სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!

AutoSharing Option
ლიტველი ვეტერანის, სერგეიუს იოვაიშას საქართველოში ვიზიტის შესახებ 9 დეკემბერს დავწერეთ. ისიც მოგახსენეთ, სად და ვის შეხვდა.

დღეს მის მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

ლეგენდას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გაბრიჩიძე მასპინძლობდა.

- არავინ ჩათვალოს, რომ ეს ვიზიტი წინასაარჩევნოდ განხორციელდა, დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ბატონმა სერგეიუსმა ახლა მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ, - მნიშვნელობა არა აქვს, გავხდები თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი, კალათბურთის განვითარებაში ლიტვის მაგალითის საქართველოში გადმოტანას მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. ამ საქმისთვისაა ჩამოსული ლეგენდარული კალათბურთელიც,
რომელიც ლიტვის სეიმის წევრიცაა. დაგვეხმარება როგორც პოლიტიკურად, ასევე სპორტულად.

ამის შემდეგ სიტყვა სერგეიუს იოვაიშამ აიღო:

- თქვენს ქვეყანაში 25 წელია არ ვყოფილვარ. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, ხმამაღლა ვთქვი - გამარჯობა, თბილისო, გამარჯობა, საქართველო! დაახლოებით ათი წლის წინათ ნიკოლოზ დერიუგინის გაცილების მატჩზეც უნდა ჩამოვსულიყავი, თვითმფრინავის ბილეთიც აღებული მქონდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს მამა გარდაეცვალა და ბილეთი დავაბრუნე.

ნაკრები, როგორც სარკე
- ნებისმიერი ნაკრები ქვეყანაში კალათბურთის განვითარების სარკეა. საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშებს 2011 წლის ევრობასკეტზეც ვადევნებდი თვალს და 2013 წელსაც.

თამამად ვიტყვი, რომ ორიგინალური სტილის საინტერესო გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.

მაგალითად, სექტემბერში ლიტვაში შეხვედრა 77:77 რომ დასრულდა, ჩვენმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვს მეგობრულად ხელის ჩამორთმევა და ფრის საბოლოო შედეგად დაფიქსირება შესთავაზა, რაზეც თქვენი მწვრთნელისგან უარი მიიღო.

5 ცოტაა
- გყავთ მაღალი დონის 5 კალათბურთელი, მაგრამ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასასვლელად აუცილებელია ათი ასეთი მოთამაშე. სწორედ აქედან ჩანს, რომ ქართულ კალათბურთს დახმარება სჭირდება. ნაკრების შესავსებად აუცილებელია, თავიდანვე დიდი ყურადღება მიექცეს ბავშვთა კალათბურთს.

მაგალითად, ლიტვაში ბევრი კარგი პატარაა, თუმცა მათგან კიდევ უფრო გამორჩეულებს თავიდანვე ხელს ვკიდებთ და თითოეულში დიდ ინვესტიციას ვდებთ, რაც რამდენიმე წელიწადში გვიფასდება.

30-40 ათასი მოზარდი
- ლიტვაში კალათბურთში წელიწადში 300 მილიონი ევრო ტრიალებს, ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 30-დან 40 ათასამდე ახალგაზრდა ვარჯიშობს და ამიტომაცაა ლიტვის ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე.

ასე რომ, ზოგ საკითხში კარგ მასწავლებლებადაც გამოვდგებით. ვიცით, რომ საქართველოში ლიტვის ოდენობის თანხა არ დაიხარჯება, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია საძირკვლის ჩაყრა პირამიდისთვის, რომლის წვეროში ეროვნული ნაკრები მოექცევა.

ევრობასკეტის ვერცხლი
- ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2013 მძიმედ დაიწყო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა ბიჭებს უთხრა - ან ჩანთებს ვალაგებთ და ლიტვაში მივდივართ, ან გავდივართ, ვიბრძვით და ვიგებთო.

გუნდი ამის შემდეგ მთლიანად შეიცვალა და ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მიაღწია. ორი წლის წინათ ევრობასკეტზე შინ, ლიტვაში პლეი ოფში მაკედონიასთან წავაგეთ. ვფიქრობ, წლეულს წარმატების საფუძველი მწვრთნელი იყო - კაზლაუსკასს კალათბურთელებში გაცილებით დიდი ავტორიტეტი აქვს.

ძველი დინამო
- თბილისში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნო იყო. მოედანზე საინტერესო შეხვედრა გველოდა, მოედნის მიღმა კი ქართველები და ლიტველები მეგობრები ვიყავით. ვიცოდით, რომ თბილისის სპორტის სასახლეში საქმე გვქონდა დინამიტთან, რომელთან ხუმრობა არ შეიძლებოდა.

თბილისის "დინამოს" ხომ ყოველთვის თავისი სახე ჰქონდა და შინ თითქმის არ აგებდა. "ჟალგირისს" თბილისში არვიდას საბონისის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებს სიმაღლით გამორჩეული ცენტრი არ ჰყავდათ.

დოსიე
სერგეიუს იოვაიშა
დაიბადა: 17.12.1954. ანიქჩაიში (ლიტვა).
სიმაღლე: 194 სმ.
პოზიცია: მსროლელი.
თამაშობდა
1973-89 - კაუნასის "ჟალგირისი"
1989-95 - გერმანიის "ჰაგენი"
მიღწევები
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი საბჭოთა კავშირის (1980) და ლიტვის ნაკრების (1992) შემადგენლობაში.
მსოფლიოს ჩემპიონი (1982) საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1978).
ევროპის ორგზის (1981, 1985) ჩემპიონი.
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1987) და ბრინჯაოს (1983) მედლების მფლობელი.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის (1985-87) ჩემპიონი, ვერცხლის მედლის (1980) და ბრინჯაოს (1978) მფლობელი კაუნასის "ჟალგირისის" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეჰ რამდენი ძველი ნაცნობი აღარ დახვდა ...
Tedo
22:05 10-12-2013
0
მაგარი კალათბურთელი იყო, შესანიშნავად ისროდა შორი დისტანციიდან და ასევე დაცვაშიც ჩინებულად თამაშობდა.
ზურა
14:31 10-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული