დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართულ შეხვედრებში ბრინჯაოს პრიზიორი და მე-5 ადგილის მფლობელი გუნდები გამოვლინდნენ.

შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა "ოლიმპს" 88:68 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო "ქუთაისმა" "რუსთავი" 103:77 დაამარცხა და ტურნირზე ბოლოსწინა - მე-5 ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც ანგარიშებიდან ჩანს, "შსს-აკადემიამ" და "ქუთაისმა" იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. ასეც იყო, მე-5 ადგილისთვის მატჩში ქუთაისელებმა საწყის 2 მატჩში განცდილი მარცხისთვის შური რუსთაველებზე იძიეს. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მაღალი ტემპი აირჩია, თამაშის ბოლომდე არ დაუგდია და
საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ქუთაისელთა შორის 17-17 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა - ლევან გრძელიძემ, ავთანდილ ლომინაშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ. 11 ქულა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს, ხოლო - 10 ზაურ ფაშაევს.

"რუსთავში" 17 ქულით ირაკლი ალხანაიძე გამოირჩა, ხოლო დავით გუგავამ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა.

მე-3 ადგილისთვის მატჩის პირველ მეოთხედში საინტერესო და თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ. "ოლიმპი", რომელიც დისკვალიფიცირებული რიჩარდ მათიაშვილისა და ასისტენტი მწვრთნელის, გიორგი მარხვაშვილის გარეშე თამაშობდა, თავიდან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "შსს-აკადემიას".

მეორე პერიოდიდან აკადემიელებმა ინიციატივა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა და დიდი შესვენებისთვის "შსს-აკადემია" 40:34 დაწინაურდა.

მესამე პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა. აკადემიელებმა ილია ლონდარიძის, რევაზ როგავასა და ბექა ჩიკვილაძის წინამძღოლობით, 10-წუთეული 24:14 მოიგეს და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვიტეს.

"შსს-აკადემიაში" 25 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ლონდარიძემ, ხოლო ჩიკვილაძემ პირად ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. 11-11 ქულით დაასრულეს შეხვედრა აკაკი ლომოურმა და რევაზ როგავამ.

დუდუ დადიანის მემორიალზე 9 ოქტომბერს ბოლო მატჩი გაიმართება. ფინალში დადიანის თასში "სოხუმი" და "არმია" შეეცილებიან ერთმანეთს. სატიტულო მატჩი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო:
superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული