სერბეთმა ლიდერი დაკარგა

AutoSharing Option
6 ივნისს, სერბეთის ნაკრების დამრიგებელმა დუშან ივკოვიჩმა 2013 წლის ევრობასკეტისთვის თავისი გუნდის წინასწარი შემადგენლობა გამოაცხადა.

სიაში მოხვდა თურქეთის "ეფესის" ლიდერი დუშკო სავანოვიჩი, მაგრამ, გახდა ცნობილი, რომ ის ვერ შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის დახმარებას, რისი მიზეზიც ზურგის ტრავმა გახლავთ. როგორც ახლა ირკვევა, თურქეთის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებში ეს კალათბურთელი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.

წელს, ევროლიგაზე ჩატარებულ 25 მატჩში სავანოვიჩმა საშუალოდ 9.4 ქულა და 3.7 მოხსნა დააგროვა.

* * *
ამასობაში, ევრობასკეტის კიდევ ერთი მონაწილის - ჩერნოგორიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკა პავიჩევიჩმა კონტინენტის
პირველობისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში ვხედავთ მის ლიდერებს, NBA-ის ლეგიონერებს - ნიკოლა პეკოვიჩსა და ნიკოლა ვუჩევიჩს.

შემადგენლობაში ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი კალათბურთელია თავმოყრილი. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ნატურალიზებული ამერიკელი ომარ კუკი, რომელსაც მისი თანამემამულე ტეილორ როჩესტი შეცვლის.

შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მცველები: ტეილორ როჩესტი (ბიელა, იტალია), ნიკოლა ივანოვიჩი, ვლადიმირ მიხაილოვიჩი, მარკო პოპოვიჩი (ყველა - "ბუდუჩნოსტი"), ბოიან ბაკიჩი ("მეტალაკი", სერბეთი), ბორის ბაკიჩი ("სკოპიე", მაკედონია), ნიკოლა პავლივევიჩი ("სუტიესკა");

ფორვარდები: სუად შეხოვიჩი, ალექსა პოპოვიჩი (ორივე - "ბუდუჩნოსტი"), სეად შეხოვიჩი ("შოლნოკი", უნგრეთი), ვლადიმირ დაშიჩი ("მეტალაკი", სერბეთი), მილკო ბიელიცა ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი ("მეგა ვიზურა", სერბეთი), მარკო ტოდოროვიჩი ("ბარსელონა", ესპანეთი), რადოსლავ სპასოევიჩი ("არკადია", ავსტრია), მილოშ კომატინა ("იგოკეა", ბოსნია);

ცენტრები: ნიკოლა პეკოვიჩი ("მინესოტა", NBA), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო", NBA), ბლაგოტა სეკულიჩი ("ტენერიფე", ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი ("ვალენსია", ესპანეთი), ფილიპ ბაროვიჩი ("შოლნოკი", უნგრეთი).

ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ჩერნოგორიელთა მეტოქეები არიან: სერბეთი, ბოსნია, მაკედონია, ლიტვა და ლატვია.

რვა გუნდი, ერთი საგზური
ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას 2013-14 წლის სეზონის ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ასეთი რვა გუნდია: "იგოკეა" (ბოსნია, მესამე ადგილი ადრიატიკის ლიგაში), "ლეტუვოს რიტასი" (ლიტვის ვიცე-ჩემპიონი), "სტრასბური" (საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი), "ოსტენდე" (ბელგიის ჩემპიონი), "ნიმბურკი" (ჩეხეთის ჩემპიონი), "ხიმკი" (რუსეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი), "ბანვითი" (თურქეთის ვიცე-ჩემპიონი) და "ოლდენბურგი" (გერმანიის ვიცე-ჩემპიონი).

ევროლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა ივლისის ბოლოს გაიმართება. ძირითად რაუნდში საგზურს ამ რვა გუნდიდან მხოლოდ ერთი - საუკეთესო მიიღებს. წარუმატებელები კი, თავის მხრივ, მნიშვნელობით მეორე ტურნირზე - ევროთასზე გადავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროჩელენჯი უქმდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული