NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ასეთი რამ NBA-ს არ უნახავს

AutoSharing Option
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი სერია სრულდება და გამონაკლისი არც ჩემპიონის - "მაიამი ჰიტის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია აღმოჩნდა. დუეინ უეიდის გარეშე, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფლორიდელებმა ულაპარაკოდ წააგეს "დეტროიტთან" საკუთარ მოედანზე.

ერიკ სპოელსტრას გუნდი ყველა კომპონენტში ჩამორჩებოდა მეტოქეს - წააგო ფარი (ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ანდრე დრამონდს, რომელმაც 23 წუთში 18 მოხსნა დააგროვა, აქედან რვა - მეტოქის ფარზე) და "პისტონზს" სამწამიანი ზონიდან 60 ქულის დაგროვების საშუალება მისცა და ცუდად უტევდა, რისი მაჩვენებელიცაა თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 43.9 პროცენტი.

თამაშის გადარჩენის ერთადერთი რეალური შანსი "მაიამიმ" მეოთხე მეოთხედის შუაში მიიღო, როცა ლებრონ ჯეიმსის, ნორის კოულისა და მაიკლ ბიზლის მონდომებით, 14-ქულიანი ჩამორჩენა "მინუს სამამდე" დავიდა.

მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა: მორის ჩიქსის ტაიმ-აუტის შემდეგ ბრენდონ ჯენინგსმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, მარიო ჩელმერსმა შეცდომა დაუშვა, რაც როდნი სტაკის ორ ზუსტ საჯარიმოში გამოიხატა. ჩემპიონი საბოლოოდ გატეხა მისსავე სამწამიანში სტუმრების "მაღლების" კარგმა თამაშმა.

* * *
უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა 4 დეკემბერს პენსილვანიაში, სადაც "ფილადელფია" "ორლანდოს" იღებდა. მართალია, ფანტასტიკურ ინდივიდუალურ სტატისტიკას ხელი შეუწყო ორი ოვერტაიმის თამაშმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პირველად NBA-ს ისტორიაში, ერთ მატჩში ორმა დებიუტანტმა შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება. მატჩის გმირები გახდნენ მცველები - ვიქტორ ოლადიპო და მაიკლ კარტერ-უილიამსი.

პირველი "ორლანდომ" დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია, კარტერ უილიამსი კი "ფილადელფიამ" აიყვანა მე-11 ნომრად. ოლადიპოს ანგარიშზე იყო 27 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე პასი, კარტერ-უილიამსი კი 27 ქულით, 12 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით აღინიშნა. 58-წუთიან მატჩში ასევე გაიბრწყინა კიდევ ერთმა მოთამაშემ - არონ აფლალომ 43 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა. თუმცა ამან ფლორიდულ კლუბს არ უშველა. უფრო ძლიერები მასპინძლები აღმოჩნდნენ, რომელთა რიგებში ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადააბიჯა10-ქულიან ზღვარს.

* * *
ეროვნული საკალაბურთო ასოციაცია განთქმულია თავისი "ქამბექებით". ამჯერად, მორიგი დაუჯერებელი გადარჩენის მოწმენი გახდნენ "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივრები. მათი საყვარელი გუნდი შინ იღებდა "ტორონტოს", რომელიც მთლიანად აკონტროლებდა შეხვედრას და მესამე მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით 9 წუთით ადრე წინ იყო - 75:48, ხოლო მეოთხე მეოთხედის სტარტზე კანადელებს 15-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ...

და მაინც, გამარჯვებული ამ შეხვედრაში მასპინძლები გამოვიდნენ, რომლებმაც ბოლო 20 წუთი ფანტასტიკური ანგარიშით - 64:28 მოიგეს. შეუდარებელნი იყვნენ "უორიორზის" მცველები - სტივენ კარი და კლეი ტომპსონი, რომლებმაც ერთად 49 ქულა დააგროვეს და 9 სამქულიანი ჩააგდეს, მათ შორის 6 - მეოთხე მეოთხედში.

ფილადელფია-ორლანდო 126:125 (2ო)
29:34, 29:23, 27:23, 19:24, 14:14, 8:7
ფ: კარტერ-უილიამსი (27+12 მოხსნა+10 პასი), ტ. იანგი (25+12 მოხსნა), ტერნერი (24), ჯ. ანდერსონი (19), ჰოიესი (17), ჰ. ტომპსონი (10).
ო: აფლალო (43) , გ. დევისი (33), ოლადიპო (26+10 მოხსნა+10 პასი).

ბოსტონი-მილუოკი 108:100
28:23, 20:18, 21:22, 39:37
ბ: კროუფორდი (25), ჯ. გრინი (18), ბასი (16), ბრედლი (15), სალინჯერი (12). კ. ლი (11).
მ: მაიო (19), ნაითი (15), მიდლტონი (14), ჰენსონი (11).

ბრუკლინი-დენვერი 87:111
29:27, 21:31, 15:31, 22:22
ბ: ჯო ჯონსონი (22), ბლეტჩი (15), ბ. ლოპესი (12), ტეილორი (12).
დ: მოზგოვი (17+20 მოხსნა), ჰემილტონი (15), ფარიდი (15), ლოუსონი (13), ფოიე (11), არტური (10).

მაიამი-დეტროიტი 97:107
18:28, 25:26, 25:28, 29:25
მ: ლ. ჯეიმსი (23), ბიზლი (23), ბოში (14), რ. ალენი (12).
დ: სინგლერი (18), სტაკი (16), მონრო (16), ჯენინგსი (15), ჯოშ სმიტი (15), დრამონდი (10+18 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (10).

მემფისი-ფინიქსი 110:91
23:19, 23:35, 36:20, 28:17
მ: ლეუერი (23), ედ დევისი (21+12 მოხსნა), კონლი (18+14 პასი), კუფოსი (14+12 მოხსნა), ტ. ალენი (11), ბეილესი (10), პრინსი (10).
ფ: მარკუს მორისი (18), დრაგიჩი (16), პლამლი (11), მარკიფ მორისი (10).

დალასი-შარლოტი 89:82
22:18, 17:24, 21:25, 29:15
დ: ნოვიცკი (25), ელისი (22), კალდერონი (12), კარტერი (10).
შ: ელ ჯეფერსონი (19+12 მოხსნა), უოკერი (16), ჰენდერსონი (16), მაკრობერტსი (10).

საკრამენტო-ოკლაჰომა 95:97
31:19, 16:31, 18:28, 30:19
ს: ი. ტომასი (24), მაკლემორი (14).
ო: დურანტი (27+11 მოხსნა), უესტბრუკი (15).

გ. სტეიტი-ტორონტო 112:103
19:36, 29:29, 22:23, 42:15
გ-ს: კარი (27), კ. ტომპსონი (22).
ტ: დეროზანი (26), ლოური (20).

ნოემბერი ჯორჯის და დურანტისაა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელების შემდეგ საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაზე წინ დააყენეს "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი, დასავლეთში - "ოკლაჰომას" ლიდერი კევინ დურანტი.

პოლთან ერთად, "ინდიანამ" ნოემბერში 16-დან 15 მატჩი მოიგო. თავად კალათბურთელი საშუალოდ 23.6 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. დურანტმა კი "ოკლაჰომას" 11 გამარჯვებაში (14-დან) მიიღო უშუალო მონაწილეობა. ნოემბერში მისი საშუალო მონაგარი 28.3 ქულა იყო.

ასევე, გამოავლინეს ნოემბრის თვის საუკეთესო დებიუტანტები. აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ფილადელფიას" გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი, დასავლეთში - "საკრამენტოს" წევრი ბენ მაკლემორი.

კარტერ-უილიამსი ლიდერობს ახალბედებს შორის ქულების (17.2) საშუალო რაოდენობით. გარდა ამისა, მას პირველი ადგილი უკავია გადაცემების (7.3) და ჩაჭრების (2.92) მიხედვით. მაკლემორმა კი თავი იმით გამოიჩინა, რომ საშუალოდ მატჩში 9.1 ქულა მიითვალა.

კიდმა წმენდა დაიწყო
"ბრუკლინ ნეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა სამუშაოს ჩამოაშორა თავისი ერთ-ერთი თანაშემწე ლოურენს ფრენკი, - იტყობინება Yahoo! Sports-ი. ფრენკი არ დაეხმარება ნიუიორკული კლუბის დამრიგებელს ვარჯიშებისა და მატჩების დროს.

კიდმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ფრენკისა და მისი მოსაზრებები, თამაშთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულია. თუმცა ჩრდილოამერიკულ პრესაში დარწმუნებულნი არიან, რომ მწვრთნელები შემადგენლობის ფორმირების მხრივ ვერ შეთანხმდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პირსი და ფარმარი ერთ თვეს დაისვენებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული