საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: "სოხუმმა" მოიგო, თუმცა მაინც "ბათუმი" გავა

AutoSharing Option
ამოცანით დავიწყოთ. მოცემულობა ასეთია: 20 იანვარს, საქართველოს თასის მეოთხედფინალში "სოხუმმა" "ბათუმი" 23 ქულის სხვაობით დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

შეკითხვა: რომელ გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი?

ერთი შეხედვით, პასუხის გაცემა იოლია - ნახევარფინალთან გაცილებით ახლოს "სოხუმია", მაგრამ ეს პასუხი არ არის სწორი - მომდევნო ეტაპზე "ბათუმი" გავა, გუნდი, რომელსაც განმეორებითი მატჩის წინ 23-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს აღმოსაფხვრელი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

სიტუაციაში გასარკვევად "სოხუმის" სნაიპერის, ირაკლი ჩლაიძის კომენტარს (ორშაბათს, მატჩის შემდეგ ჩავწერეთ) გავეცნოთ:

"ვულოცავ "სოხუმის" ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ოთხი თვეა, ხელფასი არ მიგვიღია და მინდა გუნდის პრეზიდენტს, ბატონ მინდია გულუას თხოვნით მივმართო...

ყველას გვინდა, კიდევ უკეთესად გავისარჯოთ, თუმცა ძალიან ძნელია შეინარჩუნო მოტივაცია, როცა თვეების განმავლობაში ხელფასი არ მიგიღია. ამიტომ განმეორებითი მატჩისთვის ბათუმში ვერ ჩავალთ.

გუნდს არც გასამგზავრებლად საჭირო ავტობუსის ფული აქვს და არც კვების..."

რა ელის გუნდს, რომელიც თასის მატჩზე არ გამოცხადდება? დებულებაში ვკითხულობთ:

"იმ შემთხვევაში, თუ გუნდი არ გამოცხადდება ან უარს იტყვის ნებისმიერი ეტაპის ცალკეულ თამაშზე, ან მატჩის გაგრძელებაზე, ავტომატურად მოიხსნება საქართველოს თასის გათამაშებიდან და ჯარიმდება 3500 ლარით".


20 იანვარი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 109:86
29:14, 34:18, 17:24, 29:30
სოხუმი: ივანიჩი (5ქ, 6პ), ჩლაიძე (23ქ, 5პ), შვანგირაძე (16ქ), ბააკაშვილი (15ქ), ქადარია (29ქ, 5პ, 2დ), საიმონსი (8ქ, 15მ, 4პ), ბექაური (13ქ, 7მ).
ბათუმი: მაისურაძე (6ქ, 5მ), ნინუა, კეშელავა, კობიძე (2ქ), ბოლქვაძე (2ქ, 5მ), ელიაძე (5მ), ქეიდუგანი (27ქ, 6მ, 5პ), სეფოლდი (31ქ, 15მ, 4პ), ჯექსონი (18ქ, 11მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი

შესავალში "სოხუმის" მდგომარეობაზე საკმარისად დავწერეთ, თუმცა მძიმე სიტუაცია კალათბურთელებს მოედანზე ნამდვილად არ დასტყობიათ. მათ ძალიან უნდოდათ მოგება და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, თუმცა "ბათუმის" სახით სერიოზული მეტოქე ჰყავდათ.

ტანმაღალი თუ ტანდაბალი, ყველა სოხუმელი ერთბაშად მაღალი შედეგიანობით სტყორცნიდა და საწყისი 20 წუთის შემდეგ 12 რეალიზებული სამქულიანი დაუგროვდათ. ეს ძალიან ბევრია, თუმცა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ის იყო, რომ პირველ ტაიმში სოხუმელებმა სამიანი 18-ჯერ ისროლეს.

ასეთ მაჩვენებლებს შედეგიც შესაბამისი მოჰყვა - ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები თითქმის ორმაგი სხვაობით, 63:32 დაწინაურდნენ და მეორე ნახევარში დიდი მონდომების მიუხედავად, ბათუმელებმა მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შეძლეს.

არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მათ აკლდათ მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე, ახალგაზრდა ქართველი გამთამაშებელი ნიკა რამიშვილი და მეფარე ავთანდილ ელიაშვილი.

თავის მხრივ, "სოხუმი" სასტარტო გამთამაშებლის, ჯოშუა ჯექსონის გარეშე თამაშობდა, რომელმაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალის შემდეგ მსაჯის შეურაცხყოფისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

20 იანვარი, თბილისი
ოლიმპი-დინამო 54:64
4:17, 22:11, 14:22, 14:14
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (10ქ, 5მ, 3პ), მიქელაძე (9ქ, 4პ), ხანიაშვილი (6ქ), თენიეშვილი (4ქ), ათანელიშვილი (2ქ), ჩიტაშვილი (3ქ), ალხანაიძე (2ქ, 5მ), მათიაშვილი (15ქ, 11მ), ხიზანიშვილი (3ქ).
დინამო: გამყრელიძე (7ქ, 5მ, 5პ), ს. ლეჟავა (1ქ), კარტერი (9ქ, 6მ), ბ. ლეჟავა (9ქ, 4პ), ლილუაშვილი (4ქ), მილოშევიჩი (20ქ, 16მ), პეშიჩი (10ქ, 7მ), ჭოჭუა (2ქ), ანთაძე (2ქ), ორმოცაძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი.

"ოლიმპი"-"დინამოს" მატჩის დაწყებამდე დარბაზში გამოჩნდა ბოშკო სტოიაკოვიჩი, რომელიც გასულ სეზონში "სოხუმის" ღირსებას იცავდა. შეიძლება იფიქროთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მასზე ზემოთ, "სოხუმი"-"ბათუმის" მატჩის მიმოხილვაში დაგვეწერა, მაგრამ ნუ ავჩქარდებით, სტოიაკოვიჩი "დინამოს" ეკიპირებით გამოცხადდა.

"ბოშკო ქართველ გულშემატკივარს შარშანდელი სეზონიდან ემახსოვრება და ალბათ, დაგვეთანხმება, რომ მაღალი დონის კალათბურთელია. იგი ჩვენს გუნდს სათანადოდ გააძლიერებს. მიმდინარე სეზონში სტოიაკოვიჩი ბოსნიის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანად გამოდიოდა",
- გვითხრა "დინამოს" თავკაცმა ირაკლი ხოშტარიამ. მან 20 იანვრის შეხვედრაში ახალწვეული არ ათამაშა, თუმცა მის გარეშეც დაამარცხა "ოლიმპი".

არაერთხელ დავწერეთ პირველი წრის შემდეგ "ოლიმპის" გაძლიერებაზე. რამდენად უკეთეს გუნდად იქცა, ეს თასის მეოთხედფინალის პირველივე მატჩში უნდა გამოჩენილიყო, რომელშიც ოლიმპელები პირველობის ფავორიტ "დინამოს" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის დასაწყისში დინამოელთა დაცვას მეტოქემ ბზარი ვერ მოუძებნა. შესაბამისად, მაყურებელმა იხილა 16:0 სპურტი ირაკლი ხოშტარიას შეგირდების შესრულებით (დიღმელები 16:2 დაწინაურდნენ). მისმა ვიზავიმ, დავით თორთლაძემ ამის შემდეგ გამოაფხიზლა გუნდი, პირველ რიგში აგრესიული, მტკიცე დაცვა დააყენა და სხვაობაც უმალ შემცირდა - 23:25.

ამის მერე მსგავსი დიდი გაქცევები აღარ გვინახავს და მატჩიც მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. მესამე პერიოდში შედარებით გამოცდილმა "დინამომ" 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა, რაც მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

20 იანვარი, თბილისი
შსს აკადემია-ქუთაისი 79:76
19:19, 21:15, 22:24, 17:18
შსს აკადემია: ჩიკვილაძე (10ქ), ლაფანაშვილი, ბოქოლიშვილი (10ქ, 3პ), ლონდარიძე (10ქ), ილიჩი (24ქ, 18მ), ლომოური (6ქ, 6მ), ბრაუნი (17ქ, 7მ, 5პ), როგავა (2ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (16ქ, 7პ, 5მ), გრძელიძე, დიდია (4ქ), ცეკვავა (15ქ, 7პ), დ. ბარბაქაძე (4ქ, 4პ), ლომინაშვილი (5ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (6ქ), ა. დვალიშვილი (26ქ, 12მ, 3დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

მეოთხედფინალებიდან ყველაზე დრამატული "შსს აკადემიასა" და "ქუთაისის" ჯახი გამოდგა. თავად განსაჯეთ: საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ტაბლოზე 73:73 ეწერა.

მატჩის დასრულებას 1:06 წუთი უკლდა, როცა ქუთათურთა ფარქვეშ კარგად დატრიალდა ტანმაღალი ცენტრი მილე ილიჩი და მასპინძლები დააწინაურა - 75:73. ილიჩმა ამას ორი ზუსტი საჯარიმოც მიაყოლა და "ქუთაისმა" ბოლო 45 წამში თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო, თუმცაღა ლევან ცეკვავამ სამქულიანის რეალიზება კი მოახერხა. ბოლო წამებზე საჯარიმოს ხაზიდან უშეცდომოდ ისროლა შსს-ს გამთამაშებელმა პერიშ ბრაუნმა.

ცხადია, ორი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. არჩილ ჟღენტის ყველა შეგირდმა თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, თუმცა ხაზი მაინც უნდა გავუსვათ ბრაუნის 17 ქულასა და ილიჩის 24-18 ქულა-მოხსნას.

ეს კალათბურთელები "შსს აკადემიას" მაისურით სადებიუტო მატჩს ატარებდნენ და დღესვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის უთუოდ საინტერესო მოთამაშეები არიან.

ილიჩმა დაგვანახვა გამოცდილება და სერბული სკოლის მრავალმხრივობა, ხოლო ბრაუნი, ბევრი ამერიკელი კალათბურთელისგან განსხვავებით, მოთავისე არ ჩანს, საჭირო დროს საჭირო ადგილას პასს არ აგვიანებს.

20 იანვარი, რუსთავი
რუსთავი-არმია 81:64
19:14, 18:14, 21:17, 23:19
რუსთავი: მაჭავარიანი (12ქ, 5მ, 6პ), არწივიძე, ხმელიძე (17ქ, 6მ, 4პ), აბაიშვილი (14ქ, 5პ), ჩაჩანიძე (7ქ), ყველაშვილი (6ქ), გუგავა (12ქ), ათუაშვილი (13ქ, 15მ, 5პ).
არმია: ბაბუნაშვილი, ბაბიაშვილი (5ქ, 5მ), ბოისა (10ქ, 9მ), ბერიშვილი (16ქ, 4პ), ჯგერენაია (7ქ, 7მ), წივწივაძე (15ქ, 3პ), ტუჯანი (6ქ, 10მ), ჩაჩიბაია (3ქ, 6მ), კეიდია (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი, ი. ბერიშვილი.

"არმია" ლატვიური შეკრებიდან ახლახან დაბრუნდა. როგორც მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუშის ასისტენტმა ბუბა ბერიშვილმა გვითხრა, გუნდში დანაკლისია - კუნთი აქვს დაზიანებული ბუბა კვიმსაძეს, ხოლო გიორგი შარაბიძეს ფეხი გადაუბრუნდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდებიან მოედანს.

ძნელი სათქმელია, ამ ორი კალათბურთელის არყოფნამ იმოქმედა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია, რუსთავში არმიელებზე უკეთესად მასპინძლებმა ითამაშეს.

"რუსთავმა" მაღალი შედეგიანობით სტყორცნა თამაშიდან - 9 სამქულიანი და 20 ორიანი (ჯამში 46.8-პროცენტიანი სიზუსტით). ამ კომპონენტში "არმიას" კალათბურთელთა მაჩვენებელი 31.1 პროცენტი იყო.

ასე და ამგვარად, განმეორებითი მატჩების წინ ასეთ სურათს ვღებულობთ: "არმიას" 17-ქულიანი სხვაობა აქვს აღმოსაფხვრელი, "ქუთაისს" - 3, "ოლიმპს" - 10, ხოლო "ბათუმს" 23-ქულიანი (თუ "სოხუმი" ჩავიდა). ნახევარფინალში ის გავა, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკეთესი მაჩვენებელი ექნება.

საპასუხო შეხვედრები
22 იანვარი
ბათუმი
17:00 ბათუმი-სოხუმი

ქუთაისი
18:00 ქუთაისი-შსს აკადემია

23 იანვარი
თბილისი
18:00 არმია-რუსთავი
20:00 დინამო-ოლიმპი

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული