უცხო თვალით
"ვითიბი ლიგაზე ჩატარებულ სამ საწყის მატჩში "ვითამ" დიდი სხვაობით წააგო შეჯიბრების ფავორიტებთან, თუმცა მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე მომავალს ოპტიმიზმით უყურებდა. მისი თქმით, ლიდერებთან ბრძოლა მის ახლად შეკრებილ გუნდს ღირებულ გამოცდილებას შესძენდა. "ნიჟნი ნოვგოროდთან" კარგად გამოჩნდა, რომ ვითიბი ლიგის ქართველი დებიუტანტი ლიგას უშინაურდება და პროგრესირებს".
ბრჭყალებში ჩასმული ეს აბზაცი შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ნოვგოროდელებთან 22 ქულის სხვაობით წავაგეთ და სერიოზულ პროგრესზე მსჯელობა ჯერ ადრეა, მაგრამ ვინც მატჩს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ვითელები, თამაშის მიხედვით, გაცილებით დაბალი სხვაობით წაგებას იმსახურებდნენ.
სხვათა შორის, ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა კონსტანტინ ანიკიენკომაც აღნიშნა.
მესამე პერიოდის შემდეგ ვითელები მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩებოდნენ (63:74). ეს კი ის სხვაობა არ არის, რომლის აღმოფხვრაც 10 წუთში წარმოუდგენელია, თუმცა...
წინადადება მომდევნო ქვეთავში უნდა გავაგრძელოთ.
სამიანები
...თუმცა აინარს ბაგაცკისის გუნდების მეოთხე პერიოდში დაჯაბნა ძალიან რთული საქმეა, რაშიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩებისასაც არაერთხელ დავრწმუნებულვართ და შარშან ევროლიგის შეხვედრებშიც. "ნიჟნი ნოვგოროდი" ხომ ლევან ფაცაციასთან ერთად გასულ სეზონში ევროლიგაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ევროგრანდებს - ტოპ-16-შიც ითამაშა. ლატვიელი მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, ხშირი ცვლილებების წყალობით გადამწყვეტი მომენტისთვის "დამრტყმელი ძალა" საღად შემოინახოს. ასე იყო გუშინაც.
ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ ნამატჩევს ხაზი გაუსვა ერთ კომპონენტს, რომელშიც მეტოქეს მხოლოდ სამით ჩამოვრჩით - მოხსნები. ნოვგოროდელებმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 36-ჯერ მოხსნეს, ვითელებმა - 33-ჯერ. ეს სხვაობა, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს.
აი, სამქულიანებში 15:8 უკვე მატჩის გადამწყვეტი შეფარდებაა. "ნიჟნი ნოვგოროდმა" 15 სამიანი გამოიყენა, "ვითამ" - 8. მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ: 15-8=7. ახლა ვიანგარიშოთ, რამდენი ქულაა 7 სამიანი - 21. "ვითამ" 22 ქულის სხვაობით წააგო (78:100).
ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გადამწყვეტი სწორედ ნოვგოროდელთა მიერ რეალიზებული სამქულიანები აღმოჩნდა.
ქართულ გუნდს დაცვაშიც ეტყობა პროგრესი, მაგრამ სხვა ზონებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს პერიმეტრს, საიდანაც რუსები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდნენ.
საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდი მატჩის მსვლელობისას. აქამდე არაერთხელ მაქვს ნანახი ბაბურინის, ხვოსტოვის, ანტონოვის თამაში. ჰოდა, პერიმეტრზე მარტო რომ დარჩებოდნენ, ძალაუნებურად წამოვიძახებდი - კარგად ისვრიან, მათი დატოვება არ შეიძლება-მეთქი. გვერდით მჯდომმა გამოცდილმა სპეციალისტმა ზურაბ სამხარაძემ ერთხელაც ღიმილით მითხრა - რომელი არ ესვრის კარგად?
მართალიცაა, ანტონოვსა და ხვოსტოვს თავი რომ დავანებოთ, მაქსიმ გრიგორიევმა 6 სამქულიანი ჩაგვიგდო. არადა, პერიმეტრიდან მხოლოდ 8-ჯერ სტყორცნა.
ნამატჩევს
პაველ გოოგე ("ვითას" მწვრთნელი):
"აქამდე არაფერი მითქვამს, თუმცა დღეს ნამდვილად გაწბილებული ვარ. არა იმდენად ჩვენ მიერ ნათამაშებ კალათბურთზე, რამდენადაც კალათბურთელთა თვითკონტროლზე.
იყო ეპიზოდები, კარგად გამოვიყურებოდით, მეტოქესაც ძალიან უჭირდა ჩვენთან თამაში, მაგრამ საჩუქრების გამო "ნოვგოროდს" დაწინაურების საშუალებას ვაძლევდით. სიტყვა "საჩუქარში" ვგულისხმობ მეტოქისთვის მიცემულ შანსებს: 31-დან 16 შემთხვევაში ჩვენ მიერ ბოძებული საჩუქრებით რომ იხეირებს, იმ გუნდის დამარცხება ძალიან ძნელია".
აინარს ბაგაცკისი ("ნიჟნი ნოვგოროდის" მწვრთნელი):
"ნამდვილად არ ვნერვიულობდი. მართალია, იყო მომენტები, როცა მატჩის კონტროლი გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობდი გუნდის თამაშის გაუმჯობესებაზე, რადგან წარმატების მომტანი სწორედ ხარისხიანი გარჯაა".
ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. IV ტური
18 ოქტომბერი. თბილისი, სპორტის სასახლე. 1200 მაყურებელი
ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100
22:31, 17:19, 24:24, 15:16
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (5ქ), ბოქოლიშვილი (2ქ, 5პ), შენგელია (12ქ), კარტერი (18ქ, 7მ), ჰენრი (17ქ, 5მ, 5პ), ანიკიენკო (2ქ), ლიპოვოი (11ქ), ტერნერი (11ქ, 5მ).
ნიჟნი ნოვგოროდი: რადი (26ქ, 6მ, 5პ), გრიგორიევი (23ქ), ბაბურინი, ვიქტოროვი, ილიევი (4ქ), ანტონოვი (14ქ, 5მ), მაჰალბაშიჩი (12ქ, 5მ), ხვოსტოვი (8ქ, 9პ), ბერზინსი (3ქ), სტრებკოვი (6ქ), პოპოვი (4ქ), კირდიაჩკინი.
მსაჯები: ერსან კარტალი (თურქეთი), ევგენი მიხეევი (ყაზახეთი), სტანისლავ კუჩერა (ჩეხეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"