ALLSTAR-ის სასტარტოები ცნობილია

AutoSharing Option
შაბათს, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა გულშემატკივართა გამოკითხის შედეგები, რომლის მიხედვითაც გაირკვა აღმოსავლეთისა და დასავლეთი კონფერენციების სასტარტო ხუთეულების შემადგენლობები. სწორედ ისინი დაიწყებენ 16 თებერვალს, ნიუ ორლეანში NBA-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩს".

1.4 მილიონი ხმის შეგროვებით, გამოკითხვა მოიგო "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა. მეორე შედეგი აჩვენა ამ სეზონის საუკეთესო სნაიპერმა, "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა (1.39 მილიონი).

"ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულების შემადგენლობები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი
დუეინ უეიდი (მაიამი)
კაირი ირვინგი (კლივლენდი)
პოლ ჯორჯი (ინდიანა)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)

დასავლეთი
სტივენ
კარი (გ. სტეიტი)
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
კევინ ლავი (მინესოტა)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)

ყურადღებას იპყრობს ორივე ხუთეულში ნომინალური ცენტრების არყოფნა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი დებიუტანტია: კარი, ლავი, ჯორჯი და ირვინგი. თანაც, კარი საერთოდ პირველად ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს NBA-ის ოცდაათივე კლუბის მწვრთნელი აირჩევს: თითოეული დაასახელებს 7 მოთამაშეს (ორი მცველი, წინა ხაზის სამი მოთამაშე და ნებისმიერი ამპლუის ორი კალათბურთელი), ამასთან, საკუთარი გუნდის მოთამაშისთვის ხმის მიცემა აკრძალულია.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ აღმოსავლეთის გუნდის დამრიგებელია ცნობილი - "ინდიანას" თავკაცი ფრენკ ფოგელი.
* * *

ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის 2014 წლის "ოლ სტარში" კობი ბრაიანტის მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ის კარიერაში მეთექვსმეტედ აირჩიეს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობისთვის. ეს მეორე მაჩვენებელია NBA-ის ისტორიაში (ქარიმ აბდულ-ჯაბარი 19 "ოლ სტარში" მონაწილეობდა).

თავად ბრაიანტმა მოუწოდა NBA-ის ხელმძღვანელობას შეცვალოს ის სხვა მოთამაშით. შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსის" ლიდერმა წელს მხოლოდ ექვსი მატჩი ითამაშა და ისევ გამოვიდა მწყობრიდან მუხლის ტრავმის გამო. კალათბურთელს მიაჩნია, რომ მისი მონაწილეობა "ოლ სტარში" უსამართლობა იქნება სხვა მოთამაშეების მიმართ.

"გულშემატკივრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, - ამბობს კობი. - ფანებმა იციან, რომ პატივს ვცემ მათ არჩევანს, მაგრამ ჩვენ უნდა დავაფასოთ ახალგაზრდა მოთამაშეები იმ სამუშაოს გამო, რომელიც მათ მთელი სეზონის განმავლობაში ჩაატარეს".

ამავდროულად, ბრაიანტმა ისიც განაცხადა, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის სრულად აღდგენის შემთხვევაში, სურს ნიუ ორლეანში მცირე დროით მოედანზე გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული