ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი

AutoSharing Option
13 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გაუჩერებელი გაჩეშა
გუშინდელი დღის პირველ შეხვედრაში "აკადემია" "რუსთავს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო, საბოლოოდ, ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

აკადემიელები პირველ პერიოდში 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ კაელ ტურპინის კარგი თამაშის წყალობით რუსთაველებმა ანგარიში 1 ქულამდე შეამცირეს - 24:23. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან მეორე. შემდეგ რუსთაველთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ აიწყვიტა და იქამდე არ გაჩერდა, სანამ
ქვემოქართლელებმა 9:0 გაქცევა არ მოაწყვეს - 38:48. ამას ტურპინის ენდვანიც თან დაერთო და "რუსთავი" დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

გოგობერიშვილის შეგირდებს დიდი შესვენების შემდეგაც არ გაუშვიათ ხელიდან უპირატესობა. ბოლოს მეტოქეს 12:0 გაქცევა მოუწყვეს - 90:58 და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყვიტეს.

"რუსთავმა" მეორე შეხვედრაშიც მოიგო და ჯგუფში პირველობისთვის დღეს მასპინძელ "ქუთაისს" დაუპირისპირდება.

მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა გაჩეშა გახლდათ, რომელმაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ძალიან პროდუქტიული იყო კაელ ტურპინიც, იგი საკუთარ გუნდს 18 ქულითა და 9 მოხსნით შეეწია. აკადემიელთა რიგებში კი დუიკოვიჩი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 15 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

"წყალტუბო" არ ხუმრობს
კიდევ ერთი და უფრო დიდი სენსაცია შემოგვთავაზა პირველლიგელმა "წყალტუბომ", რომელმაც "ოლიმპს" სუპერლიგის ლიდერი "ბათუმიც" მიაყოლა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყის წუთებში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. წყალტუბოელი ოლექსანდრ რიხლიუკი და ბათუმელი აკაკი დვალიშვილი სამწამიანი ზონიდან წარმატებით უტევდნენ. ნაყოფიერად ირჯებოდნენ "წყალტუბოს" უკანახაზელი გიორგი კუჭავა და "ოლიმპთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედი, უკრაინელი სერგი ალფოროვი. მათი კარგი გარჯის შედეგად იმერლებმა გაქცევა მოაწყვეს - 30:18 და 12 ქულით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ დავით უსტიაშვილის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს და მესამე პერიოდის შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი კვლავ "წყალტუბომ" იძალა და მატჩის დასრულებამდე 1.47 წუთით ადრე 8 ქულით დაწინაურდა - 74:66.

ბათუმელები მარცხს არ შეეგუენ, ბოლო ძალები მოიკრიბეს, დვალიშვილის, მიქელაძისა და სტეფანიშინის ზუსტი სროლების შედეგად სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს - 72:74; მატჩის დასრულებამდე 40 წამი იყო დარჩენილი, რაც კალათბურთში საკმაოდ დიდი დროა, თუმცა ბათუმელებმა დროის ამ მონაკვეთში ზედიზედ ორი შეტევა გააცუდეს და სენსაციური მარცხი განიცადეს.

ახალგაზრდა მწვრთნელის, ომარ ხვიჩიას გაწვრთნილ "წყალტუბოს" კი მართლაც ქება ეკუთვნის. ეს მებრძოლი და სიმპათიური გუნდი სუპერლიგასაც დაამშვენებდა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ალექსანდ რიხლიუკი იყო, რომელმაც 24 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და წყალტუბოელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. 19 ქულა ჩააგდო გიორგი კუჭავამ, 15 ქულით დაასრულა შეხვედრა სერგი ალფიროვმა. "ბათუმის" რიგებში 21 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახლავთ. მის გარდა, 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ლეონიდ სტეფანიშინმა შეასრულა.

"ოლიმპმა" შანსი დაკარგა
ძალიან საინტერესო და ემოციური გამოდგა "ოლიმპისა" და "სოხუმის" მატჩიც. თითქმის მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებული მხოლოდ ოვერტაიმში გამოვლინდა.

გუნდებმა გახსნილი თამაში შესთავაზეს ერთმანეთს და პირველი პერიოდიდანვე დაიწყეს ერთმანეთის კალათების დასეტყვა. ოლიმპელთაგან ბაინუმი, სმიტი და დიდია ჩაუქობდნენ, სოხუმელთა რიგებში კი პირველ ათწუთეულში ათუაშვილი და მილერი გამოირჩეოდნენ.

მეოთხე პერიოდის შუაში უპირატესობას "ოლიმპი" დაეუფლა, მცირე გაქცევა მოაწყო (7:0) და 8 ქულით დაწინაურდა 63:55, გლოვერისა და ათუაშვილის კარგი თამაშის წყალობით "სოხუმმა" მდგომარეობა გამოასწორა, მაგრამ ახალი მწვრთნელის, უკრაინელი ლეონიდ ივატინის დამოძღვრილმა ოლიმპელებმა კვლავ მოიპოვეს უპირატესობა. კოსენკოვის, ფარღალავასა და ბაინუმის შედეგიანი სროლების შემდეგ "ოლიმპი" წინ 9 ქულით გავიდა - 71:62.

ამის შემდეგ "სოხუმმა" ერთბაშად აიწყვიტა, ბაქრაძის, ჯგერენაიასა და გლოვერის კარგი თამაშის წყალობით მეტოქეს 15:0 გაქცევა მოუწყო და მატჩის დასრულებამდე 1.03 წუთით ადრე 80:75 დაწინაურდა. ლეონიდ ივატინის შეგირდებმა გონზე მოსვლა მოასწრეს. მათ მხსნელად ბაინუმი მოევლინათ, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი პერიმეტრიდან ზუსტად ისროლა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა - 80:80.

დამატებითი დრო "სოხუმმა" უკეთ დაიწყო. სმიტმა, მილერმა და გლოვერმა ზუსტი შეტევები განახორციელეს, თუმცა ბაინუმიმ და ფარღალავამ ზუსტი სამქულიანებით სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს 86:89.

პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 31 წამი იყო დარჩენილი, ოლიმპელებმა შეგნებული ჯარიმა აიღეს, ბაქრაძემ ორივე საჯარიმო გამოიყენა და მატჩიც "სოხუმის" რთული გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებში 24 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა ფილიპ მილერმა, რომელიც ამ შედეგით საუკეთესო იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა სერგო ათუაშვილმა -14ქ, 10მ. 15 ქულა მიითვალა მეთიუ გლოვერმა. "ოლიმპის" რიგებში საუკეთესო ჯერემი დერელ ბაინუმი იყო, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა, მაგრამ მისმა კარგმა გარჯამ ივატინის გუნდი მეორე მარცხისგან ვერ იხსნა.

დიდი სპურტი და გაყინული "მგზავრები"
ტურნირის მასპინძელმა "ქუთაისმა" "მგზავრები" დაამარცხა და ახლა მასავით ორმოგებიან "რუსთავთან" მოუწევს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა.

გუშინდელ შეხვედრაში ფავორიტი კოტე ტუღუშის გუნდი იყო. პირველ ტაიმში მოვლენები ლოგიკურად ვითარდებოდა, "ქუთაისი" იგებდა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მესამე პერიოდში უილიამსისა და მერფის წყალობით "მგზავრებმა" ანგარიში გაათანაბრეს - 52:52. შემდეგ ლომინაშვილმა, გრძელიძემ, ორმოცაძემ და მერფიმ სტუმრები 8 ქულითაც კი დააწინაურეს - 56:64.

ქუთაისელები მალევე გამოფხიზლდნენ, ცეკვავამ და ბექაურმა დიდებული თამაში აჩვენეს. უმეტესწილად,  მათი დამსახურება იყო, რომ "ქუთაისმა" მეტოქეს 22:0! სპურტი მოუწყო და შეხვედრის ბოლო 7 წუთის განმავლობაში "მგზავრებს" ქულაც არ ააღებინა. შედეგად, კოტე ტუღუშის გუნდმა მეტოქე 82:67 დაამარცხა.

ქუთაისელთა რიგებში საუკეთესოები გოგა ცეკვავა (21 ქულა, 6 პასი), ბექა ბექაური (18 ქულა და 15 მოხსნა) და გიგი ბარბაქაძე (19 ქულა) იყვნენ. "მგზავრების" რიგებში ყველაზე შედეგიანი 15 ქულით რეჯინალდ მერფი გახლდათ.

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალი. II ტური
ბათუმი-წყალტუბო 72:74
18:27, 18:12, 22:18, 14:17
ბათუმი: ლეჟავა (3ქ), სტეფანიშინი (16ქ,10მ), რამიშვილი (4ქ), კრივცოვი (8ქ,8მ), ა.დვალიშვილი (21ქ,15მ), მიქელაძე (7ქ), თენიეშვილი (2ქ), ელიაძე (3ქ), ფერიაშვილი (2ქ), რევაზაშვილი (6ქ)
მწვრთნელი: დ.ბერიშვილი
წყალტუბო: ალფიორიოვი (15ქ,8პ), მაცაბერიძე (8ქ), კუჭავა (19ქ,6პ), რიხლიუკი (24ქ.19მ), კოღუაშვილი (8ქ), ფაჩუაშვილი, კანდელაკი, მესხი
მწვრთნელი: ო.ხვიჩია

აკადემია-რუსთავი 79:96
24:23, 16:28, 16:27, 23:18
აკადემია: ბრიგსი, ლეჟავა(11ქ), ტომარაძე (14ქ), ბოქოლიშვილი (10ქ), თევდორაშვილი, ღურწკაია, დარახველიძე, ღონღაძე(2ქ), ლომოური (9ქ), მიურეი(11ქ), დარბაიძე(7ქ),დუიკოვიჩი(15ქ,17მ)
მწვრთნელი: გ.წულაძე
რუსთავი: ხმელიძე (2ქ), გამრეკლიძე (10ქ), ლორთქიფანიძე (4ქ), კაელსი (6ქ), აბაიშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (8ქ), ტურპინი (18ქ,9მ), ჭოჭუა (9ქ), გაჩეშა (24ქ,10მ), ანთაძე (4ქ), ადედირანი (6ქ), გოგობერიშვილი (2ქ)
მწვრთნელი: რ.გოგობერიშვილი

ოლიმპი-სოხუმი 86:91 (ო)
25:26, 20:21, 20:15, 15:18, 6:11
ოლიმპი: ბაინუმი (34ქ), აბულაძე, როგავა (3ქ,9მ), დიდია (12ქ), გ.ბაქრაძე (1ქ), ტომარაძე (7ქ), კოსენკოვი (4ქ), რეინოლდსი (2ქ), გუგეშაშვილი (2ქ), ლ.სმიტი (12ქ,9მ), ფარღალავა (9ქ)
მწვრთნელი: ლ.ივატინი
სოხუმი: მილერი (24ქ,10პ), ა.სმიტი (10ქ), გ.ბაქრაძე (12ქ), გლოვერი (15ქ,8მ), ალხანაიძე (5ქ), ჯგერენაია (3ქ), კვეტენაძე, ათუაშვილი (14ქ,10მ), დ.დვალიშვილი (8ქ), მირზიაშვილი
მწვრთნელი: ვ.კვარაცხელია

ქუთაისი-მგზავრები 82:67
17:14, 26:22, 13:22, 26:9
ქუთაისი: ფაშაევი (2ქ), ცეკვავა (21ქ,6პ), ბოისა (4ქ), ბექაური (18ქ,15მ), მათიაშვილი (5ქ,6მ), ბრიტონი (3ქ), დ.ბარბაქაძე (2ქ), გ.ბარბაქაძე (19ქ), მიკულიჩი (8ქ,9პ)
მწვრთნელი: კ.ტუღუში
მგზავრები: უილიამსი (15ქ), ჯინჭარაძე (8ქ), გრძელიძე (9ქ), კვანტალიანი, ცირეკიძე, ლომინაშვილი (4ქ,6მ), ტერი (9ქ,6მ), ორმოცაძე (10ქ), მერფი (12ქ,8მ)
მწვრთნელი: ა.ბერიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს "ახალგაზრდა" ომარი ხვიჩია ჯერ კიდევ 70-იანი წლიდან მოღვაწეობს სპორტის განვითარებისთვის.დიდი მადლობა ბატონო ომარ თქვენ და ბატონ თემურ ზვიადაძეს
მურთაზი
20:08 14-01-2016
0
ახალგაზრდა მწვრთნელი ომარი ხვიჩია, ნახეთ მაინც ეს კაცი???/ რო წერთ უმჯობესია ნახოთ ომარ ხვიჩია, უკვე კარგად დაბერებულია
irakli
15:47 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული