შეჯიბრებაში სუპერლიგის წარმომადგენელი რვავე გუნდი მონაწილეობს. ისინი ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი.
გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ჯგუფური ეტაპის შემდეგ მხოლოდ ორ გუნდს აქვს - ჯგუფების პირველადგილოსნებს, რომლებიც 29 იანვარს ქუთაისში ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.
A ჯგუფი
დინამო-მგზავრები/არმია 72:71
10:11, 17:14, 19:18, 17:20, 9:8
დინამო: გამყრელიძე (4ქ), მეგენეიშვილი, ბ. ლეჟავა (6ქ), ვახანია (7ქ, 6მ), ლონდარიძე (13ქ), დიდია (8ქ, 5მ), მათიაშვილი (4ქ), ორმოცაძე (10ქ, 7მ), ხიზანიშვილი (2ქ), ღუდუშაური
მგზავრები: გულისაბედაშვილი, ს. ლეჟავა, ჩაჩიბაია (12ქ, 11მ), მაისურაძე (6ქ, 5მ), ბოქოლიშვილი (19ქ, 4პ), ბაბუნაშვილი, ზაქრაძე (6ქ), ათანელიშვილი (20ქ, 11მ), ჯინჭარაძე (5ქ, 5მ, 5პ), იოსელიანი (3ქ, 6მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
სუპერლიგაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "დინამო" ფავორიტი იყო, თუმცა "მგზავრებმა" თუნდაც სუპერლიგაში არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ძლიერ გუნდებთან თამაშიც შეუძლია და გამარჯვებაც.
ბუბა ბერიშვილის შეგირდები "დინამოსთანაც" ორჯერ იყვნენ გამარჯვებასთან ხელის გაწვდენაზე, ორჯერვე 11 წამი აშორებდათ მიზანს, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამოცდილმა დინამოელმა, ბესიკ ლეჟავამ ჩაუგდო ორქულიანი და კოვზი ნაცარში...
რას ნიშნავს ორჯერ? ერთი მატჩის ორჯერ მოგება სად გაგონილა? - იკითხავთ. მოგახსენებთ:
ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე "მგზავრები-არმიას" ფორვარდმა ტატო ჩაჩიბაიამ ჯარიმების ტყორცნის უფლება მოიპოვა, ორიდან ერთი გამოიყენა და თანაგუნდელები ორი ქულით დააწინაურა - 63:61. საპასუხო შეტევა ბესიკ ლეჟავამ შედეგიანად დაასრულა და მატჩი ფრედ, 63:63 დასრულდა.
კალათბურთში, ჯგუფურ მატჩებში ფრე არ არსებობს. ამიტომ შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა, რომლის ბოლო წამებზეც იგივე განმეორდა, რაც ძირითადი დროის ბოლოს: "მგზავრების" უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი დამატებითი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა, ორიდან ერთი ჩააგდო და - 71:70 მისი გუნდის სასარგებლოდ. დარჩენილ დროში ისევ ლეჟავამ აიღო საკუთარ თავზე გადამწყვეტი ტყორცნა და მიზანსაც მიაღწია - 72:71. თუ ოქმს უკვე დახედეთ, გაგახსენდებოდათ, რომ ეს მატჩის საფინალო ანგარიშია.
ეფექტური ორმაგი დუბლი მიითვალა რეზო ათანელიშვილმა - 20 ქულა, 11 მოხსნა.
ამავე ჯგუფში კიდევ ერთი ტოპ-მატჩი გაიმართა: "შსს აკადემიამ" "ბათუმის" წინააღმდეგობა ბოლო წამებზე გადალახა...
შსს აკადემია-ბათუმი 72:69
21:17, 16:13, 12:15, 23:24
შსს აკადემია: ბერიშვილი (8ქ), მეტრეველი (15ქ, 14მ), როგავა (11ქ), ჩიკვილაძე, ცინცაძე (13ქ, 9პ), ლოლიშვილი, შარაბიძე (8ქ), წივწივაძე (5ქ, 4პ), ლომოური (12ქ).
ბათუმი: იანგი (20ქ), რამიშვილი (14ქ), მიქელაძე (10ქ, 7პ), თენიეშვილი (7ქ), კელოგი (4ქ), ბოლქვაძე, პელჩერი (14ქ, 11მ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
მატჩის 25-ე წუთზე შსს-ელები 10 ქულით იგებდნენ. ბათუმელებს შეტევაში თამაშის დალაგება უჭირდათ, მაშინ, როცა თბილისელებს 6 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული ("ბათუმს" - 0) და ლოგიკის მიხედვით კოტე ტუღუშის შეგირდებს ბოლო 15 წუთში მეტოქისთვის დაწევის უფლება არ უნდა მიეცათ. მითუმეტეს, რომ ტრიბუნებიდანაც ჩანდა ერთგვარი დაძაბულობა ბათუმის ზოგიერთ ქართველ და ამერიკელ კალათბურთელს შორის.
ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, აჭარლებმა ერთი ეფექტური აფეთქების შედეგად არათუ ანგარიში გაათანაბრეს, მეტოქეს გადაასწრეს კიდეც - 14:0 სპურტის შემდეგ "ბათუმი" 51:49 დაწინაურდა.
ამის შემდეგ, ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და გადამწყვეტი ერთი ეპიზოდი გამოდგა: საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე მჭიდრო პრესინგის დროს ბათუმელმა კრის პელჩერმა ბექა წივწივაძეს ბურთი აართვა, მეტოქის კალათისკენ მარტო დაიძრა, თუმცა მსაჯებმა პელჩერზე წესების დარღვევა დააფიქსირეს.
ცხადია, "შსს აკადემიას" მხარეს მიაჩნდა, რომ წესები დაირღვა, "ბათუმი" კი საპირისპიროს ამტკიცებდა. რადგან მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემოდა და ვიდეოჩანაწერის განმეორებით ხილვის საშუალება არა გვაქვს, დასკვნების გამოტანას მოვერიდებით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ წესი დაირღვა თუ არა, ამის გასარჩევად ქორის თვალი იყო საჭირო. რაც ყველაზე მეტად სწორედ მსაჯებს მოეთხოვებათ.
ასეა თუ ისე, აჭარელთა პროტესტმა დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, უარყოფითი - კი ბატონო: მსაჯებმა წივწივაძეს ტექნიკურიც ასროლინეს და ორი საჯარიმოც. საფინალო სირენამდე სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა, რაც "შსს აკადემიას" გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
დავძენთ: "აკადემიაში" ორი ახალწვეული ვიხილეთ - მიხეილ ბერიშვილი და ნიკა მეტრეველი.
პირველი სლოვენიური "ლაშკოდან" დაბრუნდა, მეორე - იტალიური "ნაპოლიდან".
"ბათუმს" ლაშა ოჩხიკიძე გაუძღვა. იგი მთავარი მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის თანაშემწე იყო. მემორიალის დასრულებისთანავე კი მთავარი მწვრთნელის პოსტს დავით უსტიაშვილი დაიკავებს.
B ჯგუფი
რუსთავი-სოხუმი 72:56
21:16, 18:13, 16:15, 17:12
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ), ჰამსი (7ქ, 7მ), ცეკვავა (3ქ, 6მ, 4პ), ოგლესბი (14ქ, 4პ), აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (16ქ), გუგავა, ხმელიძე, ტუჯანი, დვალიშვილი (25ქ, 23მ, 2დ).
სოხუმი: გილმორი (1ქ), ჩლაიძე (18ქ), კვეტენაძე, დ. დვალიშვილი, შვანგირაძე (2ქ), ბააკაშვილი (4ქ, 5მ), გ. რევაზაშვილი (5ქ), ჯგერენაია (4ქ, 9მ), ფერიაშვილი, დეკანოიძე (1ქ), ბალა (14ქ, 7მ, 3პ), ბექაური (7ქ, 11მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
სიახლეებია "რუსთავსა" და "სოხუმში". რუსთაველების მაისურით სეზონში პირველი მატჩი ჩაატარეს ტერენს ოგლესბიმ და ჟულივეტ ტუჯანმა, ხოლო "სოხუმში" დებიუტი ჰქონდათ ჩარლზ გილმორსა და პელე ბალას.
ქვემოქართლელებმა მატჩი თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარეს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მათ ცენტრ აკაკი დვალიშვილს, რომელმაც 25 ქულა და 23 მოხსნა მოაგროვა.
ქუთაისი-ოლიმპი 61:80
16:29, 14:18, 6:15, 25:18
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ), გრძელიძე (8ქ, 5მ), ქადარია (2ქ), კვიმსაძე (10ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე (15ქ), ლომინაშვილი (8ქ), გ. ბარბაქაძე (8ქ, 9მ), ბულიავა, ნდოიე, ბოისა (5ქ), ნუცუბიძე.
ოლიმპი: გუგეშაშვილი (3ქ), კვანტალიანი (4ქ), ლობჟანიძე (4ქ, 5მ), კოკა ტომარაძე (9ქ, 6მ), ბაქრაძე (2ქ), კახა ტომარაძე (8ქ), გოგოძე (26ქ, 4პ), მაჩალაძე (4ქ), მირზიაშვილი (1ქ), დუიკოვიჩი (13ქ, 9მ), ლომიძე, ცირეკიძე (6ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.
როგორც ჩანს, "ოლიმპისთვის" მეტად სასარგებლო იყო ლატვიური შეკრება. გია კაზანჯიანის შეგირდები ბალტიისპირეთიდან აშკარად კარგ ფორმაში დაბრუნდნენ და ჯგუფის ფავორიტ "ქუთაისს" შანსი არ დაუტოვეს. ოლიმპელები მეოთხე პერიოდის პირველივე წუთებზე 65:36-ს იგებდნენ.
წარმატებაში 26-ქულიანი წვლილი შეიტანა ბოლო დროს კარგად ათამაშებულმა ნოდარ გოგოძემ. 10 ქულას კიდევ ერთი ოლიმპელი ასცდა - სერბი მარკო დუიკოვიჩი, რომელიც საქართველოში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 13 ქულა, 9 მოხსნა.
დღეს 11 საათზე შსს-"მგზავრებია", 13 საათზე - "ოლიმპი"-"რუსთავი", 15 საათზე - "ქუთაისი"-"სოხუმი", ხოლო 17 საათზე - "შსს აკადემია"-"დინამო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"