დუაიტ ჰოვარდით უკმაყოფილონი არიან

AutoSharing Option
მონდომებით ამზადებენ ახალი სეზონისთვის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ცენტრს დუაიტ ჰოვარდს, რომელიც ამ ზაფხულს "ლეიკერსიდან" "ჰიუსტონ როკეტსში" გადავიდა.

"სუპერმენს" ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ "ჰიუსტონის" ლეგენდა ჰაკიმ ოლაჟუონი და კლუბის მთავარი მწვრთნელი კევინ მაკჰეილი. ყველაზე დიდი ყურადღება ფართან ზურგით თამაშს ეთმობა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის შემდეგ ოლაჟუონს ჰოვარდის წარმატებების შესახებ ჰკითხეს და მოულოდნელად ლეგენდარულმა ცენტრმა გააკრიტიკა დუაიტი: "ამ მომენტისთვის, ჰოვარდი საკმაოდ ცუდად გამოიყურება შეტევაში".

არადა, დუაიტი კარიერაში საშუალოდ 18 ქულას აგროვებს, მაგრამ ოლაჟუონმა მაინც გადაწყვიტა ამ სიტყვებით ცენტრის "გამოფხიზლება".

* * *

"ჰიუსტონის" რიგებში კიდევ ერთი უკმაყოფილო გამოჩნდა. ეს არის ჯერემი ლინი, რომელიც შარშანწინდელი ფენომენალური პროგრესის შემდეგ განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს. ამას თავად კალათბურთელიც გრძნობს.

"მინდა, ისევ ლინსანიტი ვიყო; დავრჩე იმ ფენომენად, რომელმაც შეძრა NBA, მაგრამ მწვრთნელებმა დაკარგეს ჩემში რწმენა, გულშემატკივრებს კი, საერთოდ, სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი თამაში", - განაცხადა პლეიმეიკერმა.

ისღა დაგვრჩენია, თანავუგრძნოთ კალათბურთელს. ბოლოს და ბოლოს, მისი ბრალი არ არის, რომ პრესამ ხელოვნურად შექმნა მისგან გმირი. ლინმა უნდა დაივიწყოს ის, რაც წელიწად-ნახევრის წინ იყო და იმუშაოს იმაზე, რომ ლიგის ვარსკვლავთა რიგებში ნაცადი ხერხით - დაუღალავი შრომით შევიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული