NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია "დეტროიტისგან"

AutoSharing Option
არასტაბილური "დეტროიტი" თითქოს განწირული იყო თითქმის დაუმარცხებელ "ინდიანასთან", მაგრამ, მოულოდნელად, დიდი ბრძოლა გაუმართა ლიგის ლიდერს, თანაც, გასვლით შეხვედრაში. ჯოშ სმიტმა, რომლის გადასვლას "პისტონზში" კლუბის პრეზიდენტის, ჯო დუმარსის შეცდომას უწოდებენ, როგორც იქნა, დაიწყო მისთვის ჩვეული დონის ჩვენება.

შედარებისთვის, თუ სმიტი სეზონის მსვლელობისას საშუალოდ 13.8 ქულას აგროვებდა, ბოლო ორ მატჩში მის ანგარიშზე 30.5 ქულა მოდის. ინდიანაპოლისში ფორვარდი მთავარი გმირი გახდა და უბრალოდ, გაანადგურა თავისი ოპონენტი პოლ ჯორჯი მოედნის ორივე ნახევარზე. არადა, ჯორჯს ყველა ექსპერტი სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის ერთ-ერთ მთავარ მაძიებლად ასახელებს.

ასევე ბრწყინვალედ ითამაშა "დეტროიტის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა ბრენდონ ჯენინგსმა. მან თავისი გუნდის ბოლო 10 ქულიდან რვა მიითვალა და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. გარდა ამისა, სტუმრები დომინირებდნენ ფარქვეშ ბრძოლაში: მოხსნების ანგარიში იყო - 55:40. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა სმიტის ულამაზესი დაფარება დევიდ უეტსზე სირენამდე 49 წამით ადრე, როცა "დეტროიტი" ოთხი ქულით იგებდა. ამით გამარჯვებულის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

* * *
მას შემდეგ, რაც რეგულარულ ჩემპიონატს დაუბრუნდა კობი ბრაიანტი, "ლეიკერსის" შთამბეჭდავი შოუს ნაცვლად, ამ გუნდს თავისი გულშემატკივრებისთვის მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს. მიუხედავად ბრაიანტის ამასწინანდელი განცხადებისა - წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაპირებთო - ფაქტია, რომ კლუბმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წააგო.

"ატლანტასთან" შეხვედრამ კი აჩვენა, რომ "ლეიკერსი" მზად არ არის სტაბილურად გამარჯვებების მოსაპოვებლად. ასევე არ არის მზად ბრაიანტი: გუშინდელ მატჩში მან 14-დან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში და "საცოდავი" რვა ქულა ჩაიწერა აქტივში, რასაც ექვსი შედეგიანი გადაცემა და ხუთი შეცდომაც დაემატა.

პირველი ექვსი ქულა კობიმ პირველივე მეოთხედში დააგროვა, მაგრამ ამ შედეგიანობას გაგრძელება არ მოჰყოლია: შემდეგი ცხრა სროლიდან რვა მიზანს ასცდა.

საინტერესოა, რომ მესამე მეოთხედამდე "ლეიკერსი" დამაჯერებლად ლიდერობდა. როგორც გაირკვა, მათი თამაშით მიღებული შთაბეჭდილება მოჩვენებითი იყო. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს, ფარქვეშ უპირატესობას დაეუფლნენ (12 მოხსნა შეტევაში) და 21:4 გაქცევა მოაწყვეს.

* * *
სანამ "ბრუკლინი" ნელ-ნელა ალაგებს საქმეებს, მეორე ნიუიორკულ კლუბში სრული არეულობაა, რომელმაც უკვე პიკს მიაღწია. "ვაშინგტონთან" მატჩის ბოლო ნაწილი ყველამ უნდა ნახოს, რათა შემდეგ ასევე არ ჩაატაროს შეხვედრის ბოლო წამები.

სირენამდე 24 წამით ადრე, თანაბარი ანგარიშისას, ბენო უდრიხმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და "ნიქსი" წინ გაიყვანა. საპასუხო შეტევაში მანვე ვერ შეძლო ბრედლი ბილის შეტევის შეჩერება - 7 წამით ადრე სტუმრებმა ლიდერობა დაიბრუნეს. შემდეგ კი დაუჯერებელი რამ მოხდა. უდრიხმა გვერდითი ხაზიდან კარმელო ენტონის მიაწოდა ბურთი და იმის ნაცვლად, რომ "ნიქსის" ვარსკვლავს ტაიმ-აუტი მოეთხოვა, რატომღაც შეტევაში გაიქცა და მოუმზადებელი სამქულიანი ისროლა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.

ინდიანა-დეტროიტი 96:101
28:31, 21:25, 24:23, 23:22
ი: სტივენსონი (23), სკოლა (18), ჯორჯი (17), უესტი (14).
დ: სმიტი (30), ჯენინგსი (18+8 პასი), მონრო (13+12 მოხსნა), ჰარელსონი (7+10 მოხსნა).

ატლანტა-ლეიკერსი 114:100
20:28, 27:26, 35:19, 32:27
ა: ჰორფორდი (19+11 მოხსნა), მილსეპი (18+4 ჩაჭრა), ტიგი (17+10 პასი), სკოტი (14), კეროლი (13), კორვერი (11).
ლ: იანგი (23), ჰილი (21), ჰენრი (18), გასოლი (16+10 მოხსნა).

ბოსტონი-მინესოტა 101:97
29:21, 22:29, 23:19, 27:28
ბ: სალინჯერი (24+11 მოხსნა), ბრედლი (19), კროუფორდი (15).
მ: ლავი (27+14 მოხსნა), პეკოვიჩი (13), კანინგემი (12), ბარეა (10+11 პასი), შვედი (10).

ბრუკლინი-ფილადელფია 130:94
32:22, 26:26, 42:25, 30:21
ბ: ჯონსონი (37), ბლეტჩი (20), პირსი (14), ანდერსონი (13), უილიამსი (13+13 პასი), ტელეტოვიჩი (11).
ფ: ანდერსონი (17), იანგი (14), როტენი (13), უილიამსი (10).

მაიამი-იუტა 117:94
26:20, 21:30, 36:21, 34:23
მ: ჯეიმსი (30+9 პასი), უეიდი (27), ბოში (20), კოული (13), ჩელმერსი (12+8 პასი).
ი: ბერქსი (31+7 პასი+4 ჩაჭრა), ფეივორსი (17), კანტერი (14).

ნიუ იორკი-ვაშინგტონი 101:102
21:26, 21:27, 35:22, 24:27
ნ-ი: ენტონი (32+4 დაფარება), სმიტი (18), ჰარდუეი (14), ბარნიანი (13), უდრიხი (12).
ვ: უებსტერი (30), ბილი (21), უოლი (20+8 პასი), არიზა (10).

ჩიკაგო-ორლანდო 82:83
14:21, 21:22, 24:24, 23:16
ჩ: დენგი (26), დანლივი (14), ოგასტინი (14+8 პასი), ნოა (13), ბუზერი (6+13 მოხსნა).
ო: აფლალო (23), ნელსონი (14+7 პასი), დევისი (14+11 მოხსნა), ვუჩევიჩი (10+11 მოხსნა).

კლიპერსი-სან ანტონიო 115:92
21:28, 34:21, 23:21, 37:22
კ: გრიფინი (27), პოლი (23+7 პასი+4 ჩაჭრა), კროუფორდი (17), დადლი (14), გრინი (11), კოლისონი (10), ჯორდანი (7+11 მოხსნა+3 დაფარება).
ს-ა: დანკანი (17+11 მოხსნა), ჯინობილი (16), ლეონარდი (12).

გრეინჯერი ამ კვირას ბრუნდება
"ინდიანა პეისერსის" ფორვარდი დენი გრეინჯერი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა ფეხის ტრავმის გამო, ახლოა მოედანზე დაბრუნებასთან, - იტყობინება Yahoo! Sports-ი. მისი დებიუტი ამ სეზონში მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება.

"პეისერსის" სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს გრეინჯერის ფორმის აღდგენის პროცესის ფორსირებას და საწყის შეხვედრებში კალათბურთელის სათამაშო დრო შეზღუდული იქნება.

სმიტის უცნაური პროტესტი
თუ ამერიკულ პრესას ვერწმუნებით, "ნიუ იორკ ნიქსში" კონფლიქტია გუნდის მთავარ მწვრთნელ მაიკ ვუდსონსა და მცველ ჯეი არ სმიტს შორის. რამდენიმე დღის წინ, "ბოსტონთან" შეხვედრის დროს, სმიტი დემონსტრაციულად უარს ამბობდა კალათში ბურთის სროლაზე. კალათბურთელის ამგვარი საქციელის მიზეზი გახდა, მისი აზრით, მწვრთნელის მხრიდან გაუმართლებელი კრიტიკა.

კერძოდ, ვუდსონმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ სმიტი რთულ სიტუაციაში არა სროლას, არამედ პარტნიორებისთვის ბურთის გადაწოდებას ამჯობინებს.

ჰიუსტონი ლინს ცვლის
"ჰიუსტონ როკეტსის" ხელმძღვანელობა მზად არის, შეელიოს მცველ ჯერემი ლინს, - წერს ESPN-ი. ვარაუდობენ, რომ კალათბურთელი ერთ-ერთი ნაწილი გახდება იმ გარიგებისა, რომელსაც ტექსასური კლუბი ამზადებს. "ჰიუსტონის" შეფობას სურს, ამ გზით განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი.

ერთ-ერთ სავარაუდო გარიგებად სახელდება ლინის ტრეიდი "ატლანტაში", სადაც ასევე გაემგზავრება "ჰიუსტონის" თურქი ცენტრი ომერ აშიქი.

ამ მომენტისთვის, ლინი ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.3 ქულა და 4.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

გორტატს ვაშინგტონში არ მოსწონს
"ვაშინგტონ უიზარდსის" პოლონელი ცენტრი მარცინ გორტატი უკმაყოფილებას გამოთქვამს გუნდში შექმნილი სიტუაციის გამო. მისი სიტყვებით, ის თავის პოზიციაზე არ თამაშობს და ამის გამო დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში ტრეიდის თხოვნით მიმართავს.

"მე არ მაწყობს ჩემი როლი გუნდში, - მოჰყავს გორტატის სიტყვები CSN-ს. - ფარიდან ძალიან მოშორებით ვთამაშობ, რის გამოც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, გუნდის ხელმძღვანელობას ჩემი ტრეიდის ვარიანტების განხილვის თხოვნით მივმართავ".

მიმდინარე რეგულარულში გორტატის სტატისტიკა 13.1 ქულასა და 9.0 მოხსნას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კაირი ირვინგი და ლამარკუს ოლდრიჯი გამოარჩიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული