NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლით მოიგო

AutoSharing Option
ნამდვილი ბრძოლითა და ოვერტაიმით დაიწყო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი "მაიამსა" და "ინდიანას" შორის. "პეისერსი" კომპლიმენტს იმსახურებს - ამ გუნდს წინა სერიებში სტუმრად თამაში არ გამოსდიოდა, მაგრამ ამჯერად დიდი ბრძოლა გაუმართა მოქმედ ჩემპიონს.

"ჰიტმა", როგორც ყოველთვის, სწრაფ ტემპში დაიწყო, ბურთის არანორმალური სისწრაფით გათამაშებით, მაგრამ ამან ფლორიდელებს წარმატება არ მოუტანა. პირველივე წუთებზე ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, რომელიც ჯამში 41 დაგროვდა.

პირველ ნახევარში გამორჩეული იყო დევიდ უესტი, რომლის გასაჩერებლად მასპინძლებმა ვერანაირი ხერხი ვერ იპოვეს. ფორვარდმა პირველ ორ მეოთხედში 11-დან რვა სროლა გამოიყენა. ამ დროს
"ჰიტი" აქცენტს ფარქვეშ შესვლებზე აკეთებდა და ამის გამო, "ინდიანას", რომელიც ნაჩვევია სამწამიანში ბატონობას, არ ჰქონია ამ ზონაში სოლიდური უპირატესობა.

თუმცა მეორე მეოთხედში "ჰიტის" თავდასხმა, ფაქტობრივად, გაჩერდა. ლებრონ ჯეიმსმა პირველი ოთხი წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა პირველ მეოთხედში მიღებული ორი პერსონალურის გამო. თუმცა უნდა აღვნიშნოთ მარიო ჩელმერსის ორიდან ორი უმნიშვნელოვანესი სამქულიანი.

დიდი შესვენებისთვის სტუმრები ხუთ ქულას იგებდნენ, მაგრამ მალე ამ ჰანდიკაპისგან არაფერი დარჩა. მესამე მეოთხედის სტარტზე "მაიამი" 12:2 გაიქცა, რასაც "ინდიანამ" თავისი სპურტით უპასუხა - 14:4. ამ დროს ძალიან პროდუქტიულად იმოქმედა უესტის შემცვლელმა ტაილერ ჰენსბრომ, რომელმაც ხუთნახევარ წუთში ხუთიდან ოთხი ჩააგდო და ოთხი მოხსნა მიითვალა. სამწამიანში მას ვერავინ უმკლავდებოდა.

ბოლო მეოთხედი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. შესანიშნავი მონაკვეთი ჰქონდათ ჯეიმსა და კრის ანდერსონს (თამაშიდან - 7/7), რომლებმაც ააწიოკეს მეტოქის სამწამიანი, თუმცა თავიანთ გუნდს სოლიდური უპირატესობა ვერ მოუტანეს.

შემდეგ ჯორჯ ჰილის დრო დადგა. ბოლო მეოთხედში მან 10 ქულა დააგროვა და მისი წყალობით ბოლომდე ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა. "მაიამის" შეეძლო, საქმე ოვერტაიმამდე არ მიეყვანა, მაგრამ "პლუს ორზე" რეი ალენმა (თამაშიდან - 1/8) ორიდან ერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა ჯორჯმა, რომელმაც ბოლო წამზე სამქულიანი მოათავსა კალათში.

ოვერტაიმი "ინდიანას" მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ფოგელის შეცდომებით აღინიშნა. თანაბარი ანგარიშისას, როცა ბურთის ფლობის უფლება "მაიამის" ჰქონდა, მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა როი ჰიბერტი და სემ იანგი შეუშვა, რითაც ისარგებლა ჯეიმსმა, რომელიც წარმატებით შევიდა ფარქვეშ. საპასუხო შეტევაში ჯორჯმა ისევ სამქულიანი ისროლა, მაგრამ ტყორცნის დროს მასზე უეიდი დაჯარიმდა და ინდიანელმა სამივე საჯარიმო მოათავსა კალათში.

სტუმრები ერთ ქულას იგებდნენ და "მაიამის" მხოლოდ 2.2 წამი ჰქონდა ბურთის ფლობისთვის. და კვლავ, ფოგელმა ჰიბერტი გაიყვანა მოედნიდან და იანგი დააბრუნა. ლებრონმა ჯორჯი ჩამოიცილა, ისევ შევიდა ფარქვეშ და სირენასთან ერთად ჩააგდო გამარჯვების მომტანი სროლა - 103:102.

აღვნიშნავთ, რომ მატჩის მსვლელობისას ტრავმა მიიღო მარიო ჩელმერსმა და ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის აღდგენას მეორე მატჩისთვის. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მან შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა. ეს მისი მეცხრე ტრიპლ-დაბლია პლეი ოფში. მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს, ჯეისონ კიდს, რაჟონ რონდოსა და ლარი ბერდს აქვთ უფრო მეტი.

მაიამი-ინდიანა 103:102 (ო)
22:21, 15:21, 27:23, 28:27, 11:10
მ: ჯეიმსი (30+10 პასი+10 მოხსნა+3 დაფარება), უეიდი (19+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ბოში (17), ანდერსენი (16+5 მოხსნა+3 დაფარება), ჩელმერსი (10).
ი: ჯორჯი (27+5 პასი), უესტი (26+5 მოხსნა), ჰიბერტი (19+9 მოხსნა), ჰენსბრო (10+6 მოხსნა), სტივენსონი (7+12 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. დასავლეთის ფინალი: ბოლო სიტყვა ტიმ დანკანისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული