ბილ რასელი "ბოსტონ სელტიქსის" სიმბოლოა. მას NBA-ის 11 ტიტული აქვს მოგებული, ხუთჯერ დასახელდა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ და 12-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". 1956 წელს, რასელი
მარკ ქიუბანი: "მაიამი" უნდა გვეზიზღებოდეს
"დალას მავერიქსის" მფლობელი მარკ ქიუბანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ექსცენტრიული ქცევითა და გამონათქვამებით, ჩვეულებას არ ღალატობს. ამჯერად, მან ასეთი რამ თქვა - რაც მეტ ადამიანს სძულს "მაიამი ჰიტი", მით უკეთესია ეს ლიგისთვის და თავად მოქმედი ჩემპიონისთვის.
"ისინი მაგონებენ "ოკლენდ რეიდერსს", როცა ეს გუნდი ყველას ამარცხებდა და ყველაფერს იგებდა. ყველა "მაიამის" წინააღმდეგ განეწყობა, და ამით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. ამავდროულად, ნებისმიერი მეტოქე ნებისმიერი ხერხით ეცდება "ჰიტის" დამარცხებას. ორიდან ერთი: შენ ან აღმერთებ მათ, ან მთელი არსებით გეზიზღება", - განაცხადა გამოცდილმა ბიზნესმენმა.
ალბათ, ქიუბანს ეს საკითხი ყველაზე კარგად ესმის. ბოლოს და ბოლოს, 2011 წელს, სწორედ მისმა "დალასმა" მოუგო მთელი სერია "მაიამის", რომლის რიგებში უკვე არსებობდა "დიდი ტრიო" ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშისა და რეი ალენის შემადგენლობით.
როუზი მხოლოდ "მაიამის" უფრთხის
მარკ ქიუბანს სოლიდარობას უცხადებს "ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი. ის აღნიშნავს, რომ მისი გუნდისთვის ყველაზე პრინციპული და რთული მეტოქე სწორედ "მაიამი ჰიტია". ამასთან, მცველმა ისიც განაცხადა, რომ "ინდიანა პეისერსთან" დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
"შესაძლოა, ოდესღაც "პეისერსთან" ჩვენს ბრძოლას ვიღაცეები დერბის უწოდებნენ. მაგრამ დღეს მე ამას ვერ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ყველაზე პრინციპულია "მაიამის" დამარცხება. არავინ დავობს იმაზე, რომ ფრენკ ფოგელის ბიჭები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მათთან დაპირისპირებაში დაძაბულობას ვერ ვგრძნობ", - ამბობს როუზი.
ჩიკაგოელის გამთამაშებლის მოსაზრებას აპროტესტებს "ინდიანას" წევრი დენი გრეინჯერი: "ბულზის" წინააღმდეგ თამაშები ყოველთვის პრინციპული იყო ჩვენთვის. ჩვენ ხომ ერთ დივიზიონში გამოვდივართ. გარდა ამისა, ყოველთვის რთულია მათ წინააღმდეგ სტუმრად თამაში".
"ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა: შეაქო ინდიანაპოლისის კლუბი და მას აღმოსავლეთი კონფერენციის ელიტური გუნდი უწოდა.
ამასობაში, ტიბოდომ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ უახლოეს საწვრთნელ მატჩებში არ გამოიყენებს ჟოაკიმ ნოას. როგორც ირკვევა, ფრანგ ცენტრს ბოლომდე არ მოურჩენია საზარდულის ტრავმა და ტკივილები ახლაც აწუხებს.
"სავარაუდოდ, ერთ-ორი კვირა კიდევ არის საჭირო. ჩვენ აჩქარებას არ ვაპირებთ: მან ბოლომდე უნდა მოირჩინოს დაზიანება", - განაცხადა ტიბოდომ. მისი თქმით, ნოას ენერგია და სათამაშო კლასი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დერიკ როუზის დაბრუნება.
ლოტი მაიკლ ჯორდანისგან
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ჩიკაგოში თავისი სახლის გაყიდვას აპირებს. ლეგენდა 90-იან წლებში სწორედ ამ "მოკრძალებულ" სახლში ცხოვრობდა, რომლის საერთო ფართობია 56 ათასი კვადრატული ფუტი, აქვს ცხრა საძინებელი, 15 სააბაზანო და ნატურალური ზომის საკალათბურთო მოედანი. სახლი ქალაქ ჩიკაგოდან 25 მილის მოშორებით მდებარეობს.
ჩამოთვლილი კომფორტის გარდა, სახლის ტერიტორიაზე სხვა ბევრი საინტერესო მოიძებნება: საჩოგბურთო კორტი, კერძო სილამაზის სალონი, ღვინის მარანი სადეგუსტაციო ოთახთან ერთად, ბიბლიოთეკა და დასვენების ოთახი.
ჯორდანის მიერ მოთხოვნილმა თანხამ - 29 მილიონმა დოლარმა, როგორც ჩანს ვერ მოიზიდა პოტენციური მყიდველები, რის გამოც, დიადმა სპორტსმენმა თავისი სახლი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯეისონ კიდის მუდმივი ხუთიანი