NBA-ის სამუდამო რეკორდები

AutoSharing Option
"ლეიკერსის" მოგებათა სერია, ჩემბერლენის გმირობათა ჩამონათვალი, რასელის საჩემპიონო კოლექცია... NBA-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე რეკორდი, რომლის დამხობა დღეს შეუძლებლად მოსჩანს.

ზედიზედ 33 მოგება
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ბილ შერმანის "ლეიკერსი" არ მარცხდებოდა 1971 წლის 5 ნოემბრიდან 1972 წლის 9 იანვრამდე - ამ დროის განმავლობაში, გუნდმა ზედიზედ 33 მატჩში გაიმარჯვა. სიმბოლურია, რომ ჯერი უესტის, უილტ ჩემბერლენისა და გეილ გუდრიჩის ბრწყინვალე სვლა შეაჩერა "მილუოკიმ", რომლის ღირსებას მაშინ ლუის ალსინდორი (მოგვიანებით - ქარიმ აბდულ-ჯაბარი) იცავდა - "ლეიკერსის" მომავალი ლეგენდა.

100 ქულა ერთ მატჩში
1961-62
წლების სეზონში, NBA-ის 72 სხვადასხვა რეკორდის ავტორმა უილტ ჩემბერლენმა ორჯერ ასწია თამასა მომავალი თაობისთვის. 1961 წლის დეკემბერში ერთ მატჩში დაგროვებული 78 ქულა მხოლოდ რამდენიმე თვე იყო რეკორდი. 1962 წლის 2 მარტი სამუდამოდ შევიდა კალათბურთის ისტორიაში - "ნიუ იორკთან" ზეშედეგიან მატჩში "ფილადელფიას" ლიდერმა ზუსტად 100 ქულა დააგროვა.

ჩემბერლენის მიღწევას მისტიკურ შარმს მატებს ის, რომ იმ მატჩის ვიდეომასალა არ არსებობს, ხოლო "ჰერშის" არენის ტრიბუნებზე აშშ-ის წამყვანი სპორტული გამოცემის წარმომადგენლები არ ისხდნენ. არსებობს მხოლოდ მეოთხე მეოთხედის რადიოტრანსლიაციის ჩანაწერი და ცენტრალური თავდამსხმელის ფანტასტიკური თამაშის თვითმხილველები.

მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ჩემბერლენის რეკორდის გამეორებასთან ახლოს იყო მხოლოდ კობი ბრაიანტი, მაგრამ "ლეიკერსის" მცველს 2006 წელს 19 ქულა არ ეყო ისტორიულ მაჩვენებლამდე.

11 საჩემპიონო ტიტული
"ბოსტონის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ბილ რასელი იმით დაიკვეხნის, რომ უფრო მეტი საჩემპიონო ბეჭედი აქვს, ვიდრე თითები ორივე ხელზე. რასელის "ბოსტონში" 13-წლიანი კარიერის განმავლობაში, "კელტები" მხოლოდ ორჯერ ვერ გახდნენ ჩემპიონები: 1958 წელს, როცა ბილმა ტრავმა მიიღო და გუნდი დამარცხდა ბობ პეტიტის "ატლანტასთან", და 1967 წელს - ეს იყო პირველი ჩემპიონატი "ბოსტონისთვის" რედ აუერბახის წასვლის შემდეგ.

72 გამარჯვება რეგულარულ ჩემპიონატში
კალათბურთში დაბრუნების შემდეგ, მაიკლ ჯორდანის პირველი სრულფასოვანი სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა "ჩიკაგოსთვის". 1995-96 წლების სეზონში, ფილ ჯექსონის შეგირდებმა მხოლოდ სამი მატჩი წააგეს საწყის 44 შეხვედრაში და რეგულარული სეზონი 72 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულეს. ამით "ბულზი" გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი ასოციაციაში, რომელმაც მინიმუმ 70 მატჩი მოიგო რეგულარულში.

თავისი ტრიუმფალური სვლა ჯორდანმა, პიპენმა, როდმანმა, კუკოჩმა და კომპანიამ პლეი ოფში გააგრძელა და საჩემპიონო ბეჭდებიც მოიპოვა. პლეი ოფში "ჩიკაგომ" მხოლოდ სამჯერ წააგო 18 შეხვედრაში: "ნიუ იორკთან" კონფერენციის ნახევარფინალში და ორჯერ "სიეტლთან" ფინალურ სერიაში.

50.4 ქულა მატჩში
ჩვენს დროში, როცა ესა თუ ის კალათბურთელი ერთ მატჩში 50 ქულას აგროვებს, ის მაშინვე ექცევა სპორტული გამოცემების გარეკანზე. 1961-62 წლების სეზონში განუმეორებელმა ჩემბერლენმა, რეგულარული ჩემპიონატის 80 მატჩში, საშუალოდ 50-ზე მეტი ქულა დააგროვა - კიდევ ერთი "მუდმივი" რეკორდი გინესის წიგნისთვის.

ამ მაჩვენებელით ტოპ-ათეულში ხუთი ადგილი ჩემბერლენს ეკუთვნის, კიდევ ორი მაიკლ ჯორდანს. მოქმედი კალათბურთელებიდან ათეულში ადგილი მხოლოდ კობი ბრაიანტს აქვს: 2005-06 წლების სეზონში ის საშუალოდ მატჩში 35.4 ქულას იხვეჭდა, როცა უკან მისი პარტნიორი სმეშ პარკერი იყო.

55 მოხსნა ერთ მატჩში
1960 წლის 24 ნოემბერს, "ფილადელფიას" ცენტრმა უილტ ჩემბერლენმა 55 მოხსნა მოიპოვა "ბოსტონთან" მატჩში, რითაც გააუმჯობესა ბილ რასელის რეკორდი (51 მოხსნა). არადა, იმ მატჩში უილტი სწორედ ბილის წინააღმდეგ თამაშობდა. თუმცა "ფილადელფიამ" ის თამაში მაინც წააგო, რითაც დაადასტურა იმ წლების მთავარი ტენდენცია - ჩემბერლენი ბრწყინვალე იყო სტატისტიკური მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ საჩემპიონო შამპანურს ყოველთვის "სელტიქსი" და რასელი სვამდნენ.

38 387 ქულა კარიერაში
თავის ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერაში ქარიმ აბდულ-ჯაბარმა მეტოქეთა კალათში 38 ათას ქულაზე მეტი ჩააგდო. ამ რეკორდთან ყველაზე ახლოს კარლ მელოუნი მივიდა. მაგრამ არსებობს იმის ვარაუდი, რომ ჯაბარს გაასწრებს კობი ბრაიანტი. ამჟამად, "შავი მამბა" მეოთხე ადგილს იკავებს ყველა დროის ბომბარდირებს შორის და მესამე პოზიციაზე მყოფ ჯორდანს მხოლოდ 675 ქულით ჩამორჩება - ეს ის მანძილია, რომლის დაფარვასაც თავისუფლად ეყოფა ერთი სეზონი.

სხვა საქმეა, რომ დღეს უკვე ვეტერანი კობი აქილევსის მყესის დაზიანებას მკურნალობს და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ისევ უცნობია.

15 806 შედეგიანი გადაცემა კარიერაში
ლიგის ისტორიაში ყველაზე ალტრუისტულ გამთამაშებელს ჯონ სტოქტონს შეუძლია არ ინერვიულოს თავის რეკორდზე - მისი დამხობა შეუძლებლად მოსჩანს. მოთამაშიდან მწვრთნელობაზე გადართული ჯეისონ კიდი მყარად იკავებს მეორე ადგილს. მას სტოქტონამდე ძალიან ბევრი - თითქმის 4 ათასი პასი დააკლდა.

მოქმედ მოთამაშეებს შორის 10-ათასიანი ზღვარი მხოლოდ სტივ ნეშმა გადალახა, რომელიც მალე გაუსწრებს "გოლდენ სტეიტის" ამჟამინდელ დამრიგებელს მარკ ჯექსონს და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. თუმცა ვეტერან კანადელს უფრო მეტის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

10-ჯერ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი
მაიკლი ჯორანტი ერთადერთი მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვინც 10-ჯერ გახდა სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. აქედან ის შვიდჯერ ზედიზედ იყო საუკეთესო ბომბარდირი და ამ მაჩვენებლით რეკორდს იყოფს ჩემბერლენთან.

ბოლო წლებში კარგი ტემპი აიღო "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა - ის ზედიზედ სამჯერ გახდა სეზონის ბომბარდირი, მაგრამ გასულ წელს, მისი სერია შეწყვიტა ნიუიორკელმა კარმელო ენტონიმ. თუმცა დურანტი მხოლოდ 25 წლისაა და გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე წელიწადში სერიოზულად დაემუქროს ჯორდანის რეკორდს.

30 შედეგიანი პასი მატჩში
1990 წლის 30 დეკემბერს, "ორლანდოს" მცველმა სკოტ სკაილზმა 30 შედეგიანი პასი მიითვალა "დენვერთან" მატჩში. მან ერთი გადაცემით გააუმჯობესა კევინ პორტერის წინა რეკორდი. საინტერესოა, რომ იმ თამაშში სკაილზმა უფრო მეტი შედეგიანი პასი შეასრულა, ვიდრე მეტოქის ყველა კალათბურთელმა ერთად (30 14-ის წინააღმდეგ).

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე ახლოს სკაილზთან რამონ სეშენსი (2008) და რაჟონ რონდო (2010) გაჩერდნენ - 24 შედეგიანი გადაცემა მატჩში. სულ კი NBA-ის ისტორიაში 59 ისეთი შემსრულებელია, რომელიც 20 პასს გადაცდა, მაგრამ სამ ათეულამდე არავის მიუღწევია სკაილზის გარდა.

ჯარიმების რეალიზაციის 98.1 პროცენტი
2008-09 წლების სეზონში, "ტორონტო რეპტორზის" მცველმა ხოსე კალდერონმა ვერ ჩააგდო 154 ცდიდან მხოლოდ სამი ჯარიმა. ეს უდიდესი მიღწევაა თუნდაც იმ მოთამაშისთვის, რომელიც კარიერაში თავისუფალი ტყორცნების 88 პროცენტს იყენებს. ვინმემ ეს რეკორდი რომ დაამხოს, იდეალური უნდა იყოს მთელი სეზონის განმავლობაში.

41 არასპორტული პერსონალური სეზონში
რომც მოიძებნოს რაშიდ უოლასზე უფრო უკმაყოფილო, მოლაპარაკე და მოჩხუბარი მოთამაშე, მასაც გაუჭირდება სეზონის 80 მატჩში 41 ტექნიკური ჯარიმის მიღება, როგორც ეს 2000-01 წლების სეზონში მოხდა. დღეს, NBA-ში მოთამაშეს დისკვალიფიკაციას აძლევენ 16 არასპორტული პერსონალურის გამო. ასე რომ, უოლასს შეუძლია მშვიდად იყოს თავისი მეორე რეკორდის გამო - 304 არასპორტული ჯარიმა კარიერაში.

1192 თამაში ზედიზედ
ეი სი გრინს ბევრი უკლია ბეისბოლისტ კელ რიპკენის რეკორდამდე (2632 მატჩი ზედიზედ), მაგრამ მისი შედეგი პატივისცემას იმსახურებს. ზედიზედ 14 სეზონის განმავლობაში, ის არ აცდენდა არც ერთ შეხვედრას. გრინი ასევე იმით არის ცნობილი, რომ ვაჟიშვილი იყო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. ეს არის კიდევ ერთი "რეკორდი", რომელსაც, ალბათ, ვერავინ დაამხობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული