ეს დაახლოებით ის იყო, რაც თავის დროზე გადახდა თავს ლებრონ ჯეიმსს თავისი ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ. მიუხედავად ამისა, დურანტი მშვენივრად უმკლავდება ზეწოლას და აგრძელებს მოედანზე სარგებლობის მოტანას.
ფორვარდი, რომელსაც, ალბათ, ნახევარი მსოფლიო ვერ იტანს, თავის კარიერაში მეორე ფინალურ სერიაში ჩაება. კევინმა აღიარა, რომ არ ნანობს გადაწყვეტილებას, რომელიც გასულ ზაფხულს მიიღო.
ბევრი ამბობს, რომ თამაში მოვატყუე
- რა მნიშვნელობა - ეს წელი ნამდვილად განსხვავებულია სხვებისგან. მხედელობაში მაქვს ის, რომ ადრე არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რამ - თითქოს მიკროსკოპის ქვეშ მაკვირდებიან. ადრე ბევრს არ უნდოდა ჩემთვის ხასიათის გაფუჭება. ახლა კი ეს შეიძლება მოხდეს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს სახალისოა, საინტერესოა იმის დამტკიცება, რომ ისინი არ არიან მართლები.
როგორც გუნდს, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ვგრნობ, რომ არ შევცვლილვარ.
ვაგრძელებ მონდომებით მუშაობას. ვიცი, ბევრს ლაპარაკობენ, რომ ვითაღლითე, თამაში მოვატყუე, მაგრამ მე სერიოზულად ვეპყრობი საკუთარ საქმეს. ასე მონდომებით რომ არ ვმუშაობდე, მაშინ გავიგებდი ჩემი არაკეთილისმსურველთა სიტყვებს. მაგრამ მიყვარს კალათბურთი, მიყვარს პარტნიორების გამო თამაში. უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ თამაშისგან. არ მომწონს მთელი ეს მსჯელობა იმის შესახებ - ვინ ვარ, რატომ მოვიქეცი ასე და როგორ შევიცვალე.
ვფიქრობ, ამ წელმა მასწავლა კონცენტრაცია მართლაც მნიშვნელოვან საკითხებზე - როგორც კალათბურთში, ასევე მთლიანად ცხოვრებაში. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც ავითვისე.
- თქვენ თქვით: "უნდა დავამტკიცო, რომ ბევრი ადამიანი არ არის მართალი". მაინც რომელ აზრს მიიჩნევთ არასწორად ან უსამართლოდ?
- არ მინდა იმის თქმა, რომ ბევრი ადამიანი პატივს არ სცემს ჩემს თამაშს. ბევრს მართლაც მოსწონს ის, რასაც მოედანზე ვაკეთებ. უბრალოდ, მინდა იმის დამტკიცება, რომ პირველ რიგში, კალათბურთი თამაშად უნდა დარჩეს. ყველასთვის სულ ერთი იყო, რას ვაკეთებდი რვა წლის ასაკში, როცა პირველად დავიწყე თამაში. მინდოდა, უბრალოდ, თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და არ მეკამათა მთელ იმ სისულელეზე, რაც კალათბურთს ახლავს თან. მაგალითად, იმაზე, ვინ არის უკეთესი.
- რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი თქვენთვის პროფესიული ზრდის მხრივ?
- იმავე გზაზე დავრჩი. ახლა 28 წლის ვარ, ყოველდღე რაღაც ახალი ვიგებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვიმყოფები ოკლაჰომა-სიტიში თუ ოკლენდში. საკუთარ დონეს ნებისმიერ გუნდში მივაღწევდი.
- ბოლო ექვსი სეზონიდან ხუთში თქვენ MVP-ის პრიზის პრეტენდენტთა პირველ ხუთეულში იმყოფებოდით. წელს თქვენზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. გრძნობთ ზეწოლა იმ მხრივ, რომ ვარსკვლავურ გუნდში გადასვლის შემდეგ, რომელშიც MVP-ის პრიზის ორგზის მფლობელი თამაშობს, თქვენს კანდიდატურას არ განიხილავენ MVP-ის მიღებაზე?
