ევროჩელენჯი. IV ტური: დღეს "არმია" გერმანიაში იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩს სიახლით ხვდება - დაემატა ამერიკელი უკანახაზელი კლიფტონ ჰოუკინსი. ეს ინფორმაცია პირველად გერმანული "გოტინგენის" საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც ჩანს, ინფორმაციული თვალსაზრისით, გერმანელები ჩვენზე წინ არიან, თუმცა მთავარია, რომ სატურნირო ცხრილში ვერ გვჯობიან: "გოტინგენს" სამი ტურის შემდეგ ერთი მოგებაც არ აქვს, ხოლო "არმია" 2 გამარჯვებით მეორე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

დავუბრუნდეთ ქორიძეს... უფრო სწორად ჰოუკინსს (Hawk ქართულად ქორია), რომელიც 1981 წელსაა დაბადებული და 181 სმ სიმაღლისაა. დოსიეშიც ნახავთ, რომ ევროპის არაერთი
კლუბი გამოუცვლია, 2010 წელს კი კლიფტონი გიორგი ცინცაძის თანაგუნდელი იყო პოლონურ "სოპოტში". გასული სეზონი "არმიას" ახალწვეულმა პოლონეთში, "პოზნანში" გაატარა.

გამთამაშებლის დამატება გამართლებული ნაბიჯია, რადგან NBA-დან დროებით წამოსული სანდიატა გეინსი მალე ამერიკაში დაბრუნდება, რადგან ლოკაუტი დასრულდა და მისი "ნიუ ჯერსი" ახალი სეზონისთვის მზადებას დღე-დღეზე შეუდგება. ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰოუკინსი საქართველოს ჩემპიონისთვის ბოლო შენაძენი არ იქნება.

კლიფტონ ჰოუკინსი
აშშ
დაიბადა: 1981 წელს.
სიმაღლე: 1981 სმ.
პოზიცია: გამთამაშებელი

კარიერა
2000-04 კენტუკი (NჩAA)
2004 კასერტა (იტალია)
2005 იაკიმა სანი (იაპონია)
2005-06 დოდჯ სიტი (აშშ)
2006 ფავეტევილ პატრიოტსი (აშშ)
2006-07 ზაგრები (ხორვატია)
2007 სელჩუკ უნივერსიტეტი (თურქეთი)
2007-08 ფენიქსი (იაპონია)
2008-09 კვიზინი (პოლონეთი)
2009-10 სოპოტი (პოლონეთი)
2010-11 პოზნანი (პოლონეთი)
2011-12 არმია (საქართველო)

* * *
"გოტინგენის" ოფიციალურ საიტზე მომავალ შეხვედრას საინტერესო სტატია მიეძღვნა, რომელიც ჩვენი გაზეთის მკითხველსაც დააინტერესებს.

"29 ნოემბერს "გოტინგენი" საქართველოს ჩემპიონ "არმიას" შეხვდება, რომელიც გერმანიაში მეტად თავდაჯერებული ჩამოვიდა. არმიელები საქართველოს ჩემპიონატში ჯერაც დაუმარცხებელნი არიან, ბოლო ტურში სტუ-ს 112:71 მოუგეს. ქართული კლუბი ევროჩელენჯზეც წარმატებით ასპარეზობს: პირველ ტურში "გოტინგენს" სძლია, შემდეგ "ბეშიქთაშთან" დამარცხდა, ხოლო მესამე ტურში ჰოლანდიურ "ლეიდენს" აჯობა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ევროჩელენჯის B ჯგუფში მეორე ადგილზეა.

"გოტინგენს" გერმანიის ჩემპიონატში 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ევროჩელენჯზე კი სამივე წაგება აქვს და დიდი ხანია, გამარჯვება არ მოუპოვებია. საქართველოში გამართული პირველი მატჩიდან გამომდინარე "გოტინგენის" მწვრთნელ სტეფან მიენაკს იმედი აქვს, რომ წაგებათა სერიას ბოლოსდაბოლოს წერტილი დაესმევა.

- თბილისში 76:82 დავმარცხდით. იმ შეხვედრაში დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ. განმეორებით მატჩში კი ჩვენი ამოცანა მეტოქე უკანახაზელთა თამაშიდან გამოთიშვა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ფარქვეშ უპირტესობის მოპოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. თბილისში სროლის სიზუსტით გამოირჩა რობერტო მარფა, რომლისგან გერმანიაშიც ასეთივე თამაშს ველით, - აღნიშნა "გოტინგენის" თავკაცმა სტეფან მიენაკმა."

მასპინძლები სამ წამყვან კალათბურთელს მოისაკლისებენ: ლუის დეილის, ნიკო ადამჩიკსა და მარკო გრიმალდის. ბოლო ორს არც საქართველოში უთამაშია, დეილი კი გუნდის წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და დიდი ხნით მოუწევს უქმობა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ "გოტინგენს" დაუბრუნდა კაილ ბეილი. იგი გუნდს თბილისში არ ჩამოჰყოლია, ბოლო ტურში, "ბეშიქთაშთან" კი 19 ქულას მოუყარა თავი.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და კალათბურთელთა ხარისხის მიხედვით "არმია" გერმანიაშიც ფავორიტია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გამარჯვება 100 პროცენტით ჯიბეში აქვს, რადგან მოგებას მოწყურებული "გოტინგენი" ბრძოლით შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის გახარებას.

* * *
აქვე, კიდევ ერთი მეტოქის ამბავს მოგახსენებთ. სემიჰ ერდენს ტრავმა აქვს და "ლეიდენთან" საშინაო მატჩში ისედაც არ ითამაშებდა, NBA-ს ვარსკვლავი დერონ უილიამსი კი ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება, აბგას ალაგებს და სათათამაშოდ აღარ სცალია. დერონმა თავის "ტვიტერში" დაწერა:

- "ბეშიქთაშში" ბოლო შეხვედრა პარასკევს ჩავატარე. სამშაბათს, "ლეიდენთან" შეხვედრისასაც დარბაზში ვიქნები, მაგრამ არ ვითამაშებ, მხოლოდ თანაგუნდელებს ვუქომაგებ."

ასე რომ, უილიამსის თბილისში ხილვის იმედიც ლოკაუტთან ერთად გაქრა.

ევროჩელენჯი. IV ტური
B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბეშიქთაში 3 3 0 294/234 6
2. არმია 3 2 1 238/250 5
3. ლეიდენი 3 1 2 209/231 4
4. გოტინგენი 3 0 3 241/267 3

I ტური
არმია-გოტინგენი 82:76
ლეიდენი-ბეშიქთაში 58:86

II ტური
ბეშიქთაში-არმია 103:82
გიოტინგენი-ლეიდენი 71:80

III ტური
არმია-ლეიდენი 74:71
ბეშიქთაში-გოტინგენი 105:94

IV ტური
29 ნოემბერი
22:30 გოტინგენი-არმია
23:00 ბეშიქთაში-ლეიდენი

6 დეკემბერი
18:00 არმია-ბეშიქთაში

7 დეკემბერი
23:00 ლეიდენი-გოტინგენი

13 დეკემბერი
22:30 გოტინგენი-ბეშიქთაში
23:30 ლეიდენი-არმია
(მითითებულია თბილისის დრო)

გოტინგენი VS არმია
გუნდური სტატისტიკა
80.3 ქულა 79.3
51.1% 2-ქულიანი 48.8%
42.4% 3-ქულიანი 32.9%
68.1% საჯარიმო 69.4%
8.0 შეტ. მოხსნა 15.0
23.0 დაც. მოხსნა 26.3
31.0 მოხსნა 41.3
14.3 პასი 16.3
14.3 შეცდომა 12.7
4.3 ჩაჭრა 7.0
3.3 დაფარება 4.3
25.0 ფოლი 16.3

გოტინგენი VS არმია
ინდივიდუალური სტატისტიკა
16.3 საიკსი ქულა გეინსი 19.0
9.0 ევანსი მოხსნა ტომასი 11.7
3.7 ჰორნი პასი დიასი 6.0
2.0 ევანსი ჩაჭრა დიასი 2.0
1.3 მარფა დაფარება შელბომი 2.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არმია იგებს, 29-44. (II) ბეშიქთაში-ლეიდენი კი 55-55...
დევიდ აირონს
23:26 29-11-2011
0
პირდაპირი რეპორტაჟი რომელ არხზე იქნება ?
გიორგი ხარშილაძე
22:28 29-11-2011
0

სიახლეები პოპულარული