NBA. პლეი ოფი. დასავლეთის ფინალი: "სპურსმა" გასეირნებით დაიწყო

AutoSharing Option
ძალიან უცნაური სტატისტიკა ჰქონდა "სან ანტონიოს" კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში.

მასპინძლების "მაღლების" კვარტეტმა (ტიმ დანკანი, ტიაგო სპლიტერი, დეჟუან ბლერი და ბორის დიაო) ერთად მხოლოდ 15 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, რაც ნებისმიერ სხვა მატჩში გრეგ პოპოვიჩის გუნდის კრახს გამოიწვევდა, მაგრამ სერიის პირველ მატჩში გამონაკლისი აღმოჩნდა.

უბრალოდ, ამ მატჩში გაილაღეს "სპურსის" სნაიპერებმა, წინა ხაზმა კი გაქანება არ მისცა "მემფისის" "მაღლებს" - მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს. ამ უკანასკნელმა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო (რვა ცდიდან), ისიც მატჩის დასრულებამდე ცხრაწუთნახევრით ადრე.

ის,
რომ სტუმრებს რთული მატჩი ელოდათ, დებიუტშივე კარგად გამოჩნდა. პირველი 14 შეტევიდან გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ათი ლოგიკური შედეგით დაასრულეს. აქედან ნახევარი ტონი პარკერის ორგანიზებული იყო, რომელიც კარგად იყენებდა მეტოქის დაცვის ხარვეზებს. მის პარტნიორებს მეოთხედის შუაში უამრავი ბურთი რომ არ აეცილებინათ, მატჩის ბედი დიდი ხნით ადრე იქნებოდა გარკვეული, თუმცა ამ უზუსტობის მიუხედავადაც, პირველ შესვენებამდე 4.35 წუთით ადრე მასპინძლები 15 ქულას იგებდნენ.

საბოლოოდ, სასტარტო მეოთხედში "სან ანტონიომ" 31 ქულა დააგროვა. არადა, მეტოქედ ლიგის საუკეთესო დაცვის მქონე გუნდი ჰყავდა.

შეხვედრას ინტრიგა მესამე მეოთხედის შუაში დაუბრუნდა, როცა ქუინსი პონდექსტერის მონდომებით "მემფისმა" 10:0 გაქცევა შეძლო და სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. შეიძლებოდა, ეს სხვაობა სამ ქულამდეც დასულიყო, პოპოვიჩის ტაიმ-აუტის შემდეგ ბეილესს სამქულიანი რომ ჩაეგდო, მაგრამ ააცილა და მალე "სპურსი" ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, როცა 11:1 გაქცევა მოაწყო.

ხოლო, როცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე კავაი ლეონარდმა გაიბრწყინა (10 ქულა ჩააგდო), საქმე მომთავრებული იყო. ამას გუნდების მწვრთნელებიც მიხვდნენ, რომლებმაც საფინალო სირენამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე სათადარიგოთა სკამზე დასვეს ლიდერები.

საბოლოოდ, "სან ანტონიომ" 22 ქულის სხვაობით მოიგო. ცნობისთვის, 22-დან 19 შემთხვევაში, გრეგ პოპოვიჩის "სპურსი" იგებდა სერიას პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ.

სან ანტონიო-მემფისი 105:83
31:14, 20:23, 22:20, 32:26
ს-ა: პარკერი (20+9 პასი), ლეონარდი (18), გრინი (16+3 პასი), ბონერი (12), ნოა (11), დანკანი (6+10 მოხსნა+4 პასი).
მ: პონდექსტერი (17), გასოლი (15+7 მოხსნა), კონლი (14+8 პასი).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: დასავლეთის ფინალი "სპურსი"-"მემფისია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული