ბასკონიას კემპი: ბასკეთის ქართველი ჩემპიონები

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში დასრულდა საკალათბურთო კემპი, რომელშიც 17 ქართველი მონაწილეობდა. გაირკვა 6 ჩვენიანის ვინაობა, რომლებიც ახალი სეზონიდან კარიერას ბასკეთში განაგრძობენ: ლაშა მიქელაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და საბა გიგიბერია.

შაბათს კემპი საზეიმოდ დაიხურა: "ბასკონიას" "ბუესა არენაზე" შეკრებილი მოზარდები ორგანიზატორებმა სიგელებით, მედლებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს. დასახელდა საუკეთესო კალათბურთელიც. თუმცა, სჯობს, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

- მწვრთნელებმა ჯგუფებად დაგვყვეს, რაც ნამდვილად კარგი იყო, რადგან საშუალება გვქონდა, თანაბარი ძალის მოწინააღმდგეებთან გვეთამაშა. დილაობით ვვარჯიშობდით, საღამოს კი თამაშები გვქონდა. ჯერ ჯგუფური
ეტაპის თამაშები ჩავატარეთ, შემდეგ იყო ნახევარფინალი და ფინალი, - გვითხრა დინამოელმა ნიკა კიშკომ, რომელსაც სამი ჯილდო ერგო. ერთი Skill Challange-ში (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, მონაცემთა შეჯიბრებაში) გამარჯვებისთვის, მეორე - საჯარიმოების კონკურსში, მესამე - ჩემპიონობისთვის.

საკალათბურთო ტურნირის ფინალში ირაკლი სულხანიშვილისა და ვოვა თავაქარაშვილის გუნდი დაუპირისპირდა ნახევრად ქართულ გუნდს: ირაკლი კილაძე, ბუკა ბეიქრიშვილი, ნიკა კიშკო, ალექსანდრე მერკვილაძე, ზურა ვაშაკიძე. საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელშიც მეტი ქართველი იყო.

როგორც გითხარით, კალათბურთელები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი. ერთი ნაწილი პავილიონში (სახელად "გიმნასია") ვარჯიშობდა, მეორე - "ბუესა არენასთან" მდებარე დარბაზში ("ბაკხი"). "ბაკხის" ჩემპიონი საბა მურღულიას გუნდი გახდა.

საკალათბურთო ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა სხვადასხვა სახის კონკურსი, რომელთაგან ორი ნიკა კიშკომ რომ მოიგო, უკვე მოგახსენეთ. სამქულიანების კონკურსსაც ქართველი გამარჯვებული ჰყავდა - ირაკლი სულხანიშვილი. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული გუნდის წევრი ალექსანდრე მერკვილაძე დაასახელეს. ყველაზე დიდი ემოცია სწორედ მისი გვარის გამოცხადებას მოჰყვა.

Sportall.Ge

კემპზე, ესპანელების გარდა, სერბი და ამერიკელი მწვრთნელებიც მუშაობდნენ. მათ ხშირად ვეკითხებოდით აზრს ქართველ კალათბურთელებზე. დადებითად ახასიათებდნენ და თითოეულ კალათბურთელს თავიდან ბოლომდე გვიშიფრავდნენ.

- ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ მწვრთნელები. თუმცა კარგად გვესმის, რომ ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ვცდილობთ ბოლომდე დავიხარჯოთ, შევასრულოთ მწვრთნელების მითითებები და ვითამაშოთ სწორი კალათბურთი. მადლობა ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო აქ ჩამოსვლაში, - აღნიშნა რატი ანდრონიკაშვილმა.

Sportall.Ge

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ კემპის ზედამხედველს, ბორხა კომანხეს. ქართველ და ბასკებს შორის სხვაობაზეც ვკითხეთ.

- ვიცი, ქართველებსა და ბასკებს შორის ბევრი ნახულობს მსგავსებას. მე საკალათბურთო მსგავსებაზე ვიტყვი: შეიძლება სამხრეთ ესპანეთში შედარებით მეტი ნიჭიერი კალათბურთელის პოვნა შეიძლება, მაგრამ მათ სხვა ხასიათი აქვთ, ცოტა სიზარმაცე ერევათ. ქართველებსა და ბასკებში შეიძლება იმდენი ნიჭი ვერ ნახოთ, რამდენიც სამხრეთ ესპანეთში, მაგრამ მნიშვნელოვანია ხასიათი. ქართველებსა და ბასკებს ერთნაირი, მებრძოლი ხასიათი აქვთ, თავს არ დაზოგავენ გამარჯვებისთვის. ეს მათ არა მხოლოდ თამაშებისას, ვარჯიშშიც ეხმარებათ.

მოვუსმინოთ ბასკეთში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, ვეტერან კალათბურთელ გივი ბიჭიაშვილს:

- "ბასკონიას" კემპმა ჩვენს ბავშვებს მისცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა. ეს არის ეტაპი, როცა უნდა გაიაზრონ, რომ პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად ბევრი შრომაა საჭირო. კემპზე ძლიერი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მართლაც ბევრს მუშაობდნენ, ადგილობრივ კალათბურთელებსაც ეჯიბრებოდნენ და დიდი გამოცდილება მიიღეს.

* * *
ესპანეთიდან დაბრუნებულ ქართველებს თბილისის აეროპორტში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დახვდათ, რომელმაც მოზარდებს წარმატებულად ჩატარებული კემპი და ესპანეთში მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალში წინსვლა და დიდ კალათბურთელებად ჩამოყალიბება უსურვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო კალატბურტელებს კი არა მწვრტნელებსაწ უნდა ქონდეტ სტაჯირება კოველ წლიურად
შოთა გუგეშაშვილი
10:39 20-07-2016
0
ზალიან საინტერესო წამოწყებაა. ბასკონიის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს.
კარგი იქნება მსგავს კონტრაქტებს სპორტის სხვა სახეობებიც თუ გააფორმებენ.
ლევანი
17:40 19-07-2016
0

სიახლეები პოპულარული