- არა. იმიტომ, რომ ვიცოდი, რისთვის იყო ეს საჭირო. ვიცოდი, რომ ეს არ კეთდებოდა ჩემი თამაშისთვის. სტატისტიკის მხრივ, სხვა მოთამაშეებს უკეთესი სეზონები აქვთ - ეს მართალია.
საქმე ჩემს თამაშში არ არის. უფრო ცუდად მოქმედება არ დამიწყია. მე ჯერ ისევ მიმიჩნევენ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ სინამდვილეში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, ჩემი გავლენა თამაშზე არ შესუსტებულა. "უორიორზში" გადასვლამდეც ჩემზე არ ლაპარაკობდნენ MVP-ის კონტექსტში. ეს რომ მომხდარიყო, უნდა გამეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული, მაგალითად, დამესრულებინა სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით. რა თქმა უნდა, ამ გუნდში ეს არ მოხდა, მაგრამ ჩემთვის სულერთია. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, როგორ გავხდე უკეთესი და ამასთან, დავრჩე იმად, ვინც ვარ და დავეხმარო "გოლდენ სტეიტს" მოგებაში.
- თქვენ ამბობდით, რომ "უორიორზში" გადასვლა არ უკავშირდებოდა საჩემპიონო ბეჭდისთვის დევნას. როგორ შეიცვალა თქვენი თამაში? მაგალითად, უფრო გაგიადვილდათ თუ არა ტყორცნების შესრულება? ხომ არ გეჩვენებათ, რომ იმავე რაოდენობის ქულებს იღებთ, მაგრამ, ამასთან, ნაკლებ სამუშაოს ასრულებთ?
- ვფიქრობ, ასეა. რა თქმა უნდა, როცა აგრძელებ საკუთარი თამაშის დახვეწას, როცა გამოდიხარ უფრო ძლიერ გუნდში, როცა შენ გარშემო არიან ბიჭები, რომლებსაც ეხერხებათ ბურთის დაჭერა, ტყორცნების რეალიზაცია, სამწამიანში ქულების აღება, თქვენთვის ყველაფერი უფრო იოლი ხდება.
ჩვენ, უბრალოდ, კარგად ვმუშაობთ ერთად. "უორიორზში" გადასვლამდეც ბევრ ქულას ვაგროვებდი. პირველად არ ვიყენებ თამაშიდან ტყორცნების 50 პროცენტს და პირველად არ ხდება, რომ საშუალოდ მატჩში 25 ქულას ვიღებ. მე არ ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ ჩემ გარშემო ძლიერი მოთამაშეები არიან. ამას ადრეც ვაკეთებდი. დღეს მე უფრო ცოტას ვისვრი, მაგრამ ვრჩები ეფექტური, უფრო მეტი სივრცე მიჩნდება. მაგრამ შესანიშნავი წლები ადრეც მქონდა. უბრალოდ, დღეს მე სხვანაირად ვაგროვებ ჩემს ქულებს.
ხალხისთვის ეს თამაშია, ჩემთვის - რეალური ცხოვრება
- თქვენ თქვით, რომ "ოკლაჰომას" დატოვების შემდეგ გულშემატკივრების უკმაყოფილებას ელოდით. ეს სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ლებრონ ჯეიმსის ცნობილ გადაწყვეტილებას, როცა ის "კლივლენდიდან" მიდიოდა. ელაპარაკეთ მას იმის შესახებ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა?- არა. ამ ყველაფერს თავად უნდა გავმკლავებოდი. თანაც, ეს არც ისე სერიოზული საკითხია. არ ვაპირებ ლებრონის დროის ფლანგვას მსგავსი თემების განსახილველად. ველოდი უარყოფით რეაქციას. ვიცოდი, რომ ბევრს შევვძულდებოდი. ეს ადამიანები უმიზეზოდ იყვნენ გაბრაზებულები, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემს გადაწყვეტილებას არანაირად არ უმოქმედია მათ ცხოვრებაზე. ხალხისთვის ეს მხოლოდ თამაშია, ჩემთვის - რეალური ცხოვრება.
მე, ჩემს მეგობრებსა და ოჯახს უნდა გაგვევლო ეს ყველაფერი. ყველა დანარჩენისთვის ეს ერთი უბრალო განსახილველი თემა იყო. ეს იყო დიალოგი საპარიკმახეროში ან სატელეფონო შეტყობინება მეგობრისთვის - როცა სხვა საქმე არ გაქვს.
- გული დაგწყვიტათ თუ არა ოკლაჰომა-სიტიში პირველმა დაბრუნებამ? დარწმუნებული ვარ, არ მოგეწონებოდათ მთელი ეს შეურაცხყოფა ადგილობრივი ფანებისაგან...
- ხალხისთვის ეს იყო, უბრალოდ, ორსაათიანი გართობა. ისინი შინ დაბრუნდნენ და მეორე დღეს სამსახურებში წავიდნენ. სულ ეს არის. ამიტომაც არ მივიღე გულთან ასე ახლოს. ხალხი არ შემზიზღდება იმის გამო, რომ მათ ცუდად მომიხსენიეს. მათთვის ეს მხოლოდ გართობაა. მათი ცხოვრება არ შეცვლილა იმით, რაც მე გავაკეთე. თამაშის შემდეგ ისინი სახლში მივიდნენ და უკვე აღარაფერი ახსოვდათ. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, როგორც მე - ჩემი. არ ვბრაზობ. ჩემთვისაც ეს მხოლოდ თამაშია.
- მოგვიყევით მუხლის ტრავმის შესახებ, რომელიც ამ სეზონში მიიღეთ. როგორ გაუმკლავდით მას?
- ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი, მთელი ორგანიზაცია მეხმარებოდა. ყოველდღე ვდგამდი ნაბიჯს წინ. ყველას უხაროდა ჩემ გამო, როცა სირბილი დავიწყე. მახსოვს, ტრავმის მიღების მომენტში გავიფიქრე: "არა, ოღონდ ეს ისევ არ მოხდეს". შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა. ექვსი კვირა დამჭირდა აღდგენისთვის. ტრავმები ხდება. ეს თამაშის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. საჩემპიონო ბეჭდის გარდა, ბევრი მიზანი მაქვს.
- მთელი სეზონის განმავლობაში ყველა განიხილავდა თქვენს ურთიერთობას ყოფილ პარტნიორთან, რასელ უესტბრუკთან. კენდრიკ პერკინსმა კევინ გარნეტის გადაცემაში განაცხადა, რომ განაახლეთ ურთიერთობა უესტბრუკთან მას შემდეგ, რაც მან ოსკარ რობერტსონის რეკორდი მოხსნა სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით. როგორ აღიქვით პერკინსის გულახდილობა?
- არ მინდოდა, მას ეს გაეკეთებინა, მაგრამ ვიცნობ პერკს და არ ვბრაზობ მის გამო. ის ჩემი ძმაა და ყოველთვის დარჩება. ის, უბრალოდ, თავის მეგობრებს ელაპარაკებოდა. ყველაფერი ნორმალურადაა.
- ის მართალია? პირველად მხოლოდ ახლა ელაპარაკეთ რასელს?
- არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.
- რა იქცა ყველაზე დიდ ბარიერად ახალ გუნდთან შეგუების პროცესში?
- ამაზე არც დავფიქრებულვარ. ჩვენ, უბრალოდ, ვთამაშობდით და ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. უფრო მეტ დროს ვუთმობდი უბურთოდ მოძრაობას, მაგრამ ეს სირთულეს არ წარმოადგენდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის საჩემპიონო ბეჭედი?
- ბეჭედი არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა. ბევრი მიზანი მაქვს, რომელთა ასრულება მინდა. კარგი იქნება იმ ემოციების განცდა, რაც ტიტულის მოგებას მოაქვს. შემდეგ რა იქნება? ორი-სამი კვირა ზეიმი. შარშან "კლივლენდის" მოთამაშეები ვეგასში წავიდნენ და ჩემპიონობას იქ აღნიშნავდნენ. რა თქმა უნდა, მეც მინდა განვიცადო იგივე. ბოლოს და ბოლოს, ეს იქნება კიდევ ერთი საკალათბურთო მიღწევა ჩემთვის. ვნახოთ. მაგრამ თუ ასე მოხდება, არ ჩავიკეტები საკუთარ თავში. გავაგრძელებ მუშაობას და კალათბურთისგან სიამოვნების მიღებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"