაწილეობდა. მათგან შეირჩა 16, რომლებმაც ორი კვირით ესპანურ კემპზე ფასეული გაკვეთილი მიიღეს.

სახეებზე ეტყობათ დაღლილობა, თუმცა კმაყოფილები არიან. მშობლებსაც ვესაუბრე და ხაზი გაუსვეს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კემპები მათი შვილებისთვის.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბასკეთში 5-6 კალათბურთელი განაგრძობს კარიერას. ეს მათთვის ევროპულ კალათბურთთან, ევროპულ განათლებასთან ზიარებას ნიშნავს.

ესპანეთში ვარჯიში და თამაში მათ დაეხმარება პროფესიული თვისებების განვითარება-ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერი შედეგია. წარმატებები ბიჭებს! შენგელიას კომენტარი როგორია ამ წარმატებაზე???
ლუკა
13:18 20-07-2016
0
ძალიან მაგარია. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. ასეთ მაღალი დონის კლუბში ვარჯიში და სწავლა უკვე ბევრს ნიშნავს. 3-4 კალათბურთეკი თუ დარჩა ბასკონიაში, მართლა მიღწევაა.
ნიკოლოზი
01:54 20-07-2016
0

სიახლეები პოპულარული