პაუ გასოლმა რიოს ოლიმპიადა დაადასტურა

AutoSharing Option
2015 წლის ევრობასკეტის გმირმა, ესპანეთის ნაკრების ლიდერმა პაუ გასოლმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.

"ოლიმპიადაზე აუცილებლად მნახავთ და შევეცდებით იქ მედლის მოგებას", - განაცხადა პაუმ, რომელმაც კარიერაში მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი და მეორედ გახდა ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე.

ლიტვასთან ფინალურ მატჩში (80:63), გასოლმა 25 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატებზე საერთო მონაგარი 1044 ქულამდე აიყვანა. ამით მან გაუსწრო ლეგენდარულ ნიკოს გალისს და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

გასოლზე წინ არიან მხოლოდ ტონი პარკერი
(1104 ქულა) და დირკ ნოვიცკი (1052). ამასთან, ესპანელი 35 წლისაა, ფრანგი - 33-ის და გერმანელი - 37-ის.

აქვე უნდა ვთქვათ ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრის - ფელიპე რეიესის მიღწევაზე. კერძოდ, ის ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ევრობასკეტზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტრიუმფის მომენტში რეიესი 35 წლის და 188 დღის იყო.

წინა რეკორდსმენი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი სერგეი ბელოვი. მან 1979 წელს, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი 35 წლისა და 147 დღის ასაკში მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული