NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერის" ზედიზედ მე-14 გამარჯვება

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსმა" მცირე სასწაულის წყალობით მოახერხა თავისი მოგებათა სერიის 14 მატჩამდე აყვანა. ჯორჯ კარლის გუნდი საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ფილადელფიას". დენვერელებს შინ ზედიზედ 15 მატჩი ჰქონდათ მოგებული, "სიქსერზს" – სტუმრად ზედიზედ 15 წაგებული.

ეს არ იყო "დენვერის" საუკეთესო თამაში საკუთარ მოედანზე. მთელი შეხვედრის განმავლობაში "ნაგეტსი" ახორციელებდა თავის საფირმო გარღვევებს და თითქოს აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, მაგრამ "ფილადელფია" მუდმივად გვერდით იყო და ხანდახან წინ გასვლასაც ახერხებდა. სტუმრებს ლიგაში ყველაზე ცუდი შეტევა აქვთ, მაგრამ დაცვას მაინც არ ივიწყებენ. მასპინძლები კი დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ
დაცვას და მთელი ძალით ცდილობდნენ შეტევის დალაგებას, რასთან დაკავშირებითაც კარლის გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველ მეოთხედში "ნაგეტსმა" დაუშვებლად ბევრი – ცხრა შეცდომა დაუშვა. მხოლოდ კორი ბრიუერს მისდიოდა თამაში, თანაც არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც (5 ჩაჭრა).

მესამე მეოთხედის დასაწყისში "დენვერი" ექვსი ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ შემდეგ 2:13 გაქცევა გამოეპარა, რასაც საკუთარი სპურტით უპასუხა – 14:5. ისე ჩანდა, რომ "ფილადელფია" ვეღარ გაუძლებდა ამ შემოტევებს, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო 12-წუთეულის დასაწყისში დაამუხრუჭეს. "ნაგეტსმა" კიდევ ერთი გაქცევა მიიღო – 3:12, რომლის ორგანიზატორი იყო ევან ტერნერი. თუმცა ამ უკანასკნელმა დააღალატა ბოლოს თავისი გუნდი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.

თითქოს, მასპინძლები თამაშს უბრუნდებოდნენ, მაგრამ ჰოიესმა და ჰოლიდეიმ მორიგი სპურტი მოაწყვეს – 9:3 და სირენამდე ორი წუთით ადრე, სტუმრების უპირატესობა 8 ქულას შეადგენდა. და სწორედ ამ დროს დაიწყო "ნაგეტსმა" გადამწყვეტი გაქცევა – 11:2. საკვანძო აღმოჩნდა ბრიუერის სამქულიანი სირენამდე 14 წამით ადრე, როცა "სიქსერზი" ხუთ ქულას იგებდა, აგრეთვე ტერნერის მიერ გაფუჭებული ორი საჯარიმო. "დენვერს" შვიდი წამი ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად ან მატჩის მოსაგებად. კორი ბრიუერმა მეორე ვარიანტი აირჩია. სამქულიანის შესრულებისას მასზე ჯარიმა აიღო დემიენ უილკინსმა და მატჩის გმირმა სამივე საჯარიმო გამოიყენა. საპასუხო შეტევაში კი იმავე უილკინსს დაუფარა ენტონი რენდოლფმა. მატჩის შემდეგ ჯორჯ კარლის ღიმილი იმას ნიშნავდა, რომ "დენვერის" მწვრთნელს თავად არ სჯეროდა ამ გამარჯვების.

როგორც უკვე ვთქვით, წელს სამი გუნდი თამაშობს ყველაზე კარგად საკუთარ მოედანზე და გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, "დენვერს" საშინაო არენაზე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს:

1. დენვერი: 31 მოგება – 3 წაგება
(მარცხი "მაიამისგან", "მინესოტასგან" და "ვაშინგტონისგან")
2. მაიამი: 30 მოგება – 3 წაგება
(მარცხი "ნიუ იორკისგან", "გოლდენ სტეიტისგან" და "ჩიკაგოსგან")
3. სან ანტონიო: 29 მოგება – 4 წაგება
(მარცხი "ნიუ იორკისგან", "კლიპერსისგან", "ფინიქსისგან" და "პორტლენდისგან").

"ნაგეტსის" უახლოესი მატჩები:
საკრამენტო (შინ);
ნიუ ორლეანი (სტუმრად);
სან ანტონიო (სტუმრად);
ბრუკლინი (შინ);
იუტა (სტუმრად).

ჩიკაგო-პორტლენდი 89:99
21:20, 16:32, 16:28, 36:19
ჩ: ნოა (18+6 მოხსნა), ბუზერი (16+11 მოხსნა), გიბსონი (14+9 მოხსნა), ბატლერი (12).
პ: ოლდრიჯი (28+8 მოხსნა), ლილარდი (24+7 პასი), ბატუმი (11+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (11), ჰიქსონი (9+21 მოხსნა).

დენვერი-ფილადელფია 101:100
17:22, 34:22, 24:27, 26:29
დ: ბრიუერი (29+5 ჩაჭრა), მილერი (21+8 პასი), იგუოდალა (13), გალინარი (12).
ფ: უილკინსი (24+4 ჩაჭრა), ჰოლიდეი (18+6 მოხსნა+15 პასი+4 ჩაჭრა), ტ. იანგი (18), ჰოიესი (17+12 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ტერნერი (12).

საკრამენტო-მინესოტა 101:98
25:26, 28:31, 26:20, 22:21
ს: ტომასი (24+6 პასი), ტ. ევანსი (21+5 მოხსნა+5 პასი), კაზინსი (15+14 მოხსნა), სალმონსი (13+5 მოხსნა), პატერსონი (11).
მ: პეკოვიჩი (18+12 მოხსნა), რუბიო (12+7 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), კანინგემი (12+5 მოხსნა), უილიამსი (12), ბარეა (11+6 პასი).


მხოლოდ ღმერთმა იცის
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა აღიარა, რომ ჯერ ისევ არ არის გარკვეული მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი.

"ზუსტი ვადის თქმა შეუძლებელია. ჯერ არაფერი მაქვს დაგეგმილი. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ ან ერთი თვის შემდეგ. თავს ისე ვგრძნობ, რომ თითქოს შემიძლია მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის დავბრუნდები მოედანზე", - ამბობს როუზი NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მარცხენა მუხლის დაზიანების გამო, როუზი შარშან გაზაფხულის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს.

შარლოტში რევოლუცია იქნება
"შარლოტ ბობკეტსის" მფლობელმა, ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს შეეხება ყველას: მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გუნდის მეჯენერებს. სავარაუდოდ, პირველი, ვინც "ბობკეტსის" რიგებს დატოვებს, მთავარი მწვრთნელი მაიკ დანლივი იქნება. ის მეოთხე მწვრთნელია "შარლოტში" 2007-08 წლების სეზონის შემდეგ.

წელს, "შარლოტი", შესაძლოა, ზედიზედ მეორედ გახდეს რეგულარულის ყველაზე უარესი გუნდი, სულ კი თავის ცხრაწლიან ისტორიაში, კლუბი მხოლოდ ერთხელ გავიდა პლეი ოფში.

მგლები უმწვრთნელოდ რჩებიან?
"მინესოტას" მთავარი მწვრთნელი რიკ ადელმანი არ გამორიცხავს ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი მეუღლე ვერ მოაგვარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

"ეს საკითხი ჩემს ოჯახთან ერთად უნდა განვიხილო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორ განვითარდება სიტუაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი მოქმედება ბუნებრივი და ობიექტური იქნება", - ამბობს ადელმანი.

მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 66 წლის ადელმანმა სამი კვირით დატოვა "მინესოტა" იანვარში. მთავარი მწვრთნელის არყოფნაში "მგლებმა" 11 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ორი მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიტს" ყველაფერი შეუძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული