MVP ლებრონ ჯეიმსი იქნება

AutoSharing Option
ESPN-ის ანალიტიკოსებმა ერთხმად დაასახელეს 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. მას თავისი ხმა მისცა 30-დან 30-მა მიმომხილველმა.

სხვა ნომინაციებში ხმები ასე გადანაწილდა:
წლის დებიუტანტი: დემიენ ლილარდი (27/30), ენტონი დევისი (3/30);
წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე: პოლ ჯორჯი (13/30), ლარი სანდერსი (5/30), გრეივის ვასკესი (3/30), ბრუკ ლოპესი (2/30), ანდრე ბლეტჩი (1/30);
წლის მწვრთნელი: ჯორჯ კარლი (17/30), ერიკ სპოელსტრა (7/30), გრეგ პოპოვიჩი (2/30), მაიკ ვუდსონი (2/30), ლიონელ ჰოლინზი (1/30), ტომ ტიბოდო (1/30);
საუკეთესო დამცველი: მარკ გასოლი (11/30), ტონი
ალენი
(8/30), ჟოაკიმ ნოა (6/30), ლებრონ ჯეიმსი (2/30), ტაისონ ჩენდლერი (1/30), ტიმ დანკანი (1/30), ლარი სანდერსი (1/30);
მეექვსე მოთამაშე: ჯეი არ სმიტი (23/30), კევინ მარტინი (4/30), ჯამალ კროუფორდი (3/30).

ორი გუნდი უმწვრთნელოდ
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ორი კლუბი დარჩა მწვრთნელის გარეშე. ოფიციალურად დატოვა "ფილადელფიას" დამრიგებლის პოსტი დაგ კოლინზმა. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღებული და კოლინზმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ უკავშირდება 2012-13 წლების სეზონში გუნდის გამოსვლას. უბრალოდ, მწვრთნელს ოჯახთან მეტი დროის გატარება მოუნდა. კოლინზი არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის განახლებას.

61 წლის სპეციალისტმა "სიქსერზი" 2010 წელს ჩაიბარა და ორჯერ გაიყვანა გუნდი პლეი ოფში, თუმცა წელს "ფილადელფია" მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდა. სულ, სამი სეზონის განმავლობაში, კოლინზმა 110 მატჩი მოიგო და 120-ში დამარცხდა.

* * *
"კლივლენდის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ბაირონ სკოტი. 52 წლის სპეციალისტმა "კავალიერზთან" ერთად სამი სეზონი გაატარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო 64 მატჩი და წააგო 166. მოგებათა ასეთი დაბალი პროცენტი (28) "კლივლენდის" ისტორიაში არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

ფილ ჯექსონი ბრუნდება?
NBA-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა მომავალ სეზონში ლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, - იუწყება ESPN. შეგახსენებთ, რომ ჯექსონმა 2011 წელს დატოვა "ლეიკერსი".

67 წლის სპეციალისტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ჯექსონის სურვილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ლიგის რომელიმე გუნდს ჩაუდგება სათავეში. მაგალითად, ფილს მოსწონს "მაიამიში" პეტ რაილის როლი, ან ის სამუშაო, რასაც "ინდიანაში" ეწეოდა ლარი ბერდი.

რაშიდი საბოლოოდ წავიდა
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა რაშიდ უოლასმა სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ვეტერანი მეორედ მიდის დიდი სპორტიდან. 2010 წელს მან შეწყვიტა ლიგაში გამოსვლა, მაგრამ 2012 წლის ოქტომბერში დაბრუნდა და "ნიუ იორკთან" გააფორმა კონტრაქტი. ფორვარდმა "ნიქსის" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ დეკემბერში მარცხენა ტერფის მოტეხილობა მიიღო და თებერვალში ოპერაცია გადაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსს" კიდევ ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული