ციხიდან მოედანზე
კამათი იმის შესახებ, რა უფრო ადრე წარმოიშვა - სტრიტბოლი თუ კლასიკური კალათბურთი, დაახლოებით იმას ჰგავს, ქათმისა და კვერცხის ან მატერიისა და სულის წარმოშობაზე რომ დავობენ. თუმცა ამ ფილოსოფიური პრობლემებისგან განსხვავებით, სტრიტბოლის დაბადების თარიღი მაინც შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გადავწყვიტოთ. შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ თამაშის ორი ნაირსახეობა, რომელიც ბურთის კალათში ჩაგდებას
სანამ ფართო პოპულარობას მოიპოვებდა, ეს სახეობა დიდი ხანი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და ის მუშათა გარეუბნებში მხოლოდ მოზარდების გასართობად ითვლებოდა.
მაგრამ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში, როცა ნიუ იორკის ქუჩის მოედნებზე ორი ნამდვილი ვარსკვლავი გამოჩნდა - ერლ მანიგოლტი, მეტსახელად "თხა" და ჯო ჰემონდი, მეტსახელად "გამანადგურებელი". მათ შესახებ, ალბათ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ციდან მიწაზე არ დაეშვნენ სხვა ფორმატის - NBA-ს ლეგენდები. საქმე ეხება უილტ ჩემბერლენს, ტაინი არჩიბალდს და ლიუ ალსინდორს (მომავალში ქარიმ აბდულ-ჯაბარი), რომლებიც იმ წლებში დამსახურებულად ითვლებოდნენ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებად.
როგორც ჩანს, NBA-ს ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს, "ქუჩის ბიჭებისთვის" თავიანთი ადგილი მიეჩინათ, მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა - ერთ ადგილას სწორედ ისინი გაუშვეს. "თხამ" და "გამანადგურებელმა" ჩემბერლენთან, არჩიბალდთან და ალსინდორთან რამდენიმე ათეული მატჩი გამართეს, რომელსაც სულგანაბული ადევნებდა თვალს მთელი ამერიკა და რამდენიმეჯერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები და შესაბამისად, მთელი ლიგა შეარცხვინეს.
აქ წარმოიშვება ლოგიკური შეკითხვა: მაშინ რატომ არ თამაშობდნენ რეგულარულ ჩემპიონატში ეს თვითნაბადი კალათბურთელები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ NBA-ს უპირველეს ვარსკვლავებს? როგორი პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, დიდ სპორტში ისინი თავად ქუჩამ არ შეუშვა, რომელიც მათ ნიჭს წლების განმავლობაში ხვეწდა. მანიგოლტიც და ჰემონდიც, გეტოდან გამოსული ბევრი სხვა მეგობრის მსგავსად, არამარტო პოლიციაში იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე, არამედ ისინი ჩამოყალიბებული ნარკომანებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, რა პოპულარობითაც უნდა ესარგებლათ მათ ხალხში, NBA-ში ამ ბიჭების შეფარებას ვერავინ გარისკავდა.
ამერიკული სტრიტბოლის ასეთი ვარსკვლავები, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ მთავარ საკალათბურთო ჩემპიონატში მისასვლელი გზა, რამდენიმე ათეული შეიკრიბება. ეს არის, მაგალითად, პი ვი კირკლენდი, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები ციხეში გაატარა; ლოიდ დენიელსი, რომელმაც წერა ვერ ისწავლა; კლიფორდ ალენი, ვინც მკვლელობისთვის 45-წლიანი პატიმრობა მიიღო და კიდევ ბევრი სხვა.
ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ბევრის აღიარებით, 90-იანი წლების კალათბურთის ლიდერსა და ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბილი ჰარისი, რომელიც დიდ სპორტში ვერ მოხვდა იმავე კანონთან პრობლემებისა და ნარკოტიკების გამო. ამ ბიჭის ტალანტის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ მთელ ამერიკაში არ მოიძებნებოდა ისეთი კალათბურთელი, რომელიც მას ერთი-ერთზე გაუმკლავდებოდა. მას ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომ ხშირად, ერთი-ერთზე შეხვედრისას, ჰარისი თავის ოპონენტს ფორას აძლევს - ნახევარი ქულა მხოლოდ ფარისთვის ბურთის გარტყმის სანაცვლოდ. და მაინც იგებს.
ქუჩური ჩვევები
დღეს, წარსულის შეცდომების გათვალისწინებით, ასოციაციის სკაუტები ყველაზე მიყრუებულ რაიონებშიც კი, გულმოდგინედ ათვალიერებენ სტრიტბოლის მოედნებს, რათა ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდი იქამდე იპოვონ, სანამ მას ქუჩის ცუდი გავლენა გააფუჭებს. ხანდახან, ქუჩაში NBA-ს დონის შესაფერის თითქმის გამზადებულ კადრებს პოულობენ. ამ ვუნდერკინდებმა არაფერი იციან უნივერსიტეტულ სექციებზე, რომლებზეც, როგორც ცნობილია, მთელი ამერიკული სპორტია აგებული. გეტოდან გამოსული ვარსკვლავის ყველაზე ნათელი მაგალითია "დენვერ ნაგეტსის" შემტევი მცველი ალენ აივერსონი. საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრის შემდეგაც კი, აივერსონი არ იღლებოდა, ყველასთვის შეეხსენებინა, თუ საიდან მოდიოდა სინამდვილეში მისი ნიჭი. ალენის სახელი ყოველთვის ჩნდებოდა სკანდალურ ქრონიკებში, ერთხელ კი, კინაღამ ციხეში მოხვდა იმის გამო, რომ თავის მეუღლეს პისტოლეტით გაეკიდა.
თავისი ქუჩურ თვისებებს ის არც მოედანზე ივიწყებდა: მის ნათლად გამოხატულ ინდივიდუალურ სტილს, რომელიც ხშირად "თავხედობაში" გადადიოდა, არაფერი ჰქონდა საერთო თამაშის იმ გუნდურ პრინციპებთან, რომელსაც ახალგაზრდა კალათბურთელებს უნივერსიტეტებში ასწავლიან.
აივერსონისთვის მატჩში 40 და მეტი ქულის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენდა (და დღესაც არ წარმოადგენს), მაგრამ მისი აწ უკვე ყოფილი გუნდი, "ფილადელფია" მაინც უფრო ხშირად წაგებული რჩებოდა, რადგან ამ გუნდში, ალენის გარდა, ბურთი ხელში არავის ეჭირა. შემთხვევითი არ არის, რომ NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა ჩარლზ ბარკლიმ აივერსონს "ყველაზე თამაშსგადაყოლილი ახალბედა" უწოდა. სერ ჩარლზს მხედველობაში ჰქონდა წლის საუკეთესო დებიუტანტის ტიტული, რომელიც აივერსონმა თავის პირველ სეზონში მოიპოვა.
მაგრამ ახლა ეს ქუჩური ჩვევები წარსულს ჩაბარდა. წლების განმავლობაში აივერსონი დაბრძენდა და უფრო მეტს თამაშობს გუნდზე.
გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში ისეთი ვარსკვლავების რიცხვი, როგორიც აივერსონია, NBA-ში საგრძნობლად შემცირდეს. ბოლო წლებში სტრიტბოლი მომგებიან ბიზნესად იქცა, რომელზეც მოთამაშეებიც და პრომოუტერებიც დიდ ფულს შოულობენ. იმ ოდენობის არა, როგორც NBA-ში, მაგრამ მაინც სოლიდურ თანხებზეა საუბარი. ამიტომაც კალათბურთის ამ ნაირსახეობამ ის რომანტიზმი დაკარგა, რაც თუნდაც ბილი ჰარისის პერიოდში ახასიათებდა.
სტრიტბოლის ძირითადი წესები
თამაშში მონაწილეობას ორი გუნდი იღებს, თითოში ოთხი კალათბურთელი ირიცხება - სამი მოედანზე და ერთიც სათადარიგო. მატჩი ტარდება სტანდარტული საკალათბურთო მოედნის ნახევარზე. ფარი ორივე გუნდისთვის ერთია; ყოველი ახალი შეტევა ექვსმეტრიანი ხაზიდან უნდა დაიწყოს. მატჩი 10 წუთს ან 21 ქულამდე გრძელდება. თუ განკუთვნილ დროში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, შეხვედრა პირველ ჩაგდებულ ბურთამდე გრძელდება.ბურთს, რომელიც ტრადიციული ორქულიანი ზონიდან ჩავარდება, ერთი ქულა მოაქვს; ექვსმეტრიანი ხაზის გარედან შესრულებული ზუსტი ტყორცნა კი, ორი ქულით ფასდება. ყოველი პერსონალური ერთი საჯარიმო ტყორცნით ისჯება. არასპორტული ან ტექნიკური ჯარიმისთვის (უხეში თამაში, მოედანზე გინება...) დამნაშავე გუნდი საჯარიმო ტყორცნით ისჯება და ამასთან, შეტევის უფლებასაც კარგავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"