"სოხუმმა" და რობინჰუდსონმა "მინსკი" გაათექვსმეტეს

AutoSharing Option
4 ოქტომბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
სოხუმი-მინსკი 94:78
28:24, 26:16, 17:21, 23:17
3400 მაყურებელი
მსაჯები: სპირიდონ გონტასი (საბერძნეთი), იაარი რაინიში (ისრაელი), სერგეი ტისლენკო (მაკედონია)

"სოხუმის" ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი  შედეგით კმაყოფილია, ხოლო თამაშით არა და განმეორებით შეხვედრას დიდი სიფრთხილით ეკიდება:

- დღეს მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი წინაა - ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპი ორი მატჩისგან შედგება და ახლა ბელარუსში მოგვიწევს მოედანზე საკუთარი უპირატესობის  დამტკიცება. 16 ქულიანი სხვაობა დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს, რადგან წინ არაერთი მაგალითია, როცა გაცილებით დიდი სხვაობა ვერ შეუნარჩუნებიათ. ერთ-ერთმა უკრაინულმა
გუნდმა შინ 27 ქულის სხვაობით მოიგო, დამშვიდდა და სტუმრად 29 ქულით დამარცხდა.

***
შესავალი ცოტა "ფრთხილი" გამოგვივიდა, საჭიროცაა "თავი ქუდში" არ უნდა დავიგულოთ და განმეორებით მატჩს სათანადოდ კონცენტრირებულები შევხვდეთ. თუმცა არც ემოციების შეკავება ვარგა: "სოხუმმა" ხომ "მინსკი" 94:78 დაამარცხა და ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იქ მოხვედრა ნიშნავს მინიმუმ ექვს ევრომატჩს და საქართველოში კალათბურთის დაბრუნებას. 2002 წლის შემდეგ ხომ ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქართულ გუნდსაც არ უთამაშია. მაშინ "დინამო" ჩელენჯ თასზე, გამოდიოდა ახლა კი არის პერსპექტივა ერთბაშად ორი ქართული გუნდი ვიხილოთ ჯგუფში - "არმია" ევროჩელენჯს საკვალიფიკაციოს გაუვლელად იწყებს.

***
აინარს ბაგაცკისს, რომელიც პარალელურად ლატვიის ეროვნულ გუნდს წვრთნის, გაცილებით მეტი არჩევანი აქვს კლუბში, ვიდრე - ნაკრებში: "სოხუმისთვის" კანდიდატები ევროპაში გაბნეული უამრავი ამერიკელიდან უნდა აერჩია. გემოვნებიან მწვრთნელებს კი გუნდის სწორად დაკომპლექტება არ ეშლებათ.

ბაგაცკისმა სწორედ ისეთი ამერიკელები დაიმატა, რომლებიც სჭირდებოდა:
პიერ პირსი ლაშა ფარღალავას გამთამაშებლობასა და მსროლელობას უცვლიდა. მწვრთელმა მატჩის შემდეგ პიერს კომპლიმენტი უძღვნა:
- საერთოდ, კალათბურთელების გამორჩევა არ მახასიათებს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა პირსის გარჯას, რომელმაც 10 ქულის პარალელურად 11 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა.

ვიდრე დანარჩენ ამერიკელებზე დავწერდეთ, ფარღალავას შესახებ ვთქვათ. მართალია, დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა, მაგრამ მწვრთნელისგან ასეთი შეფასება დაიმსახურა:
- ლაშამ დაცვაში ნაყოფიერად იმუშავა, გუნდს მისი აგრესიულობა ძალიან დაეხმარა, თუმცა მიიღო ორი ჯარიმა და მას მერე იმიდენად აგრესიული ვერ იყო. ასეთი დონის ტურნირებში გამოსვლა  სამომავლო წინსვლაში ძალიან დაეხმარება.

ფრენკ რობინსონი ტიპიური მსროლელი ჩანს. პრესკონფერენციაზე მას რობინჰუდსონიც უწოდეს. ბოლო წუთებზე ჩაგდებულ მნიშვნელოვან სამქულიანსა და 27 ქულაზე რომ არაფერი ვთქვათ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფრენკის პერიმეტრიდან ტყორცნის პროცენტული მაჩვენებელი: 5-დან 5 სამქულიანი გამოიყენა (ეს ის შემთხვევაა, როცა პროცენტს გამოთვლა არ უნდა). სწორედ ეს ევალება მსროლელს. რობინსონმა პრესკონფერენციაზე თავმდაბლად თქვა:
- 27 ქულა მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, თანაგუნდელებმა სათანადოდ შემიწყვეს ხელი. დღეს გუნდური თამაშის წყალობით მოვიგეთ.

ბრენდონ გაის დაყენებული სროლა აქვს, რაც გუშინაც გაამტკიცა: 4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. იკითხავთ, მეტი რატომ არ ისროლა? პასუხი მარტივია - ვერ მოიცალა, რადგან შეტევასა თუ დაცვაში დიდი მოცულობის შავი სამუშაო შეასრულა. მწვრთნელი გაის მსუბუქ ფორვადრადაც ათამაშებდა და მძიმე თავდამსხმელედაც.

იტალიის "ბიელადან" ჩამოსული მარკ სალიერსიც ორ ამპლუას ითავსებდა - ცენტრობასა და მძიმე ფორვარდობას. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, იდგა თუ არა მოედანზე სერგო ათუაშვილი. გუშინაც დავწერეთ: ფარქვეშ ბრძოლის გარდა სალიერსს სამქულიანების სროლაც ხელეწიფება-თქო. მან ეს მეოთხე პერიოდის დასაწყისშიც დაამტკიცა და "სოხუმის" უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა (77:63).

ცენტრის პოზიციაზე ბაგაცკისმა 222 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი ბოლო მომენტში დაიმატა, მაგრამ დროის სიმცირის მიუხედავად მისი ბოლომდე გახსნა მოახერხა: სერგომ 8-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და 18 ქულით "სოხუმის" ვიცე-ბომბარდირი გახდა. მატჩის ბოლოს მას ფეხი გადაუბრუნდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ ჩანს.

გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ლევან ფაცაციამა და ირაკლი ჩლაიძემ.

***
რადგან "სოხუმის" ახალი კალათბურთელები საქმეში პირველად ვნახეთ, ამიტომაც დავუთმეთ დიდი ადგილი თითოეულის დახასიათებას. მატჩის სცენარზე კი ზოგად წარმოდგენას "მინსკის" გამთამაშებლის, ჯულიუს ჰოჯის სიტყვები გვიქმნის:
- მასპინძლებმა დღეს ჩვენზე აგრესიულად ითამაშეს და ამიტომაც გაიმარჯვეს. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც განმეორებით მატჩში უნდა გამოვასწოროთ. მეტოქემ ფარქვეშაც გვაჯობა (მოხსნებში 46:36 "სოხუმმა" იმარჯვა).

ბელარუსების თავკაცი ანდრეი კრივონოსმა დასძინა:
- ნერვიული თამაში იყო, რაც სეზონის პირველი ოფიციალური მატჩებისთვის დამახასიათებელია. "სოხუმმა" 94 ქულა ჩააგდო, ჩვენ - 78. ამდენი ბურთის გაშვება ერთი გუნდისთვისაც დაუშვებელია და მეორესთვისაც. დაცვაში თამაში თუ არ გავაუმჯობესეთ, განმეორებით შეხვედრაში 16 ქულიანი სხვაობის გაბათილება გაგვიჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.

მატჩის შემდეგ ლაშა ფარღალავა გახარებული იყო:
- ვცდილობდით მწვრთნელის მითითებები სწორად შეგვესრულებინა. საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის სასახლეში მოსულ ქომაგს, რომელიც გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა. ახლა "მინსკს" უკეთესად ვიცნობთ და განმეორებითი თამაშის წინ სათანადოდ მოვემზადებით. უპირატესობა ჩვენს მხარესაა. მთავარია, "სოხუმი" დაბრუნდა.

ბოლოს ერთ კურიოზზე შევჩერდებით: ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ხუთეულში პირსი, რობინსონი, ფარღალავა, გაი და ათუაშვილი დააყენა, მაგრამ მსაჯებმა ყველა ამერიკელისა და ათუაშვილის მოედნიდან გამოყვანა მოსთხოვეს. ბაგაცკისს სხვა გზა არ ჰქონდა ხუთეულში გაფრინდაშვილი, ჩლაიძე, ფარღალავა, სორდია და ქადარია გაამწესა. სიტუაციაში მწვრთნელმა გაგვარკვია:
- მატჩის წინ ხუთეული გვარების მიხედვით დავასახელე. როგორც აღმოჩნდა, იმ ფურცელზე რომელზეც ჩემს მიერ გამოცხადებული ჩაიწერეს და ფიბას განაცხადში კლათბურთელებს სხვადასხვა ნომრები ჰქონდათ. ამიტომ, ხუთეულის წევრების მოედნიდან გამოყვანა მომიწია და სხვებთან ერთად თამაშში კოჭმტკივანი სორდიაც ჩავრთე.

განმეორებითი თამაში 11 ოქტომბერს მინსკში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული