მეხუთე მატჩში სტუმრები ბოლომდე იბრძოდნენ, ბოლო წამებზე სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ჯარიმების ტაქტიკამ არ გაამართლა და "ჰიუსტონი" მეორე წრეში გავიდა.
ისევ ბრწყინავდა რასელ უესტბრუკი, რომელმაც 47 ქულა, 11 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მისი შეჩერება შეძლო პატრიკ ბევერლიმ. ამ კალათბურთელმა მეოთხე მეოთხედის პირველ 10 წუთში არ ჩააგდებინა ბურთი უესტბრუკს,
ხოლო, როცა უესტბრუკი ვერ აგდებს, "ოკლაჰომა" განწირულია. გუშინ, ერთად "თანდერის" სხვა მოთამაშეებმა თავიანთ ლიდერზე მხოლოდ ხუთი ქულით მეტი (52) დააგროვეს.
მიუხედავად ყველაფრისა, უესტბრუკი მაინც პლეი ოფის პირველი რაუნდის ერთ-ერთ გმირად უნდა მივიჩნიოთ. ისევე როგორც რეგულარული ჩემპიონატი, პლეი ოფიც მან საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - 37.4 ქულა, 11.6 მოხსნა და 10.8 პასი.
* * *
მას შემდეგ, რაც "მემფისმა" ორივე მატჩი მოუგო საკუთარ მოედანზე "სან ანტონიოს", სიტუაცია სერიაში დაიძაბა. "გრიზლისმა" მეხუთე მატჩშიც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია "სპურსს", მაგრამ, ჯერჯერობით, ამ სერიაში მხოლოდ მასპინძლები იგებენ.
"მემფისის" შემადგენლობაში საუკეთესო გახდა მაიკ კონლი (26 ქულა), მაგრამ მარტო მან ვერ შეძლო გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა. მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს ცუდი დღე ჰქონდათ. "სან ანტონიოს" რიგებში კი შეიძლება რამდენიმე კალათბურთელის გამოყოფა, მაგრამ გმირად მაინც მანუ ჯინობილი უნდა მოვიხსენიოთ. 17 წუთის განმავლობაში, 39 წლის არგენტინელი მაქსიმალურად სასარგებლო იყო - 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. რაც მთავარია ჯინობილიმ შეწყვიტა უსიამოვნო სერია - წინა ოთხ მატჩში მას არც ერთი ბურთი არ ჰქონდა ჩაგდებული თამაშიდან (0 15-დან).
* * *
ბლეიკ გრიფინის დაკარგვით დაუძლურებული "კლიპერსი" ვერ გაუმკლავდა "იუტას", რომელსაც რუდი გობერი დაუბრუნდა და ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობს. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გამოვიდა, თუმცა, სტუმრებმა ის მაინც მოიგეს სამი ქულით.
"კლიპერსს" 20 ათასი მაყურებლისგან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ მესამე მეოთხედში "იუტამ" უპირატესობის ზრდა დაიწყო. მეოთხე მეოთხედში კი არც ერთ გუნდს არ დაეწუნებოდა სიზუსტე, მაგრამ გამარჯვებული მაინც "ჯაზი" გამოვიდა ჯო ჯონსონისა და გორდონ ჰეივორდის (27 ქულა, 8 მოხსნა) წყალობით.
მატჩის გმირად სწორედ ჯონსონი უნდა მივიჩნიოთ, რომლის ორმა ზუსტმა ტყორცნამ თამაშის ბოლოს, "ჯაზი" სერიაში წინ გაიყვანა. ვეტერანმა "კლიპერსთან" სერიის მატჩების მიწურულს ათიდან რვა სროლა ჩააგდო. ბოლოს, ასეთი სიზუსტე ერთი კონკრეტული სერიის შეხვედრების მიწურულს ალენ აივერსონს ჰქონდა (2003 წელს).
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 105:99
16:22, 35:22, 21:33, 33:22
ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა), უილიამსი (22), ბევერლი (15+8 მოხსნა), ნენე (14+7 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (47+11 მოხსნა+9 პასი), აბრინესი (11), გრანტი (11), ოლადიპო (10), გიბსონი (10+8 მოხსნა).
სერია: 4-1
სან ანტონიო-მემფისი 116:103
23:23, 32:26, 32:27, 29:27
ს-ა: ლენარდი (28+6 პასი), მილსი (20), პარკერი (16+6 პასი), ოლდრიჯი (12+9 მოხსნა), ლი (11+8 მოხსნა), ჯინობილი (10).
მ: კონლი (26+6 პასი), მ. გასოლი (17+7 პასი), ენისი (11), გრინი (11), კარტერი (10).
სერია: 3-2
კლიპერსი-იუტა 92:96
21:19, 22:27, 15:18, 34:32
კ: პოლი (28+8 პასი), რედიკი (26), ჯორდანი (14+12 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (27+7 მოხსნა), ჰუდი (16), ჯონსონი (14+8 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (12+7 პასი), გობერი (11+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), დიაო (10).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"