Tbilisi open 2013 And 1-ის გამარჯვებით და ფოიერვერკით დასრულდა

AutoSharing Option
გუნდ And 1-ის ტრიუმფით დასრულდა პირველი საერთაშორისო ტურნირი 3X3-ზე ქუჩის კალათბურთში - Tbilisi Open 2013.

სპორტის სასახლესთან გამართული მასშტაბური ტურნირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ორგანიზებითა და კომპანია All Tours-ისა და "ბორჯომის" სპონსორობით ჩატარდა.

ფინალური მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" პირდაპირ ეთერში, 22 საათიდან გადასცა.

Tbilisi Open 2013 ქუჩის კალათბურთში პირველი ტურნირია, რომელიც ფიბა-ს ეგიდით ჩატარდა. 3X3-ზე კალათბურთი ფიბა-მ თავის ოფიციალურ კალენდარში შეიყვანა, დიდ ყურადღებას აქცევს და ნელ-ნელა სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ ფერხულშიც ებმება. 3X3-ზე კალათბურთი უკვე შეიტანეს ახალგაზრდულ
ოლიმპიურ თამაშებზე - იმართება მსოფლიოს, ევროპის და სხვადასხვა საკონტინენტო ტურნირი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებსა და ასაკობრივ კატეგორიებში. ამას გარდა, თვეში რამდენიმე ფიბა-ს ტური ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გამარჯვებულ გუნდ And 1-ს, რომლის ღირსებასაც ლაშა ეძგვერაძე, ირაკლი ალხანაიძე, ბექა ახალაია და დავით ეძგვერაძე იცავდნენ, ტურისტულმა კომპანია All Tours-მა სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურები გადასცა.

რაც შეეხება ფინალში დამარცხებულ "პანტერას" (მამუკა ტურაშვილი, ზაზა ღონღაძე, ამბროსი ორმოცაძე, გიორგი გაგნიძე), ვეტერანთა გუნდს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დავით არველაძემ ფულადი ჯილდო გადასცა. "პანტერას" წევრები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დიპლომებითა და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი მედლებით დააჯილდოვა.

ტურნირის მსვლელობისას ორგანიზატორებმა ჩატენვებისა და სამქულიანების ტურნირებიც ჩაატარეს და გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვეს. სნაიპერთა კონკურსის ფინალში გუნდ "ქარიშხალას" წევრმა ნიკა ნოზაძემ Shooting Stars-ის მოთამაშე დავით ბაბუნაშვილი დაამარცხა, ხოლო ჩატენვების კონკურსი ჩემპიონი გუნდის ლიდერმა ირაკლი ალხანაიძემ მოიგო, რომელმაც ფინალში ტურნირის სირიელი მონაწილე მოჰამედ ალვაში დაამარცხა.

ჩემპიონობასა და ჩატენვების კონკურსთან ერთად, ალხანაიძემ Tbilisi Open 2013-ის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული სპეციალური თასი და ფულადი ჯილდო მოიგო. ალხანაიძე განსაკუთრებით პლეი ოფის მატჩებში გამოირჩეოდა და And 1-ს უდიდესი დახმარება გაუწია, რაც დაუფასდა კიდეც.

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ვეტერანმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა კალათბურთელმა, ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვა, ხოლო ტურნირის სნაიპერს საგანგებო თასი ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტრიტბოლერმა მიხეილ ამაშუკელმა გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, სამქულიანის და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულები Tbilisi Open 2013-ის ერთ-ერთმა სპონსორმა, კომპანია "ბორჯომმა" სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ტურნირის მსვლელობისას თამაშდებოდა ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები. ტურნირის წამყვანი ხან მოედანზე იხმობდა მსურველებს და თუკი ბურთს ჩააგდებდნენ, მაისურს ჩუქნიდა, ხანაც ნაკრების ეკიპირებას მაყურებლებში ისროდა და ვინც მოიხელთებდა, საჩუქარიც მისი იყო.

ტურნირი საზეიმო ფოიერვერკითა და ზალპით დასრულდა. გამარჯვებულები საკუთარი წარმატებით გაბედნიერდნენ, მაყურებელს კი სპორტის სასახლესთან ნანახი სანახაობა კარგა ხანს გაჰყვება. 3X3-ზე კალათბურთი ფიბა-ს მხარდაჭერით საქართველოში ფეხს კიდევ უფრო მოიკიდებს - წინ კიდევ არაერთი საინტერესო ტურნირია.

superleague.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული