კვირა NBA-ში: ჰარდენის რეკორდი, "გოლდენ სტეიტის" ტიტული, სამმაგების ზღვა...

AutoSharing Option
სანამ "გოლდენ სტეიტი" და "სან ანტონიო" ერთმანეთში არკვევენ - რომელს დარჩება საკუთარი მოედნის უპირატესობა მთელი პლეი ოფის განმავლობაში, დასავლეთში დიდი ბრძოლა დაიწყო მეოთხე ადგილისთვის. ჯერჯერობით, ფავორიტად "იუტა" მოჩანს, მაგრამ არც "კლიპერსს", არც "ოკლაჰომასა" და არც "მემფისს" არ დაუკარგავთ შანსი - ოთხი გუნდი სამი მოგების დიაპაზონშია მოქცეული.

გასულ კვირას, ბრძოლა ძალიან დაიძაბა: "ოკლაჰომამ" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, "მემფისმა" - მეოთხე. თანაც, ორივე გუნდმა ამ სერიისას "სან ანტონიოს" დამარცხება შეძლო. საერთოდ, "მემფისი" საუკეთესოა ლიდერების წინააღმდეგ თამაშისას: მას "გოლდენ სტეიტის", "სან ანტონიოსა" და
"ჰიუსტონის" წინააღმდეგ ექვსი მოგება და სამი წაგება აქვს.

ტიტული
ამასობაში, "გოლდენ სტეიტმა" თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა დივიზიონის ტიტული. ბოლო წლებში, სტივ კერის გუნდის ერთადერთი კონკურენტი "ლოს ანჯელეს კლიპერსი" იყო, მაგრამ ამ გუნდს მუდმივი პრობლემები აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით, ამიტომაც, "უორიორზს" 25 მატჩის წაგების უფლება ჰქონდა და მაინც იქნებოდა წყნარი ოკეანის დივიზიონის გამარჯვებული.

ჰარდენი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს გააქტიურდა MVP-ის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჯეიმს ჰარდენი. ბოლო რვა დღის განმავლობაში ჰიუსტონელმა იმდენიმე სამმაგი დუბლი შეასრულა, რამდენიც წინა ორ თვეში. უფრო მეტიც, წვეროსანმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა - გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც სეზონში 40-ქულიანი შვიდი სამმაგი დუბლი შეასრულა.

რაც შეეხება "ჰიუსტონს", მან პრაქტიკულად დაიბევა მესამე ადგილი დასავლეთში: უფრო ზემოთ ვერ წავა, რადგან ხუთი მოგებით ჩამორჩება "სან ანტონიოს" და ამდენივე მოგებით უსწრებს "იუტას".

რეკორდი
სამმაგი დუბლები წლევანდელი სეზონის ნამდვილი ტრენდია და ამ მხრივ, უამრავი რეკორდი მყარდება. ლებრონ ჯეიმსმა ამ სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობა ათამდე აიყვანა, შესაბამისად, პირველად NBA-ის ისტორიაში, სამმა მოთამაშემ დააგროვა სეზონში ათი ან მეტი ტრიპლ-დაბლი.

ახლა ველოდებით მორიგ რეკორდს. თუ ჰარდენი 20 სამმაგ დუბლამდე მივა, პირველად რეგულარულში ორი მოთამაშე მიაღწევს ამგვარ ნიშნულამდე.

ტრავმა
"ჩიკაგოს" სეზონი უფსკრულისკენ მიექანებოდა და შეიძლება ითქვას, ბოლო წერტილს მიაღწია. "მემფისთან" მატჩში იდაყვი მოიტეხა დუეინ უეიდმა და სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაშს. ახლა, ჯიმი ბატლერს მარტოს მოუწეს გუნდის პლეი ოფში გაყვანა და "მილუოკისთან", "მაიამისთან" და "დეტროიტთან" ბრძოლაში "ჩიკაგო" ნამდვილად არ არის ფავორიტი.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "მაიამი ჰიტის" ცენტრი ჰასან უაიტსაიდი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თამაშიდან 73.0 პროცენტის სიზუსტით ისროლა, 20.0 ქულა დააგროვა და ამას, 13.7 მოხსნა დაუმატა. გარდა ამისა, უაიტსაიდის ანგარიშზე იყო 2.67 დაფარება. 27 წლის ცენტრი ზედიზედ 26 მატჩია დაფარების გარეშე არ ტოვებს მოედანს, გარდა ამისა, ზედიზედ 12 მატჩია ორმაგ დუბლს ასრულებს. გასული კვირის მატჩების შემდეგ, უაიტსაიდი გახდა მეორე მოთამაშე "მაიამის" ისტორიაში (რონი საიკლის შემდეგ), ვინც ერთ სეზონში 900 მოხსნა დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ დაასახელეს დამიენ ლილარდი. "პორტლენდის" გამთამაშებელი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მცველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო 35.3 ქულით, გარდა ამისა, 4.5 მოხსნა და 4.0 შედეგიანი პასი დააგროვა. ლილარდი თამაშიდან 55.1 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 59.4 პროცენტი ჩააგდო, გარდა ამისა, 36-დან 36 საჯარიმო გამოიყენა. პორტლენდელმა საუკეთესო მატჩი "მაიამის" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 49 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული