ჯეისონ კიდის მუდმივი ხუთიანი

AutoSharing Option
ამიერიდან, "ბრუკლინ ნეტსის" შემადგენლობაში არც ერთი კალათბურთელი არ ითამაშებს მეხუთე ნომრით - კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის სათამაშო მაისურა "ნეტსის" საშინაო არენის თაღზე დაკიდეს.

2013 წლის ზაფხულში ლეგენდარულმა გამთამაშებელმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და სულ მალე "ბრუკლინის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კიდს რამდენიმე კლუბში უთამაშია, თუმცა საუკეთესო წლები სწორედ "ნეტსის" რიგებში აქვს გატარებული. ჯეისონის ლიდერობით, გუნდმა ზედიზედ ორჯერ - 2002 და 2003 წლებში გააღწია ფინალურ სერიაში. "ნეტსის" შემადგენლობაში გამთამაშებელი საშუალოდ 14.6 ქულას, 7.2 მოხსნასა და 9.1 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა. კიდს ეკუთვნის
საკლუბო რეკორდები პასების (4260), ჩაჭრების (950), ზუსტი სამქულიანებისა (813) და სამმაგი დუბლების (61) რაოდენობით.

კიდის სათამაშო ნომრის უკვდავყოფის ცერემონია "ბრუკლინისა" და "მაიამის" წინასასეზონო მატჩის დროს გაიმართა. ის შეხვედრა მასპინძლებმა 86:62 მოიგეს. თავად კიდი ცერემონიისას მოკრძალებული იყო და მთლიანად თამაშზე გახლდათ კონცენტრირებული.

"არ ვიცი ვინმე მოხვედრილა თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა ნომრის უკვდავყოფის შემდეგ, პირდაპირ სამუშაოზე უწევს წასვლა, - გაიღიმა კიდმა. - მე დებიუტანტი მწვრთნელი ვარ. ამიტომაც ეს მცირე ცერემონია ის არის, რაც მე მინდოდა. მინდოდა ყველაფერს სწრაფად ჩაევლო და გუნდში დავბრუნებულიყავი. ახლა, წავალ და ჩემს ბიჭებს ვეტყვი, რომ არ შეუშვან ლებრონი სამწამიანში".

* * *

სხვათა შორის, ამ მატჩის წინ დაიძაბა სიტუაცია "ბრუკლინისა" და "მაიამის" ლიდერებს - კევინ გარნეტსა და ლებრონ ჯეიმსს შორის. როგორც იცით, ამ ზაფხულს "ნეტსმა" ბოსტონიდან" გადაიბირა კევინ გარნეტი და პოლ პირსი. ამასთან დაკავშირებით, "ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაიხსენა კრიტიკა, რომელიც ერთი წლის წინ დაატყდა თავს რეი ალენს, როცა ის "სელტიქსიდან" "მაიამიში" გადავიდა.

"პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა, ასეთი იყო: "რეი კინაღამ მოკლეს იმის გამო, რომ "ბოსტონიდან" წავიდა, ახლა კი ამ ბიჭებმა დატოვეს "ბოსტონი". ისინი ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ რეის, მაგრამ თავადაც იგივე გააკეთეს".

ასეთია ჩვენი ბიზნესის ბუნება. არ ვიცი რა ხდებოდა "ბოსტონში", მაგრამ ვიცი, რომ რეიმ თავისთვის, ოჯახისთვის და კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, იგივე გააკეთეს დოკმა, პირსმა და გარნეტმა. თქვენ არ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ადამიანი, თუ ის ცდილობს უკეთესი გააკეთოს თავისი ოჯახისთვის", - განაცხადა ჯეიმსმა CBS Sports-თან კომენტარში.

მოგვიანებით, ლებრონის ნათქვამს გამოეხმაურა კევინ გარნეტი, რომელმაც ჯეიმსს ურჩია თავის გუნდზე იფიქროს და არა სხვებზე.

"უთხარით ლებრონს, რომ მხოლოდ "მაიამიზე" იფიქროს. მას არაფერი ესაქმება ბოსტონულ საქმეებთან", - ამბობს გარნეტი.

12 სანტიმეტრით უფრო მაღლა
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერს დერიკ როუზს მიაჩნია, რომ უფრო ძლიერი გახდა მოედანზე დაბრუნების შემდეგ. გამთამაშებელმა ბოლო საწვრთნელ შეხვედრაში 22 ქულა დააგროვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა 12 (!) სანტიმეტრით უფრო მაღალ ნახტომს ასრულებს, ვიდრე ამას ტრავმის მიღებამდე აკეთებდა.

"ენერგია მომემატა. მომწონს ფარქვეშ შესვლა, არ ვერიდები კონტაქტურ ბრძოლას. ვერტიკალური ნახტომი კი 12 სანტიმეტრით მაღალი მაქვს. ჯერჯერობით ეს არავისთვის მინახებია, რადგან არ იყო ამის აუცილებლობა", - განაცხადა როუზმა.

გამთამაშებელმა აგრეთვე ისიც თქვა, რომ ყველა სირთულე უკან დარჩა და რეგულარული ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

სუპერმენს დაფასება უნდა
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრმა დუიატ ჰოვარდმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა "ორლანდო მეჯიქმა" მისი 12-ნომრიანი მაისურა ხმარებიდან ამოიღოს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ჰოვარდი სწორედ "ორლანდომ" აირჩია დრაფტის პირველ ნომრად.

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი, ჩვენ რვა შესანიშნავი სეზონი გავატარეთ ერთად. ერთხელ ფინალშიც გავედით. ბევრი ბანერი, რომელიც "ორლანდოს" საშინაო არენის თაღზეა ჰკიდია, ჩემს დროს არის აღმართული. და ამაში მთავარ როლს ვთამაშობდი, გუნდის ბევრი რეკორდი სწორედ მე მეკუთვნის. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი რამ გავაკეთე როგორც კლუბისთვის, ასევე ქალაქისთვის. გადაწყვეტილების მიღება ჩემი საქმე არ არის, მე მოგება მევალება. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ როცა თამაშს დავასრულებ, ჩემს ნომერს უკვდავყოფენ", - ამბობს ჰოვარდი.

NBA. საკონტროლო მატჩები

ბრუკლინი-მაიამი 86:62
24:16, 20:12, 23:25, 19:9
ბ: ლოპესი (14+5 მოხსნა), ბლეტჩი (10+7 მოხსნა), ჯონსონი (10+5 მოხსნა).
მ: ბოში (16+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (16+5 მოხსნა), ჩელმერსი (9+5 ჩაჭრა).

საკრამენტო-ფინიქსი 107:90
25:19, 31:31, 22:21, 29:19
ს: კაზინსი (29+9 მოხსნა+6 ჩაჭრა), ფრედეტი (23+5 პასი), სალმონსი (10+6 მოხსნა), ვასკესი (10).
ფ: მარკიფ მორისი (15+7 მოხსნა), გორტატი (12+6 მოხსნა), ბლედსოუ (12+5 პასი), ბრაუნი (11).

შარლოტი-ფილადელფია 110:84
25:10, 33:18, 23:21, 29:35
შ: გორდონი (22), უოკერი (13+5 პასი), ტეილორი (13), კ. ზელერი (10+5 მოხსნა).
ფ: როტენი (20), ბლუ (15), კარტერ-უილიამსი (11+5 მოხსნა), ანდერსონი (11), ტორისი (11).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 89:98
30:29, 16:30, 22:19, 21:20
ვ: ბილი (21), უოლი (14+8 პასი), უებსტერი (13), სერაფინი (11).
ნ-ი: ენტონი (22+5 მოხსნა), მური (14), ბარნიანი (13+3 დაფარება), უდრიხი (12), დიოგუ (10+8 მოხსნა).

კლივლენდი-დეტროიტი 96:84
27:25, 19:24, 24:18, 26:17
კ: ირვინგი (15+6 პასი), ტეილორი (15), ბენეტი (12), ტომპსონი (11+7 მოხსნა), ვარეჟაო (10+11 მოხსნა), კარასიოვი (10), კლარკი (10), სიმსი (8+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).
დ: მონრო (16+8 მოხსნა), სმიტი (12+4 ჩაჭრა), ბინუმი (12), ბილაპსი (10), დრამონდი (8+11 მოხსნა).

ატლანტა-სან ანტონიო 104:106
18:22, 23:22, 26:38, 37:24
ა: კორვერი (26), ტიგი (15+12 პასი), კეროლი (14+7 მოხსნა), ჰორფორდი (13+11 მოხსნა), სკოტი (11), კანინგემი (11), მილსეპი (10+11 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (17+5 პასი), დანკანი (16+8 მოხსნა), ბელინელი (13), ჯინობილი (11), ბეინსი (11+7 მოხსნა), მილსი (11).

ოკლაჰომა-ნ. ორლეანი 102:105
26:28, 30:24, 25:27, 21:26
ო: დურანტი (25+6 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (12+9 პასი), ლემბი (12), იბაკა (11), რ. გომესი (11), სეფოლოშა (10+5 პასი), ადამსი (10+15 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (21), ანდერსონი (18+6 მოხსნა), დევისი (18+6 მოხსნა), რობერტსი (14), ამინუ (12+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარმელო ენტონი თავისუფლებას ირჩევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული