ლებრონ ჯეიმსი: ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი უნდა გავხდე

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ჟურნალ Sports Illustrated-ს, სადაც თავის მეორე ჩემპიონობაზე, საკუთარ გუნდზე, "კლივლენდიდან" წასვლაზე, მომავალ ქორწინებასა და სხვა საინტერესო თემებზე ლაპარაკობს...

- როგორ უმკლავდებით მუდმივ კრიტიკას თქვენი მისამართით?
- მე არ შემიძლია მუდმივად რეაქცია მქონდეს იმაზე, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. მე ვარ ლებრონ ჯეიმსი, ოჰაიოს შტატიდან. ისეთ გარემოში ვარ გაზრდილი, რომ აქ საერთოდ არ უნდა ვიყო. ყოველ ჯერზე, როცა გასახდელში მივდივარ, ვხედავ ჩემს მაისურს, რომელსაც “6” ნომერი და ჩემი გვარი აწერია.
ეს ხომ ღვთის წყალობითაა?! იმას, რასაც ჩემზე მოედნის მიღმა ამბობენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ კრიტიკის გამო მე უფრო ცუდი კალათბურთელი არ გავხდები.

- ტიტულის დაცვა უფრო რთული იყო თუ მისი მოპოვება?
- წლევანდელი გზა ტიტულამდე ასმაგად რთული იყო. გასულ წელს, ყოველი ეტაპის გავლის შემდეგ, უფრო მარტივდებოდა საქმე, ზეწოლა სულ უფრო ნაკლები იყო. ამჟამინდელი გამარჯვება კი ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემს კარიერაში. ჩვენ ბრწყინვალე გუნდი გვყავს. ამის წყალობით, ახლა, ჩემი ყველაზე თამამი ოცნებები ასრულდა, რომელიც ფლორიდაში გადმოსვლის შემდეგ გამიჩნდა.

- დიადი ჯონ ვუდენი ამბობდა, რომ მოთამაშის სიდიადის საუკეთესო საზომია - მისი დახმარება პარტნიორებისთვის. ფინალის მეშვიდე მატჩში, თქვენი კარგი თამაშის წყალობით მოახერხა შეინ ბატიემ ექვსი სამქულიანის ჩაგდება. როგორ დაალაგეთ ასეთი ბრწყინვალე ურთიერთობა პარტნიორებთან?
- ის ნამდვილი პროფესიონალია, არ ღირს მისი მიღწევების დაკნინება და ყველაფრის ჩემზე მიწერა. ვიცი, რომ საჭირო მომენტში შემიძლია შეინს ვენდო და ის არ დამაღალატებს. მუდმივად ვუჩიჩინებთ მას: თუ გახსნილი ხარ - ისროლე. მან და ასევე სხვა სნაიპერებმა მაიკ მილერისა და რეი ალენის სახით, დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებაში. ჩვენ ყველანი ერთად - დიდი გუნდი ვართ, რომელიც სრულად იმსახურებს ამ ტრიუმფს.

- მოგვიყევით თქვენს გრძნობებსა და განცდებზე, ოჯახის მხრიდან მხარდაჭერაზე. “კლივლენდიდან” “მაიამიში” გადასვლა ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. და ახლა, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ამან ნაყოფი გამოიღო...
- იმ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში პირველად დავტოვე მშობლიური ქალაქი. ამ დროს უცნაურმა გრძნობებმა შემიპყრეს: პირველად მივატოვე მშობლიური სახლი, ოჯახი, მეგობრები. მაგრამ, სწორედ ამიტომაც გავხდი ნამდვილი მამაკაცი. შემდეგ წელს, ჩემთან ჩამოვიდა ჩემი ოჯახი და საკუთარ ძალებში უფრო მეტი დამაჯერებლობა ვიგრძენი, უფრო გავთამამდი. როცა გრძნობ ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას, საყვარელი საქმის კეთება უფრო სასიამოვნოა.

- რამდენად რთული იყო ფინალის მეშვიდე მატჩის თამაში? ნერვიულობდით?
- რა თქმა უნდა, მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ. მოულოდნელად თავს გატყდება იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი პირდაპირ ახლა ხდება. და რომ მეორე შანსი, კიდევ ერთი მატჩი არ იქნება. და ერთმანეთში ირევა აღფრთოვანება და შიში, მღელვარება და სიხარული. მეშვიდე მატჩის წინ ვერ დავიძინე და მოედანზე გასვლამდე არც ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, გავიმეორებ - ბედნიერი ვარ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ შემიძლია ასეთ დონეზე თამაში. კალათბურთი ჩვენი ცხოვრება გახდა, ლიგამ კი ძალიან ბევრი რამ მოგვცა.

- ექვსი წლის წინ, “სპურსმა” არ მოგცათ ჩემპიონობის მოპოვების საშუალება, როცა “კლივლენდი” 4:0 გაანადგურა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა?
- რა თქმა უნდა. პირველ რიგში, მე შევიცვალე. როგორც უკვე ვთქვი, ყოველ წელს ბევრს ვშრომობდი, რომ უფრო ძლიერი გავმხდარიყავი. ვფიქრობ, ჯერჯერობით მივყვები არჩეულ კურსს. მაგრამ, ამასთან, დღეს უფრო ძლიერი პარტნიორები მყავს, ვიდრე მაშინ. ვიცი, რომ მჭირდება თანაგუნდელების მხარდაჭერა. გვერდით მჭირდებოდა ისეთი ადამიანები, რომლებიც რთულ მომენტში დამეხმარებოდნენ და გუნდს გადაარჩენდნენ. მე ისინი აქ, “მაიამიში” ვიპოვნე.

- და რა იქნება ახლა? რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
- ჯერ არ მინდა მომავალ სეზონზე და ჩვენს შესაძლებლობებზე ფიქრი. ჯერჯერობით ის უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ. ყველანი დავიღალეთ ამ სამუშაოთი. დასვენება გვესაჭირეობა. ლას ვეგასში მე მაქვს საკალათბურთო ბანაკი, სადაც ასობით ბავშვი 5 ივლისამდე ივარჯიშებს. მინდა აღმაფრენა მივცე ახალგაზრდობას, დავეხმარო მათ კალათბურთის შეყვარებაში. იქ კალათბურთს წავითამაშებ, მაგრამ საზაფხულო ვარჯიშებზე ჯერ არ მიფიქრია. გპირდებით, რომ ეს იქნება. მთავარი სიახლე კი ის არის, რომ სულ მალე ჩემს შესანიშნავ საცოლესთან ვიქორწინებ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი.

- პირადად რა მიზნებს ისახავთ ცხოვრებაში?
- მომავალშიც მინდა ჩემს პარტნიორებს დავეხმარო საუკეთესოები გახდნენ. გარდა ამისა, ვგეგმავ გავხდე კალათბურთის ისტორიაში უდიადესი მოთამაშე. ასე რომ, გავაგრძელებ ამ მხრივ მუშაობას. გახსოვდეთ, რომ ამ საქმეში ჟურნალისტებიც მჭირდებით. გააგრძელეთ ჩემი მოტივირება, როგორც ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში აკეთებდით.

P. S. სხვათა შორის, დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივისთვის ფლოიდ მეივეზერისთვის ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია.

"ვინ არის უკეთესი - ლებრონ ჯეიმსი თუ მაიკლ ჯორდანი? მე ლებრონ ჯეიმსს ვიტყოდი. და გაითვალისწინეთ ის, რომ ჯორდანის ეპოქაში გავიზარდე. მე 36 წლის ვარ", - განაცხადა მეივეზერმა ESPN.com-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსის საიუბილეო გარეკანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული