მაგრამ ფლორიდელებს აქტიური სტარტი და კომფორტული უპირატესობის მიღება არ გამოუვიდათ. პირველივე წუთებიდან მოვლენები ისე განვითარდა, როგორც წინა შეხვედრაში. გუნდები შედეგიან შეტევებს ცვლიდნენ და შორს არ უშვებდნენ ერთმანეთს.
თუმცა, წინა მატჩთან შედარებით, გარკვეული განსხვავებებიც იყო. უკვე სასტარტო მეოთხედში "სპურსმა" ოთხი შეცდომა დაუშვა - იმდენი, რამდენიც პირველ მატჩში (შეხვედრის ბოლოსთვის სტუმრებს 16 დაკარგვა დაუგროვდათ). "მაიამის" რიგებში
არანაკლებ კარგად გამოიყურებოდნენ "მაიამის" სხვა წევრებიც. მაგალითად, მარიო ჩელმერსს პირველ ნახევარში 10 ქულა ჰქონდა, სამქულიანები ჩააგდეს რეი ალენმა და მაიკ მილერმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ლებრონ ჯეიმსის პასიურობის ფონზე, რომელიც პირველ 24 წუთში უფრო პარტნიორების დამხმარე იყო, ვიდრე გუნდის ლიდერი (4 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი).
დიდი შესვენებისთვის "ჰიტი" ხუთ ქულას იგებდა - 50:45.
რა თქმა უნდა, ყველა ხვდებოდა, რომ პლანეტის საუკეთესო მოთამაშე მთელი მატჩი ჩრდილში ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, "სპურსი" შორს იყო თავისი საუკეთესო თამაშისგან. როცა ამას ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, არ შევაქოთ "მაიამის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა "ჰიტის" დაცვითი სქემები, კერძოდ, თავის "მაღლებს" ტონი პარკერის წინააღმდეგ უფრო აქტიურად ამოსვლისკენ მიუთითა.
შედეგად, ფრანგი აღარ იყო ისეთი ეფექტური, როგორც პირველ მატჩში - ხშირ შემთხვევაში, მას ბურთის მოცილება ან რთული მდგომარეობიდან შეტევა უწევდა.
ამან და სპოელსტრას კიდევ სხვა ტაქტიკურმა ხრიკებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საფინალო სირენამდე სამი წუთითა და 40 წამით ადრე "სან ანტონიო" უკანასკნელად გავიდა წინ - 62:61. ამის შემდეგ კი დაიწყო მასპინძელთა ფენომენალური გაქცევა - 33:5 (!), რომელმაც მოიცვა მესამე მეოთხედის ბოლო ნაწილი და მეოთხეს დასაწყისი.
ამის შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 94:67. რა თქმა უნდა, ასეთი სპურტი შეუძლებელი იქნებოდა შეტევაში სტუმრების შეცდომების გარეშე. "სპურსის" მოთამაშეებმა საერთოდ დაკარგეს ტემპი, ხოლო პარკერის სოლო-იერიშები აცილებებითა და "მაიამის" უსწრაფესი კონტრშეტევებით სრულდებოდა.
მატჩის ბოლო შვიდი წუთი უაზრობად იქცა და მოედანზე რეზერვისტები გავიდნენ. იმ მომენტისთვის ლებრონ ჯეიმსს უკვე სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა - 17 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა და ისიც ვალმოხდილი გაეშურა სათადარიგოთა სკამისკენ. დაზოგილი ენერგია მას მომდევნო მატჩებში გამოადგება - შემდეგი სამი შეხვედრა სან ანტონიოში უნდა გაიმართოს. იმისთვის, რომ სერია ფლორიდაში დაბრუნდეს, "მაიამიმ" ამ სამი მატჩიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს.
ასევე უნდა იფიქრონ ძალების აღდგენაზე "სპურსის" ლიდერებმა: 10 ივნისს პარკერმა, ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ 33-დან მხოლოდ 10 სროლა მოათავსეს კალათში. თუმცა დასვენებისთვის დიდი დრო არ დარჩა. მესამე მატჩი 12 ივნისს გაიმართება.
ვინ რა თქვა
"იძულებული ვარ, ქედი მოვიხარო "მაიამის" წინაშე - დღეს მათ დაგვამარცხეს, თანაც ყოველი მეოთხედის ბოლოს, - აღიარა დანკანმა. - ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით - ეს მათი დამსახურებაა. ამასთან, სროლა არ წაგვივიდა, პირადად მე კი საშინლად ვითამაშე".
"ისინი კარგად კომბინირებდნენ, კარგად იცავდნენ თავს, კარგად ხსნიდნენ ბურთს, - განაცხადა "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა. - ჩვენ ეს ვერ შევძელით. ეს არის მატჩის მოკლე ანალიზი. იმედია, მესამე მატჩში ყველაფერი პირიქით იქნება".
"პასის თამაში - გადამდები მოვლენაა, - სახეზე ღიმილით ამბობდა ჯეიმსი. - როცა ბურთი მთელი გუნდის ხელში გაივლის, ყოველი მოთამაშე იგრძნობს თავის მონაწილეობას დაგროვებულ ქულებში. ეს მეტ ძალასა და დამაჯერებლობას გმატებს. ვიცი, რომ დაცვის მთელი ყურადღება ჩემზეა გადმოტანილი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. გვყავს ბევრი კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია, დისბალანსი შეიტანოს მეტოქის დაცვაში".
"დღეს თქვენ იხილეთ "მაიამის" ნამდვილი თამაში, - ლაკონურად განაცხადა უეიდმა. - ასე ვიგებდით მთელი წლის განმავლობაში: ბურთს ვამოძრავებდით და შეტევაში ყველა მოთამაშე იყო ჩართული".
მაიამი-სან ანტონიო 103:84
22:22, 28:23, 25:20, 28:19
მ: ჩელმერსი (19), ჯეიმსი (17+8 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ალენი (13), ბოში (12+10 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (10+6 პასი).
ს-ა: გრინი (17), პარკერი (13+5 პასი), ნილი (10), დანკანი (9+11 მოხსნა), ლეონარდი (9+14 მოხსნა).
სერია: 1-1
კიდი "ნეტსში" ინიშნება?
ვეტერანი გამთამაშებელი ჯეისონ კიდი, რომელმაც ამ სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა, მომავალ კვირას "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობას შეხვდება. საუბრის თემა იქნება კიდის სავარაუდო დანიშვნა "ნეტსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ამ სეზონის შემდეგ არის ვაკანტური. ამ სენსაციურ ინფორმაციას ESPN-ი აქვეყნებს. 2012-13 წლების სეზონში ჯეისონი "ნიუ იორკ ნიქსის" ღირსებას იცავდა.
კიდმა თავის 19-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთი საჩემპიონი ბეჭედი მოიგო - მან ეს "დალასის" შემადგენლობაში გააკეთა. გარდა ამისა, 2008 და 2012 წლებში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ჯეისონი NBA-ს ისტორიაში მეორეა შედეგიანი გადაცემებისა და ჩაჭრების რაოდენობით. მას ცხრაჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული "ყველა ვარსკვლავის მატჩში".
ბილაპსი - საუკეთესო გუნდური მოთამაშე
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველი ჩონსი ბილაპსი NBA-ს საუკეთესო გუნდურ მოთამაშედ არის დასახელებული. ვეტერანმა მიიღო ახლად დაარსებული ჯილდო - ტვაიმენ-სტოუკსის პრიზი. ის გადაეცემა კალათბურთელს, რომელიც თავის თავში აერთიანებს თანაგუნდელებთან კარგ შეთამაშებას, მოედანზე თავდადებას, მოედნის მიღმა ლიდერის თვისებებს. ეს კალათბურთელი მისაბაძი უნდა იყოს სხვა მოთამაშეებისთვის გუნდისადმი ერთგულების მხრივ.
იდეალური პარტნიორი თავად მოთამაშეებმა აირჩიეს, თუმცა მათ აკრძალული ჰქონდათ თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ, ფინალურ რაუნდში მოხვდა 12 კალათბურთელი, მათ შორის, NBA-ს ფინალური სერიის ორი მონაწილე - შეინ ბატიე და მანუ ჯინობილი.
პრიზს სახელი ჯეკ ტვაიმენისა და მორის სტოუკსის საპატივცემულოდ შეურჩიეს, რომლებიც 50-60-იან წლებში "როჩესტერ/ცინცინატი როიალზის" რიგებში გამოდიოდნენ. ტვაიმენმა საკუთარ თავზე აიღო ყოფილი პარტნიორის - სტოუკსის მეურვეობა. ეს უკანასკნელი NBA-ში თავისი მესამე სეზონის შემდეგ, თავის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებული იყო და ტვაიმენი ყველაფერში ეხმარებოდა მეგობარს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: სან ანტონიო-ლებრონი 5:0