ცენტრალური იყო შეხვედრა ლიტვასა და საფრანგეთს შორის, მაგრამ იქ მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ შედგა...
E ჯგუფი
ლატვია-უკრაინა 85:51
24:11, 18:11, 23:10, 20:19
ლ: იანიჩენოკსი (14), კუკსიკსი (13), მეიერსი (11+10 მოხსნა).
უ: გლადირი (12).
ორქულიანები: 19/29 (65,5%) - 15/45 (33,3%)
სამქულიანები: 15/29 (51,7%) - 3/16 (18,8%)
საჯარიმოები: 2/5 (40%) - 12/22 (54,5%)
მოხსნები: 40-34. პასები: 18-7. შეცდომები: 11-12.
გადამწყვეტი მომენტი: ამ მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველ მეოთხედში გაირკვა, როცა ლატვიელთა ცხრა მოთამაშემ
მატჩის გმირი: პირველ მეოთხედში კრისტაპს იანიჩენოკსმა მარჯვენა კუთხიდან ჩააგდო პირველი სამქულიანი და ამით თავისიანებს მაგალითი მისცა. იანიჩენოკსმა ოთხიდან ოთხი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და დაახლოებით 22 წუთში 14 ქულა დააგროვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ლატვიამ მთელი მატჩის განმავლობაში 29 სამქულიანი შეასრულა და 15 ჩააგდო (51.7 პროცენტი). ამ დროს კი უკრაინას თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე 29.5 პროცენტი ჰქონდა, სამქულიანებისა - 18.8 პროცენტი. გარდა ამისა, ლატვიამ მოხსნებშიც აჯობა მეტოქეს - 40:34.
ლატვია აგრძელებს ევრობასკეტზე სოლიდურ თამაშს და 11 სექტემბერს ამ გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში ოთხეულში შესვლასა და მეოთხედფინალში გასვლაზე.
ბალტიისპირელებმა პირველ ეტაპზე მართლაც კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა არავინ ელოდა, რომ აინარს ბაგატსკისის გუნდი 34 ქულის სხვაობით დაამარცხებდა უკრაინას.
ლატვიელებმა შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენეს და ამ გამარჯვებაში ყველამ შეიტანა წვლილი - 11-მა კალათბურთელმა მოიპოვა მინიმუმ ერთი ქულა. უკრაინამ სცადა მეორე მეოთხედში მეტოქის დაწევა და ვიაჩესლავ კრავცოვის აქტიურობით 11 ქულამდე შეამცირა სხვაობა (19:30), მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ისევ შორიდან გაისროლა იანიჩენოკსმა - ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 40:19 გახდა. დიდი შესვენებისთვის თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო - 42:22.
მეორე ტაიმი უკრაინელი ამერიკელის, პუჰ ჯეტერის სამქულიანი შეტევით დაიწყო, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია. ბლუმსისა და სტრელნიეკსის სამქულიანებით სხვაობამ ისევ ზრდა დაიწყო და მესამე მეოთხედის შემდეგ 33 ქულას მიაღწია, ყველაზე დიდი ანგარიშით კი ლატვია მეოთხე 10-წუთეულში იგებდა, როცა 36 ქულით დაშორდა მეტოქეს.
ბელგია-სერბეთი 69:76
18:19, 18:21, 15:14, 18:22
ბ: მუკუბუ (16+6 მოხსნა), ვან როსომი (12), ბეგინი (12), ერველი (8+9 მოხსნა).
ს: ნენად კრსტიჩი (17+5 პასი), მარკოვიჩი (15), ბოგდანოვიჩი (12+5 მოხსნა).
ორქულიანები: 15/37 (40,5%) - 20/36 (55,6%)
სამქულიანები: 19/39 (48,7%) - 20/36 (55,6%)
საჯარიმოები: 10/16 (62,5%) - 15/22 (68,2%)
მოხსნები: 27-37. პასები: 14-20. შეცდომები: 9-16.
გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედის ბოლოს ბელგიის ნაკრებმა 11:2 გაქცევა შეძლო და სამი ქულით დაწინაურდა - 51:48, მაგრამ სერბეთმა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე საპასუხო 13:1 სპურტი მოაწყო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
მატჩის გმირი: სერბების გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა ნენად კრსტიჩმა, რომელმაც 17 ქულა, ორი მოხსნა, ხუთი პასი და ორი დაფარება მიითვალა. გარდა ამისა, სერბეთის ნაკრების ცენტრის წინააღმდეგ ბელგიელები ათჯერ დაჯარიმდნენ.
სტატისტიკა არ ტყუის: სერბეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ ბრძოლაში (37:27), გარდა ამისა, 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა თამაშიდან, რაც მეტოქის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვა პროცენტით მეტია.
სერბეთს მოულოდნელად გაუჭირდა ბელგიის დამარცხება, თუმცა მაინც იძალა და თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალში თამაში. ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, თუ დუშან ივკოვიჩის გუნდი შემდეგ ტურში უკრაინას დაამარცხებს.
ფავორიტმა მძიმედ დაიწყო შეხვედრა და პირველ სამწუთნახევარში რვა უპასუხო ქულა მიიღო. ბელგია, რომელიც 1993 წლის შემდეგ პირველად თამაშობს ევრობასკეტის მეორე ეტაპზე, აგრძელებდა დამაჯერებელ თამაშს და მუკუმბუს სამქულიანის შემდეგ 15:8 გახადა ანგარიში. და სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდა სერბეთი და შესანიშნავი სპურტიც გამოუვიდა - 9:0, რამაც ამ გუნდს ლიდერობა მოუტანა - 17:15.
სერბებმა ტემპი არც მეორე მეოთხედის დასაწყისში დააგდეს, ზედიზედ ექვსი ქულა აიღეს და თავად დაწინაურდნენ შვიდი ქულით - 25:18. ისე ჩანდა, რომ ბელგია საბოლოოდ გატყდებოდა და თამაში მალე ინტრიგას დაკარგავდა, მაგრამ აქ იაქტიურა როელ მოორსმა, რომლის ორი სამქულიანი მოიცვა 14:5 გაქცევამ, რამაც ბელგიას ლიდერობა დაუბრუნა - 32:30.
თითქმის მთელი მატჩი ასეთი სცენარით მიდიოდა - ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე. სერბეთის პასუხმა არ დაიგვიანა - პირველი ტაიმის ბოლოს იყო 7:2 გაქცევა და დიდი შესვენებისთვის ოთხქულიანი ლიდერობის მოპოვება - 40:36.
მესამე მეოთხედში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტის შესახებ უკვე მოგიყევით, მატჩის ბედი კი თითქოს მეოთხე მეოთხედის სტარტზე გადაწყდა, როცა 13:1 გაქცევით სერბეთმა შეხვედრაში ყველაზე დიდ სხვაობას მიაღწია - 61:52.
მაგრამ ეს არ ყოფილა დასასრული - ბელგიამ გამონახა ძალა ბოლო გაბრძოლებისთვის, რაც 9:2 სპურტით აღინიშნა. სერბეთის უპირატესობა ორ ქულამდე დავიდა - 65:63 და სწორედ ამ დროს გუნდს მშველელად მოევლინა მარკოვიჩი, რომელმაც საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო. ამას ბოგდანოვიჩის ზუსტი შორეული ტყორცნაც დაემატა 49 წამით ადრე და სერბეთმა ურთულესი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ლიტვა-საფრანგეთი 76:62
16:10, 16:17, 19:15, 25:20
ლ: სეიბუტისი (15), ვალანჩუნასი (13+6 მოხსნა), კლეიზა (11+7 მოხსნა), კუზმინსკასი (10), კალნიეტისი (8+6 მოხსნა+7 პასი).
ს: დე კოლო (12), პარკერი (11), აჟინკა (10).
ორქულიანები: 21/39 (53.8%) - 21/44 (47.7%)
სამქულიანები: 5/19 (26.3%) - 5/21 (23.8%)
საჯარიმოები: 19/23 (82.6%) - 5/9 (55.6%)
მოხსნები: 37-36. პასები: 13-15. შეცდომები: 9-9.
გადამწყვეტი მომენტი: მეორე ტაიმის სტარტზე საფრანგეთი მხოლოდ ოთხი ქულით იყო ჩამორჩენილი - 31:35 და სწორედ ამ დროს ლიტვამ მოახერხა ლინას კლეიზასა და იონას მაჩიულისის ორი სამქულიანით ათი ქულით წინ გასვლა - 41:31. დარჩენილ დროში საფრანგეთი ოთხ ქულაზე ახლოს აღარ მისულა მეტოქესთან.
მატჩის გმირი: კლეიზას განსაკუთრებული შედეგიანობა არ უჩვენებია (11 ქულა), თუმცა ამას შვიდი მოხსნა და სამი პასი დაუმატა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +20 ჰქონდა.
სტატისტიკა არ ტყუის: პირველ ეტაპზე საფრანგეთი ყველაზე შედეგიანი გუნდი იყო (საშუალოდ 80.6 ქულას იხვეჭდა), მაგრამ ამ მატჩში მხოლოდ 62 ქულა დააგროვა. ლიტვამ პერიმეტრზე შესანიშნავი დაცვა ითამაშა - მეტოქეს სულ რაღაც ცხრა სამქულიანი ასროლინა, თანაც 23-პროცენტიანი სიზუსტით.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 3 0 219-196 6
2. ლიტვა 3 2 1 199-184 5
3. საფრანგეთი 3 2 1 221-213 5
4. ლატვია 3 1 2 215-198 4
5. უკრაინა 3 1 2 180-219 4
6. ბელგია 3 0 3 191-216 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013. I ჯგუფური ეტაპი. V ტური: ფინური სასწაული