ოფიციალურად: ჯეისონ კიდი თორნიკე შენგელიას მწვრთნელია!

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსმა" ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ჯეისონ კიდის დანიშვნის შესახებ, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

40 წლის ვეტერანმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, "ნეტსთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვარაუდობენ, რომ კიდის ასისტენტი იქნება "ბრუკლინისა" და "დეტროიტის" ყოფილი დამრიგებელი ლოურენს ფრენკი.

როგორც ამერიკული პრესა წერს, დიდი როლი ითამაშა კიდის დანიშვნაში, ამ უკანასკნელის კარგმა დამოკიდებულებამ "ბრუკლინის" ლიდერთან დერონ უილიამსთან.

"მომეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა გავხდარიყავი "ბრუკლინის" მთავარი მწვრთნელი, - ამბობს ჯეისონი, რომელსაც მწვრთნელობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. - ჩემი სათამაშო კარიერის
ბოლოს, სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი ამ თანამდებობაზე. საჩემპიონო გუნდები ყოველთვის იქმნებიან კარგი მომზადებით, მოედანზე ეგოიზმის არარსებობითა და პასუხისმგებლობით, რასაც მოვითხოვ კიდეც ჩემი მოთამაშეებისგან. მართლაც ძალიან აღელვებული ვარ ჩემი საკალათბურთო კარიერის შემდეგი ეტაპით"
.

შეგახსენებთ, რომ კიდმა "ნეტსის" რიგებში ექვსი სეზონი ითამაშა და ორჯერ გაიყვანა ეს გუნდი NBA-ის ფინალში (2002, 2003).

* * *
"ბრუკლინ ნეტსის" მფლობელს, რუს მილიარდერს მიხაილ პროხოროვს მოუწევდა გუნდის აქციათა პაკეტის გაყიდვა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის მერის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

მაგრამ, ახლა ირკვევა, რომ ოლიგარქს შეუძლია "ბრუკლინიც" დაიტოვოს და არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, რადგან NBA-მ პროხოროვს მისცა უფლება, "ნეტსი" რომელიმე რუსულ კომპანიაზე გადააფორმოს. ეს ინფორმაცია თავად კლუბის მფლობელმა დაადასტურა.

პარკერი, ალბათ, ითამაშებს
"სან ანტონიოსა" და "მაიამის" ფინალური სერიის მესამე მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო "სპურსის" ლიდერმა ტონი პარკერმა, რის გამოც, ეჭვქვეშ დადგა ფრანგის თამაში მეოთხე მატჩში. თუმცა "სან ანტონიოს" გულშემატკივრების გასახარად, მატჩის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ მცირე დაზიანება დააფიქსირა და სავარაუდოდ, პარკერს ვიხილავთ მეოთხე შეხვედრაში.

"ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს ხვალ. იმედია, შევძლებ მოედანზე გასვლას", - დაწერა თავის "ფეისბუკზე" პარკერმა.

* * *
სტატისტიკოსების ინფორმაციით, "სან ანტონიოსა" და "მაიამის" მესამე მატჩი რიგით მეასე იყო ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერისთვის ტრიოს რანგში.

თუმცა ეს არ არის რეკორდი - 110 მატჩი ჩაატარა ერთად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ტრიომ მეჯიქ ჯონსონის, ქარიმ აბდულ-ჯაბარისა და მაიკლ კუპერის შემადგენლობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: გუნდური თამაში უკეთესია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული