NBA. პლეი ოფი: "მაიამიმ" კლასი დაადასტურა

AutoSharing Option
სერიის მეორე მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ტექნიკური პერსონალურების რაოდენობა და უხეში თამაში ნაკლები იყო, მაგრამ ერთი-ორი შეხლა-შემოხლა მაინც ვიხილეთ. ყველაზე უხეშ ეპიზოდს მეორე მეოთხედში ჰქონდა ადგილი, როცა პერსონალურის შემდეგ მოჰამედმა მთელი ძალით უბიძგა ლებრონ ჯეიმსს.

"ჩიკაგოს" ცენტრი მოედნიდან გააძევეს, ლებრონმა კი თამაშის რიტმი დაკარგა. ფორვარდმა თამაშიდან 11 ტყორცნა ააცილა (17-დან), მესამე მეოთხედში კი მას ნეიტ რობინსონმა დაუფარა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩელმერსმა ბევრი სულელური შეცდომა დაუშვა, რეი ალენი კი თამაშში ვერ შევიდა (6-დან ერთი ზუსტი ტყორცნა), მასპინძლებს ბოლო მომენტამდე ჰქონდათ მოგების
შანსი. მაგალითად, სირენამდე ოთხი წუთით ადრე "ბულზი" მხოლოდ ოთხ ქულას აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ჩემპიონთა ტრიო.

კრის ბოშმა ამ ოთხ წუთში სამი ქულა აიღო და ერთი დაფარება მიითვალა. მან პლეი ოფში პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნების რაოდენობით. გარდა ამისა, ის მეოთხე კალათბურთელია "მაიამის" ისტორიაში, ვინც პლეი ოფში მინიმუმ 17 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა. მანამდე ეს შეძლეს ალონზო მოურნინგმა, შაკილ ო'ნილმა და ლებრონ ჯეიმსმა.

მართალია, ლებრონ ჯეიმსი თითქმის მთელი მატჩი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში 12 ქულა დააგროვა, მათ შორის, კალათში მოათავსა ფანტასტიკური სამქულიანი სირენამდე ორწუთნახევრით ადრე.

ლებრონის ზუსტ ტყორცნებს შორის იყო ნორის კოული თავისი შორეული სამქულიანით. სულ სათადარიგო გამთამაშებელმა 18 ქულა დააგროვა და თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო (შვიდი ცდიდან). საერთოდ, კოულმა ამ სერიაში რვიდან რვა სამქულიანი ჩააგდო...

ჩიკაგო-მაიამი 94:104
25:25, 25:27, 20:18, 24:34
ჩ: ბუზერი (21), ბატლერი (17+5 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), რობინსონი (17+7 პასი+6 მოხსნა), ბელინელი (16+6 პასი), ნოა (15+11 მოხსნა+4 პასი).
მ: ჯეიმსი (25+8 მოხსნა+7 პასი), ბოში (20+19 მოხსნა+4 პასი), კოული (18), უეიდი (10+5 პასი).
სერია: 1-2

* * *
უცნაური მატჩი მოიგო "ინდიანამ". "პეისერსმა" შეიძლება იამაყოს იმით, რომ მხოლოდ 71 ქულა დააგროვებინა "ნიუ იორკს", რაც პლეი ოფის ისტორიაში ანტიშედეგიანობის მეხუთე მაჩვენებელია, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მასპინძლებს რეალიზაციის უფრო ნაკლები პროცენტი ჰქონდათ, ვიდრე "ნიქსს" - 80 სროლიდან 52 ასცდა მიზანს, მათ შორის იყო 23 სამქულიანი. სტუმრებს ასევე ვერ უშველა "ინდიანას" 17-მა შეცდომამ, მეტოქის "რეზერვისტების" სუსტმა თამაშმა და ტრავმის შემდეგ ამარე სტაუდმაიერის დაბრუნებამ.

სხვათა შორის, ამარემ მხოლოდ ცხრა წუთი გაატარა მოედანზე და ბევრით ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედის სირენასთან ერთად ჩაგდებულ სამქულიანს. სწორედ ამის შემდეგ მოიშალა ნიუიორკელთა თამაში, რომლებმაც 10 (!) წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან და მეტოქეს 16 ქულით დაწინაურების საშუალება მისცეს.

ინდიანა-ნიუ იორკი 82:71
18:15, 18:18, 26:20, 20:18
ი: ჰიბერტი (24+12 მოხსნა), ჰილი (17+6 მოხსნა), ჯორჯი (14+8 პასი+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჯესტი (11+12 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (21+5 მოხსნა), შამპერტი (8+10 მოხსნა).
სერია: 2-1

დაუნდობელი პარკერი
"გოლდენ სტეიტმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლომდე შეენარჩუნებინა ინტრიგა სერიის მესამე მატჩისთვის და თითქმის გამოუვიდა ეს, მაგრამ საკუთარმა შეცდომებმა და მეტოქის გამოცდილებამ "მეომრებს" ცუდი სამსახური გაუწია.

როცა სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ტონი პარკერმა ორივე საჯარიმო ააცილა, მასპინძლებს შეეძლოთ, ორ ქულამდე მიახლოებოდნენ მეტოქეს, მაგრამ "უორიორზმა" ეს შანსი ვერ გამოიყენა, რაც ჯარეტ ჯეკის სულელური თამაშის ბრალია. მან 24 წამი ატარა ბურთი და შემდეგ წინააღმდეგობით ესროლა სამქულიანი, რომელიც ფარს საერთოდ არ შეეხო. ცოტა ხანში მან კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და პარკერმა მეტოქე დასაჯა, რითაც სტუმრების უპირატესობა ცხრა ქულამდე აიყვანა. ამან გადაწყვიტა კიდეც ამ მატჩის ბედი.

რაც შეეხება "გოლდენ სტეიტის" ლიდერ სტივენ კარის, მას შესანიშნავად მეურვეობდა დენი გრინი. კარის, ძირითადად, საშუალო დისტანციიდან უწევდა შეტევა და და 17-დან მხოლოდ ხუთი ბურთი მოათავსა კალათში. სერიის მეორე მატჩის გმირი ტომპსონიც ცუდად გამოიყურებოდა - 20 ცდიდან მხოლოდ შვიდი ჩააგდო. და კიდევ, "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა 19-დან 13 სამქულიანი ააცილეს.

ტომპსონსა და კარის მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე გამოუვიდათ აქტიურობა, რითაც მასპინძლები 9:0 გაიქცნენ და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის ტაიმ-აუტის შემდეგ გრინისა და პარკერის სამქულიანებმა ჩვეულ კალაპოტში დააბრუნეს შეხვედრა.

გ. სტეიტი-სან ანტონიო 92:102
23:32, 25:25, 21:22, 23:23
გ-ს: ტომპსონი (17+8 მოხსნა), კარი (16+8 პასი), ლენდრი (14+7 მოხსნა+4 პასი), ბარნსი (12+8 მოხსნა), ბოგუტი (11+12 მოხსნა), ჯეკი (11).
ს-ა: პარკერი (32+5 პასი+5 მოხსნა), დანკანი (23+10 მოხსნა+3 პასი), ლეონარდი (15+9 მოხსნა), ჯინობილი (12+5 მოხსნა+4 პასი).
სერია: 1-2

* * *
დასავლეთი კონფერენციის ჩემპიონი "ოკლაჰომა", რომელიც რეგულარული ჩემპიონატის დროს, საშუალოდ, 105.7 ქულას აგროვებდა, ამჯერად 90 ქულამდეც ვერ ადის. ასეთი შედეგი მოიტანა უესტბრუკის ტრავმამ და "მემფისის" ბრწყინვალე დაცვამ, რომელიც დურანტს ვერაფერს უხერხებს, მაგრამ სხვა ყველა კოზირი მოუსპო "თანდერს".

არანაირი სარგებლობა არ არის "ოკლაჰომას" "მაღლებისგან". იბაკამ, პერკინსმა და კოლისონმა სერიის სამ მატჩში ერთად მხოლოდ 48 მოხსნა დააგროვეს, 60-დან 14 ბურთი ჩააგდეს და 38 (!) პერსონალური აიღეს. ეს ერთი დაკარგული კოზირია. მეორე კოზირი შეიძლებოდა ყოფილიყო ვეტერანი ფიშერი, მაგრამ მან 78 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

და მაინც, "მემფისმა" მესამე მატჩში ბევრი შანსი მისცა მეტოქეს. მასპინძლები ახერხებდნენ გაქცევას, მაგრამ შემდეგ საკუთარი შეცდომებითა თუ არაზუსტი ტყორცნებით ანიავებდნენ უპირატესობას. პირველად ამ სერიაში, "გრიზლისმა" ცუდად ითამაშა საკუთარ ფარზე, როცა მეტოქეს 14 მოხსნა ააღებინა, თუმცა რენდოლფმა და გასოლმა "ოკლაჰომას" ნახევარზეც ვერ ივარგეს - 26-დან მხოლოდ 10 ბურთი მოათავსეს კალათში.

საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 41 წამით ადრე სტუმრები 70:77-ს აგებდნენ, მაგრამ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება ფიშერის საშუალო და შორეული ზუსტი ტყორცნის შემდეგ. თუმცა დარჩენილ დროში "თანდერმა" ვერც ერთი ქულა ვეღარ აიღო: ჯერ ჯექსონმა დაკარგა ბურთი, შემდეგ დურანტმა ორჯერ ააცილა. თამაშისთვის ინტრიგის დაბრუნება შეეძლო ფიშერს, მაგრამ 23 წამით ადრე "მინუს ოთხზე" მისი სამქულიანი ასცდა მიზანს.

მემფისი-ოკლაჰომა 87:81
22:18, 22:27, 22:15, 21:21
მ: გასოლი (20+9 მოხსნა+4 პასი), კონლი (14+7 მოხსნა+6 პასი), ალენი (14+5 მოხსნა), ბეილესი (11), რენდოლფი (8+10 მოხსნა).
ო: დურანტი (25+11 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჯექსონი (16+10 მოხსნა), იბაკა (13+10 მოხსნა+4 დაფარება), მარტინი (13).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: "მაიამი ჰიტის" შურისძიება
მკითხველის კომენტარები / 1 /
მივმართავ ლელოს რედაქციას: ძალიან გთხოვთ, გაასწოროთ სტადემაიერის გვარი. ეს ადამიანი არის სტადემაიერი და არა სტაუდმაიერი, როგორც მას თავის დროზე დამახინჯებულად მოიხსენიებდნენ რუსები. სხვათა შორის, დღეს ისინიც სწორად გამოთქვამენ ამ გვარს, რომელიც კალათბურთში საკმაოდ ცნობილია.
თემო
00:58 15-05-2013
0

სიახლეები პოპულარული