არმია-ბეშიქთაში 75:77 - აი, ნამდვილი კალათბურთი!

AutoSharing Option
გუშინ, სპორტის სასხლეში შეკრებილმა 10 ათასმა გულშემატკივარმა მაღალი დონის კალათბურთი იხილა.

"არმიამ" და "ბეშიქთაშმა" ბოლო წამებამდე თანაბრად იბრძოლეს. საფინალო სირენამდე წამით ადრე ევროლიგაზე გამოცდილი დევიდ ჰოუკინსის ორქულიანმა გამარჯვება თურქებს მოუტანა.

ამის მიუხედავად "არმიას" ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს, რისთვისაც დღეს გასამართ "ლეიდენი"-"გოტინგენის" შეხვედრაში სტუმრების მოგებას უნდა დაელოდოს. თუ "გოტინგენმა" ვერ მოიგო, მაშინ "არმიას" 13 დეკემბერს ჰოლანდიაში "ლეიდენის" დამარცხება მართებს. ან მაქსიმუმ ორი ქულის სხვაობით უნდა წააგოს, რადგან ამ გუნდების თბილისური შეხვედრა 3-ქულიანი უპირატესობით ქართულმა
გუნდმა მოიგო (74:71).

10 წამი
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასმული ყველაზე აქტუალური კითხვა ასე ჟღერდა: უნდა აეღო თუ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ჯარიმა მაკედონიასთან მატჩის ბოლოს? - სირენამდე 16 წამით ადრე ბო მაკალებმა შემოგვიტია, 2 ქულა ჩააგდო და 65:63 დაგვამარცხა.

სწორედ საქართველო-მაკედონიის მატჩს იხსენებდნენ გულშემატკივრები "არმია"-"ბეშიქთაშის" გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ. საფუძველი ჰქონდათ: თამაშის დამთავრებას 10 წამი უკლდა, როცა წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა ბეშიქთაშელმა დევიდ ჰოუკინსმა ბურთი მიიღო, 9 წამი "აკაკუნა", ახტა, ისროლა, ჩააგდო და 77:75 სტუმართა სასარგებლოდ. არმიელებს შეტევისთვის 1 წამი დარჩათ, თუმცა მეტიუ ფრეიემ პერიმეტრიდან უხერხულად ისროლა და ბურთმა მიზანს არ მიაღწია.

უნდა დაევალებინა "არმიას" მწვრთნელ კოტე ტუღუშს შეგირდებისთვის ჰოუკინსზე დაჯარიმება, რათა ორი თავისუფალი ტყორცნის შემდეგ შეტევისთვის რამდენიმე წამი დარჩენოდა? ამ კითხვას თავად მწვრთნელმა მატჩის შემდეგ უპასუხა:
- ძნელია, როცა თამაშის ბედი ბოლო წამებზე წყდება, მოედანზე კი ახალი, გუნდთან შეუთამაშებელი კალათბურთელები გყავს. მთავარი გამთამაშებელი ვუდსაიდი ერთი დღის ჩამოსულია და, ცხადია, კომბინაციების ათვისება ჯერ ვერ მოასწრო.

კოტე ტუღუშმა იცოდა, რომ ევროლიგაში "ჭიპმოჭრილი" ჰოუკინსი მასზე დაჯარიმების შემთხვევაში ორიდან ერთ ტყორცნას მაინც გამოიყენებდა, საპასუხოდ კი ძალიან მოკლე დროში მის გუნდს კომბინაცია უნდა წამოეწყო და შედეგიანად დაესრულებინა, რაც ახალი კალათბურთელებით შევსებული "არმიასთვის" რთული საქმე იქნებოდა.

მწვრთნელის განკარგულებაში წინა მატჩების ლიდერი სანდიატა გეინსი რომ ყოფილიყო, ბოლო შეტევას მას მიანდობდა და NBA-ელიც იმედს უფრო გაუმართლებდა, ვიდრე გაუცრუებდა... ასე და ამგვარად, ქართველთა დამრიგებელმა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა გადაწყვიტა - ჰოუკინსს საუკეთესო დამცველი უილიამ ტომასი მიამაგრა, თუმცა გამოცდილმა "ქორიძემ" (HAWK ინგლისურად ქორია) სასროლი სივრცე გამოითავისუფლა და გამარჯვება წიწილასავით წაიღო...

სტატისტიკა ოვერტაიმისკენ იხრებოდა
ამ ქვეთავში თამაშის ზოგად სურათზე ვთქვათ.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: "ბეშიქთაშს" ვერ დაეხმარნენ დერონ უილიამსი და სემიჰ ერდენი. მათ თურქეთიდან გუდა-ნაბადი აიკრეს და NBA-ს მიაშურეს.

ამავე მიზეზით წავიდა "არმიას" გამთამაშებელი სანდიატა გეინსი, ხოლო მეორე უკანახაზელი, გილერმო დიასი ტრავმირებულია (მუხლის მყესი აქვს დაჭიმული). ასევე ტრავმის გამო "ბეშიქთაშში" არ უთამაშია მარსელიუს კემპს. თურქებმა უილიამსსა და ერდენს შემცვლელები ჯერ ვერ მოუძებნეს (ინგლისის ნაკრების წევრის მენსა-ბონსუს დამატებას აპირებენ), ამიტომ თბილისში მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ძირითადად 6 კალათბურთელი დატვირთა.

"არმიაში" გეინსის ფუნქციები ახალწვეულმა ბენჟამინ ვუდსაიდმა იკისრა, რომელიც საქართველოში თამაშის წინა დღეს ჩამოვიდა. ახალგაზრდა, სწრაფმა პლეიმეიკერმა, პირველივე მატჩში დაგვარწმუნა, რომ თამაშის წარმართვა კარგად შეუძლია. საბოლოოდ მის ანგარიშზე 13 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ასევე კარგად ჩაერთო შეხვედრაში მეტიუ ფრეიე, რომელმაც მესამე პერიოდის ბოლო წამზე ჩაგდებულ სამქულიანს, მეოთხე პერიოდის დასაწყისში მეორე სამიანი მიამატა და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა. მას, ალბათ, გმირის ორდენსაც ჩამოჰკიდებდნენ, ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი ტყორცნა რომ გამოეყენებინა.

კიდევ ერთი ახალწვეული, კლიფტონ ჰოუკინსი ისე არ გამოიყურებოდა, რისი იმედიც მისგან გვაქვს.

ჯერემი რიჩარდსონმა და უილიამ ტომასმა 15-15 ქულა ჩააგდეს, ნაყოფიერად იშრომეს, ხოლო იოაკიმ შელბომმა ორმაგი დუბლი მიითვალა: 17 ქულა და 13 მოხსნა. შვედს თურქების მთავარი ბომბარდირის, ერსინ დაგლის მეურვეობა უწევდა. იოაკიმმა მეოთხე ჯარიმა ბოლო პერიოდის დასაწყისში მიიღო, რის გამოც დასვენება მოუწია და მოედანს სირენამდე 1:16 წუთით ადრე დაუბრუნდა. თამამად შეიძლება ითქვას, გუშინ შელბომმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა.

28 წუთი ითამაშა ანატოლი ბოისამ და ვინც მატჩი იხილა, დაგვეთანხმება, რომ იგი დაცვაში გამორჩეული იყო - "ბეშიქთაშის" გამთამაშებლებს ენერგიულად მეურვეობდა.

ქრონოლოგიასთან ერთად სტატისტიკაც მეტყველებს, რამდენად თანაბარი იყო მატჩი: ყველაზე დიდი სხვაობა 8 ქულა იყო ("არმია" 51:43-ს იგებდა), თანაბარი ანგარიში 12-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი არც მეტი, არც ნაკლები - 23-ჯერ შეიცვალა. სამწამიანი ზონიდან ორივე გუნდმა 30-30 ქულა მიითვალა, ორივემ 9-9 სამქულიანი ჩააგდო, არც რეალიზებულ ორქულიანებსა (20:22) და მოხსნებში იყო დიდი სხვაობა (32:28). ასე რომ, შეხვედრის ოვერტაიმში გაგრძელება ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ...

გეზი ჰოლანდიისკენ
მატჩის შემდეგ ყველა ქართველი გულდაწყვეტილი იყო, თუმცა კალათბურთელები ტაშით გააცილეს. თავად მოთამაშეებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო მაღალი დონის ლამაზი კალათბურთი, რასაც საქართველო წლების განმავლობაში ელოდა.
- სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, რაზეც დიდი გავლენა სავსე ტრიბუნებმა მოახდინა. ასეთ ატმოსფეროში თამაში ნებისმიერი კალათბურთელისთვის სასიამოვნოა. ახალი გუნდით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, შეგვწევს ძალა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ, - თქვა "არმიას" ახალწვეულმა ბენ ვუდსაიდმა.

ანატოლი ბოისამ განაგრძო:
- საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გულშემატკივარი გაგვეხარებინა, მაგრამ ბოლო წამებზე მეტოქემ გვაჯობა. ახლა მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ - ჰოლანდიაში, ლეიდენთან პრინციპული მატჩი გველის.

"ბეშიქთაშის" თავკაცმა ერგინ ატამანმა საკუთარი გუნდის სამი დანაკლისი ახსენა და განაგრძო:
- თურქეთში "არმია" 21 ქულის სხვაობით დავამარცხეთ. თბილისში ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად ჩამოვედით, დასაშვები იყო მცირე სხვაობით წაგებაც, თუმცა ჩემმა შეგირდებმა შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ევროლიგაში გამოცდილმა "ბეშიქთაშის" სერბმა ფორვარდმა ზორან ერცეგმა გულშემატკივართა სიუხვეს გაუსვა ხაზი:
- ქომაგებმა შეხვედრას დამატებითი ხიბლი შესძინეს. ჩვეული თამაში ვუჩვენეთ, გადამწყვეტ მომენტში არ ავღელდით და ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. დღევანდელი მატჩიდან მეორე ეტაპისთვის მზადებას შევუდექით.

6 დეკემბერი, თბილისი
არმია-ბეშიქთაში 75:77
20:21, 17:18, 19:11, 19:27
10 000 მაყურებელი
მსაჯები: იაარი რაინიხი (ისრაელი), დორუ ვინასი (რუმინეთი), უროშ ობრკნეძევიჩი (სერბეთი)

დღეს
23:00 ლეიდენი-გოტინგენი

გუნდი თ მ წ ქ
1. ბეშიქთაში 5 5 0 10
2. არმია 5 3 2 8
3. ლეიდენი 4 1 3 5
4. გოტინგენი 4 0 4 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიველ, ვნახე, ვიამაყე.... დიდი მადლობა მებრძოლებს.... ზოგი ბრზოლა მოგებაზე არანაკლებ სასიამოვნოა...
გულშემატკივარმა ქომაგობა სათანადოდ არ ვიცით...
ყველაფერს ვისწავლით
state
13:46 07-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული