"კლივლენდი" იცვლება, "ნიუ იორკი" იშლება

AutoSharing Option
გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთი სერიოზული ტრეიდი განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერზმა". ასევე, ამ გაცვლის მონაწილეები გახდნენ "ნიუ იორკ ნიქსი" და "ოკლაჰომა-სიტი".

ტრეიდის შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:

კლივლენდი:
- გაუშვა დიონ უეიტერსი "ოკლაჰომაში", ხოლო ლუ ამუნდსონისა და ალექს კირკის არაგარანტირებული კონტრაქტები, აგრეთვე, 2019 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება "ნიუ იორკს" გადაეცა.
- "კავალიერზმა" "ნიუ იორკიდან" მიიღო ჯეი არ სმიტი და იმან შამპერტი, რასაც დაემატა დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება "ოკლაჰომასგან".

ოკლაჰომა:
- მიიღო "კლივლენდისგან" დიონ უეიტერსი.
- "ნიუ იორკს" დაუთმო ლენს ტომასის არაგარანტირებული კონტრაქტი და "კლივლენდს" მისცა დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

ნიუ იორკი
- "კლივლენდში" გაუშვა ჯეი არ სმიტი და იმან შამპერტი.
- მიიღო ლუ ამუნდსენის, ალექს კირკისა და ლენს ტომასის არაგარანტირებული კონტრაქტები და 2019 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება.

მიმდინარე სეზონში ჯეი არ სმიტმა 24 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულა დააგროვა. მისი ყოფილი თანაგუნდელის, შამპერტის ანგარიშზე 24 მატჩში 9.3 ქულა და 3.3 შედეგიანი გადაცემაა. რაც შეეხება "ოკლაჰომაში" გადასულ უეიტერსს, მან 33 მატჩში 10.5 ქულა და 2.2 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.

* * *
ამ ტრეიდით "ნიუ იორკში" შემადგენლობის სერიოზული ცვლილება დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ორი კალათბურთელის გაშვება აქვს დაგეგმილი.

ერთ-ერთია ცენტრი სამუელ დალემბერი, რომელსაც 3.8 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი აქვს. "ნიქსი" ამ კალათბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს.

ასევე, "ნიუ იორკის" ხელმძღვანელობა მუშაობს ესპანელი გამთამაშებლის, ხოსე კალდერონის გაცვლაზე. მოქმედი კონტრაქტით, ესპანელმა ორ წელიწადში 15 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშაოს.

ამ ნაბიჯებით "ნიუ იორკის" ხელმძღვანელობა სახელფასო ბიუჯეტის მაქსიმალურად განტვირთვას ეცდება, რათა ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე იაქტიუროს. ეს სეზონი კი "ნიქსისთვის" უკვე დაკარგულია, მით უმეტეს, რომ ტრავმის გამო არ თამაშობს კარმელო ენტონი და სავარაუდოდ, ის მალე სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლინველდი აღარ ხუმრობს ეს სერიოზული ტრეიდია
bneli
11:46 08-01-2015
0

სიახლეები პოპულარული