NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჯეიმს ჰარდენმა "სპურსს" მოუგო

AutoSharing Option
"მილუოკი", როგორც ჩანს, შეურიგდა იმას, რომ პლეი ოფის პირველ წრეში "მაიამისთან" მოუწევს შეხვედრა. "ირმებმა" საკუთარ მოედანზე ვერ შეძლეს "ატლანტას" დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ მონტა ელისმა მეოთხე მეოთხედში შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ ვერ მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე, "ატლანტამ" კი, თავის მხრივ, ბოლო წამებზე თითქმის უშეცდომო თამაში აჩვენა.

სტუმრების მაქსიმალური უპირატესობა 7 ქულას აღწევდა, მასპინძლები კი 5 ქულაზე შორს არ წასულან. სწორედ ეს ჰანდიკაპი ჰქონდა ელისსა და კომპანიას სირენამდე 2 წუთითა და 45 წამით ადრე. მაგრამ, ამის შემდეგ, "მილუოკიმ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის,
რომ "ატლანტას" თამაში გადაერჩინა – უშვებდა უაზრო შეცდომებს, აცილებდა საჯარიმოებს, აგებდა ფარქვეშ ბრძოლას თავის ნახევარზე... ამით, "ირმებმა" თითქმის გარანტირებული მოგება გაუშვეს ხელიდან.

"მაიამიმ", როგორც მოსალოდნელი იყო, დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა შინ "შარლოტთან" და მოგებათა სერია 26 მატჩამდე აიყვანა. ოღონდ, ფლორიდელები მაშინ ათამაშდნენ, როცა მეტოქეს პირველ მეოთხედში ორნიშნა უპირატესობა მისცეს. მათ მშვიდად შეამცირეს ეს ჩამორჩენა და წინ გაიქცნენ. ეს მატჩი, რომელსაც "ჰიტი" დუეინ უეიდის გარეშე ატარებდა, ფლორიდელებისთვის ვარჯიშს ჰგავდა, რომელიმე უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ. საბოლოოდ, ლიდერმა და ჩემპიონმა 32 ქულით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხმა გუნდმა შეძლო ასეთი სხვაობით გამარჯვება მაშინ, როცა 10 ქულაზე მეტით იყო ჩამორჩენილი.

"მინესოტას" თამაშიდან 50-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა "ჩიკაგოსთან" მატჩში და მაინც ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. "ხარები" ფარქვეშ დომინირებდნენ იმის მიუხედავად, რომ აკლდათ მთავარი დამცველი - ჟოაკიმ ნოა. სწორედ ამ ფაქტორის წყალობით შეძლეს მოგება სტუმრებმა. როგორც კი "მინესოტამ" პირველ მეოთხედში შვიდქულიანი უპირატესობა მოიპოვა, "ჩიკაგომ" მაშინვე უპასუხა გამანადგურებელი სპურტით (32:10). მეოთხე მეოოთხედის შუამდე "ბულსი" ორნიშნა უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა დერიკ უილიამსმა გაურთულა ცხოვრება. ამ კალათბურთელმა კარიერის რეკორდი გაიმეორა ქულების რაოდენობით, თუმცა მის პარტნიორებს დაავიწყდათ, რომ ქულების დაგროვების გარდა, ფარქვეშ კარგი მუშაობაც საჭიროა. საბოლოოდ, "ჩიკაგომ" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა "მინესოტა".

წელს, "ჰიუსტონისა" და "სან ანტონიოს" ტექსასურ დერბიში "რაკეტებს" სამიდან სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული, მაგრამ მეოთხე შეხვედრაში არ მისცეს "სპურსს" ამ სერიის მშრალად მოგების საშუალება. "ჰიუსტონელთა" რიგებში ყველაზე შეურიგებელი ჯეიმს ჰარდენი აღმოჩნდა. სწორედ მან ჩააგდო სირენამდე 4.5 წამით ადრე საშუალო ტყორცნა, რომელმაც გამარჯვება მოუტანა "როკეტსს". "სან ანტონიოში" მატჩის დიდი ნაწილი ბრწყინავდა ტონი პარკერი, რომელმაც მეოთხე მეოთხედში, ფაქტობრივად მარტომ დაუბრუნა თავის გუნდს თამაში და წინ გაიყვანა "სპურსი". ფრანგს ძალიან უყვარს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ თამაში და წელს, სწორედ ამ გუნდთან გაიფორმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი, თუმცა ბოლო სროლას მატჩში არა ტონი, არამედ დანკანი ასრულებდა, მაგრამ ააცილა. უნდა აღინიშნოს "რაკეტების" პროგრესი დაცვით თამაშში. ბოლო მატჩებში აშკარად გამოჩნდა, რომ აგრესიული შეტევის გარდა, გაჩნდა სათამაშო სქემები დაცვაში, რაც "სან ანტონიოს" დონის გუნდებთან მატჩში ძალიან საჭირო და სასარგებლოა. ბოლო ექვს მატჩში "ჰიუსტონმა" მხოლოდ ორჯერ მისცა მეტოქეებს 100 ან მეტი ქულის დაგროვების საშუალება.

სხვათა შორის, დასავლეთში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში "სან ანტონიოს" თითქმის დაეწია "ოკლაჰომა", რომელმაც თავის მოედანზე დაამარცხა "პორტლენდი". ცნობისთვის, ამ გუნდს მანამდე ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული სტუმრად. "ბლეიზერსის" მთავარი სენი ის არის, რომ არ შეუძლია მთელი მატჩის თანაბრად ჩატარება. ამჯერადაც, გუნდმა პირველ ტაიმში 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და დიდი შესვენებისთვის წინ გავიდა, მაგრამ მეორე ნახევარში ტყორცნების მესამედი მიზანს ასცდა. "ოკლაჰომამ" კი არ დააღალატა თავისი გულშემატკივარი, რომელმაც ზედიზედ 102-ე (!) ანშლაგი დააფიქსირა. მასპინძლებმა საფირმო სპურტი ბოლო მეოთხედში განახორციელეს, როცა "პორტლენდი" არასასიამოვნო დისტანციაზე მიუახლოვდა მეტოქეს. ოლდრიჯმა ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა, რასაც "თანდერის" მხრიდან 15 უპასუხო ქულა მოჰყვა.

პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში "პორტლენდის" სიტუაცია ძალიან გართულდა, მით უმეტეს, რომ "დალასმა" ძალიან პრინციპულ შეხვედრაში მოუგო "იუტას". ეს უკანასკნელი ძალიან ცუდად ატარებს რეგულარული სეზონის დასკვნით ნაწილს. "ჯაზმენებმა" გასვლაზე ზედიზედ მეცხრე მატჩი წააგეს, სულ კი ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვეს. "იუტას", როგორც წესი, არაფერი გამოსდის დალასში. "მავერიქსმა" ბოლო 22 საშინაო მატჩში მეცხრამეტედ დაამარცხა "ჯაზი". მატჩის გმირი გახდა 37 წლის მცველი მაიკ ჯეიმსი, რომელიც სამი თვის წინ უმუშევარი გახლდათ. სწორედ ის იყო მთავარი ფიგურა მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მოწყობილი სპურტის დროს, რომელიც 20:2 დასრულდა.

სხვათა შორის, მარტის დასაწყისიდან, როცა ჯეიმსი "მავერიქსის" სასტარტო ხუთეულის წევრი გახდა, "კოვბოებმა" 11-დან 8 მატჩი მოიგეს. "იუტას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ღირსეულად უპასუხეს "დალასის" გაქცევას – ბოლო სამი წუთი "ჯაზმენებმა" 21:7 მოიგეს. რჩებოდა შვიდი წამი და სამქულიანი დეფიციტი, მაგრამ კოლისონმა ზუსტად ისროლა საჯარიმოები და დაუტოვა "მავერიქსს" პლეი ოფში გასვლის შანსი. ეს შანსი არც "იუტას" აქვს დაკარგული, რადგან მომდევნო 10 მატჩიდან რვას ის საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

მილუოკი-ატლანტა 99:104
24:24, 25:26, 25:24, 25:30
მ: ელისი (20), ილიასოვა (19+10 მოხსნა), სანდერსი (15+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯენინგსი (12+13 პასი+3 ჩაჭრა), უდო (10).
ა: ჰორფორდი (24+7 მოხსნა+6 პასი), სმიტი (23+9 მოხსნა), ჰარისი (16), ტიგი (14+8 პასი).

მაიამი-შარლოტი 109:77
23:19, 24:20, 26:18, 36:20
მ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ბოში (15+6 მოხსნა), კოული (15+6 პასი), ალენი (14+7 მოხსნა).
შ: უოკერი (20+6 მოხსნა), ჰენდერსონი (18+5 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (13+10 მოხსნა), ბიიომბო (2+11 მოხსნა).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 96:95
22:20, 21:26, 31:21, 22:28
ჰ: ჰარდენი (29+9 მოხსნა+6 პასი), პარსონსი (20+8 მოხსნა), ბევერლი (11), მოტეიუნასი (10), აშიქი (5+14 მოხსნა+3 დაფარება)
ს-ა: პარკერი (23+7 პასი), დანკანი (17+7 მოხსნა), ლეონარდი (12+6 მოხსნა), სპლიტერი (10+6 მოხსნა), დიაო (10).

ოკლაჰომა-პორტლენდი 103:83
24:19, 21:28, 30:21, 28:15
ო: დურანტი (24+10 მოხსნა), უესტბრუკი (21+9 პასი), იბაკა (16+5 დაფარება), კევ. მარტინი (11), კოლისონი (10+6 მოხსნა).
პ: ლილარდი (19+6 პასი), ბატუმი (13+8 მოხსნა+8 პასი), ჰიქსონი (12+7 მოხსნა), ოლდრიჯი (10+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), მეინორი (10).

მინესოტა-ჩიკაგო 97:104
16:23, 27:33, 25:22, 29:26
მ: უილიამსი (28+5 მოხსნა), პეკოვიჩი (15+8 მოხსნა), რუბიო (15+5 მოხსნა+8 პასი), კანინგემი (10).
ჩ: რობინსონი (22+10 პასი), ბატლერი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბუზერი (19+12 მოხსნა), დენგი (17+7 მოხსნა), გიბსონი (12+11 მოხსნა), მოჰამედი (4+10 მოხსნა).

დალასი-იუტა 113:108
24:27, 29:25, 30:19, 30:37
დ: ჯეიმსი (19+5 პასი), ნოვიცკი (17+6 მოხსნა), მერიონი (15+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარტერი (15), ბრენდი (13+5 პასი), ბრენდი (10+5 მოხსნა), მაიო (10).
ი: კანტერი (17), მილსეპი (15+9 მოხსნა), ჯეფერსონი (15), ჰეივორდი (13+5 პასი), ფოიე (12), ბერქსი (11), მო უილიამსი (10+8 პასი).

ფინიქსი-ბრუკლინი 100:102
25:25, 18:30, 33:20, 24:27
ფ: დრაგიჩი (31+9 მოხსნა+12 პასი), ჯონსონი (21+5 მოხსნა), ტაკერი (14+8 მოხსნა), მარკიფ მორისი (10+15 მოხსნა).
ბ: ლოპესი (21+5 მოხსნა), უილიამსი (20+11 პასი), ჰემფრიზი (17+8 მოხსნა), უოტსონი (14+5 მოხსნა), ევანსი (4+10 მოხსნა).

საკრამენტო-ფილადელფია 103:117
31:22, 27:36, 24:33, 21:26
ს: ტომასი (25), ტორნტონი (22), ევანსი (19+8 პასი), პატერსონი (12+7 მოხსნა).
ფ: რაიტი (22+6 პასი), ჰოლიდეი (21+10 მოხსნა+7 პასი+5 ჩაჭრა), ალენი (20+7 მოხსნა), უილკინსი (17+6 მოხსნა), ჰოიესი (14+10 მოხსნა), ტ. იანგი (14+6 მოხსნა).

ორლანდო თურქოგლუს დაითხოვს
"ორლანდო მეჯიქის" ხელმძღვანელობა ამ სეზონის დასრულების შემდეგ თურქ ფორვარდთან ჰედო თურქოგლუსთან გამოთხოვებას აპირებს. 34 წლის კალათბურთელის კონტრაქტი 2013-14 წლის სეზონის ბოლომდეა ძალაში. ხელშეკრულების თანახმად, თურქმა 12 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშაოს, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ ექვსი მილიონია გარანტირებული. "მეჯიქის" შეფობამ უკვე მიანიშნა თავისი განცხადებებით, რომ თურქოგლუ არ შედის ფლორიდული კლუბის მრავალწლიანი გეგმებში.

მიმდინარე სეზონში ჰედომ 11 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 2.9 ქულა, 2.4 მოხსნა და 2.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

აფლალომ სეზონი დაასრულა
"ორლანდოს" ბანაკიდან გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია კლუბის წამყვან მცველ არონ აფლალოს ეხება. 27 წლის კალათბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. აფლალომ ფეხი პარასკევს, "ოკლაჰომასთან" მატჩში დაიზიანა.

წლევანდელ რეგულარულში აფლალომ 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 16.5 ქულით, 3.7 მოხსნითა და 3.2 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა თავის გუნდს.

გეი ვეღარ ითამაშებს?
"ტორონტო რეპტორზის" ლიდერ რუდი გეის, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწიოს ზურგის ტრავმის გამო, - იტყობინება ESPN.

კანადელთა მთავარი მწვრთნელის კეისის თქმით, უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს რეგულარულის დარჩენილ ნაწილში გეისთვის დასვენების მიცემის საშუალებას. ზურგის დაზიანების გამო, 26 წლის რუდის მარტში სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

გეიმ მონაწილეობა არ მიიღო შაბათს, "ნიუ იორკის" წინააღმდეგ მატჩში და ახლა, ექიმების დასკვნას დაელოდება სეზონის დარჩენილი შეხვედრების გამოტოვებასთან დაკავშირებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერის" ზედიზედ მე-14 გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული