პაუ გასოლი ნაკრებს არ დამშვიდობებია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ცენტრი პაუ გასოლი არ ფიქრობს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

"მიყვარს ჩემი ქვეყნის სახელით თამაში. ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ნაკრები - ჩემი კარიერის ნაწილია. მოვა დრო და მე აუცილებლად დავტოვებ ამ გუნდს, მაგრამ მეტს ამ თემაზე ნუღარ შემეკითხებით. ეროვნულ გუნდში თამაში - უბრალოდ, საჩუქარია ჩემთვის. ამას გავაკეთებ იქამდე, სანამ ძალა მეყოფა. ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის. საერთაშორისო დონეზე თამაშს მხოლოდ სიხარული მოაქვს", - განაცხადა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდმა.

ესპანელმა ასევე კომენტარი გაუკეთა რიოში თავ
ისი უმცროსი ძმის - მარკ გასოლის არყოფნას:

"ფაქტი ის არის, რომ მარკმა ვერ შეძლო ტურნირში მონაწილეობის მიღება. და არავინ იცის, რა მოხდებოდა, ის ჩვენს გვერდით ყოფილიყო. რაც არ უნდა იყოს, ყველა ტრიუმფი მასაც ეკუთვნის, რადგან მარკი კვლავაც ამ გუნდის ნაწილია".

რიოს ოლიმპიადის წინ, ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ 2016 წლის თამაშები ბოლო დიდი ტურნირი იქნებოდა გასოლისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. მაგრამ ვხედავთ, რომ 36 წლის ესპანელი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. დავამატებთ, რომ რიოში გასოლი ტურნირის საუკეთესო მექულე გახდა (156 ქულა), ესპანეთის ნაკრებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ლიტვა უმწვრთნელოდ დარჩა
რიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ლიტვის საკალათბურთო ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გადადგომის შესახებ გამოაცხადა 61 წლის იონას კაზლაუსკასმა.

"არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ ეს წელი ბოლო იქნებოდა ჩემთვის ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ეროვნულ გუნდში მუშაობის პერიოდში იყო მტკივნეული წაგებები და ლამაზი გამარჯვებები. ამაყი ვარ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ", - წერია კაზლაუსკასის განცხადებაში.

დავამატებთ, რომ ეს სპეციალისტი 2013 წლიდან ედგა სათავეში ლიტვის ნაკრებს. ამ დროს განმავლობაში, კაზლაუსკასმა ორჯერ მიიყვანა გუნდი ევრობასკეტის ვიცე-ჩემპიონობამდე (2013 და 2015 წლები), აგრეთვე მეოთხე ადგილზე გავიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

რიოს ოლიმპიადაზე ლიტვამ მეოთხედფინალი წააგო ავსტრალიის ნაკრებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული