ვითიბი ლიგისთვის "ვითას" პაველ გოოგე გაწვრთნის

AutoSharing Option
როგორც ცხოვრების სხვა არაერთ სფეროში, კალათბურთშიც არაერთი დონე არსებობს - სამოყვარულოდან დაწყებული, უმაღლესი დონით დამთავრებული.

ევროპული მასშტაბით, ევროლიგა ტოპ-დონეა, საქართველოს ჩემპიონატი მასთან შედარებით ქვემოთაა. ამიტომ გემოვნებიან ქართველ გულშემატკივარს ბოლო დროს ორ წელიწადში ერთხელ უწევდა თბილისის სპორტის სასახლეში უმაღლესი ხარისხის კალათბურთის ნახვა - საქართველოს ნაკრების და მისი მეტოქეების შესრულებით, ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე.

2015-16 წლების საკალათბურთო სეზონი კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საკლუბო სეზონს გვპირდება: 19 ივლისს გადაწყდა, რომ ვითიბი ლიგაზე ითამაშებს "ვითა" და დაუპირისპირდება აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო კლუბებს - ცსკა-ს (რუსეთი),
"ცმოკი-მინსკს" (ბელორუსი), "კალევს" (ესტონეთი), "ბიზონსს" (ფინეთი), "ლოკომოტივ-ყუბანს" (რუსეთი), "ნიჟნი ნოვგოროდს" (რუსეთი), "უნიქსს" (რუსეთი), "ასტანას" (ყაზახეთი), "ზენიტს" (რუსეთი), "ხიმკის" (რუსეთი), "კრასნი ოქტიაბრს" (რუსეთი), "ნიმბურკს" (ჩეხეთი), "ავტოდორს" (რუსეთი), "ენისეის" (რუსეთი), ვეფ-ს (ლატვია).

ამ გუნდებიდან ზოგი პარალელურად ევროლიგაზე ითამაშებს, ზოგი - ევროთასზე, ზოგიც ევროჩელენჯზე. ასე რომ, სპორტის სასახლეში მისულ გულშემატკივარს კალათბურთის ხარისხზე საფიქრალი ნამდვილად არ ექნება.

"ვითას" ვითიბი ლიგაში ჩართვის გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ 19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ქართულმა გუნდმა "კრასნიე კრილიას" ადგილი დაიკავა, რომლის დარბაზი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ვითელებს მოსკოვის "დინამოს" სახით ღირსეული კონკურენტი კი ჰყავდათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც ჩვენ სასარგებლოდ მიიღეს.

ესეც ასე, კალათბურთი დაგვიბრუნდა, მაგრამ როგორ, რა გუნდით დავუხვდებით თბილისში ცსკა-ს და მის მსგავს კლუბებს? - აი, მთავარი შეკითხვა. შემადგენლობაზე კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით, მხოლოდ იმის დაწერა შეგვიძლია, რომ გუნდში ითამაშებს ამერიკის კოლეჯების ლიგიდან დაბრუნებული, საკმაოდ მომძლავრებული ლევან შენგელია.

მწვრთნელი ვინ იქნება? ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს - "ვითას" პაველ გოოგე გაწვრთნის. კალათბურთის ქართველ ქომაგს იგი ბათუმის "ბასკოდან" ემახსოვრება, ზღვისპირელებს 2001-02 წლების სეზონში წვრთნიდა და ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა.

სხვათა შორის, საქართველოდან იგი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა და გამოცდილი დუშან ივკოვიჩის თანაშემწედ მუშაობდა. სწორედ მაშინ გადავიდა ცსკა-ში გიორგი ცინცაძე.

ბოლო სეზონში გოოგე "ალტაიბასკეტში" მოღვაწეობდა კონსულტანტად. ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ შემადგენლობას შეარჩევს "ვითასთვის" და როგორ მოახერხებს ახალთახალი გუნდის შეკვრა-შეკავშირებას.

მანამდე მოგახსენებთ, რომ ვითიბი ლიგა ოქტომბერში დაიწყება. 16 გუნდი მიმოსვლით ითამაშებს რეგულარულ ეტაპს, ხოლო საუკეთესო 8 გუნდი მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს. საპლეიოფო სერია მაისში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დზან კარგიიიი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული