ლებრონ ჯეიმსი: მოედანზე მხოლოდ პოლი, დანკანი და უეიდი ფიქრობენ

AutoSharing Option
17 წლის ასაკში ლებრონ ჯეიმსი პირველად მოხვდა გამოცემა Sports Illustrated-ის გარეკანზე. 25 წლის ასაკში კარიერაში პირველად მოიგო რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის პრიზი.

30 წლის იუბილეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ორგზის ჩემპიონისა და ოთხგზის MVP-ის რანგში ხვდება. მას ისეთი ტემპი აქვს აღებული, რომელიც მომავალში, შესაძლოა, ლიდერი გახდეს ყველა ძირითად სტატისტიკურ კატეგორიაში. თუმცა თავბრუდამხვევმა მიღწევებმა არ გამოაცალა ფეხქვეშ საფუძველი "კლივლენდის" ლიდერს.

ჯეიმსს კვლავაც თავის მთავარ გამარჯვებად პლანეტის უძლიერეს ლიგაში მოხვედრა მიაჩნია. ის აღფრთოვანებულია კობი ბრაიანტის ხანგრძლივი კარიერით და დარწმუნებულია, რომ ვარსკვლავების სიმრავლე ზიანს
აყენებს კალათბურთს, როგორც გუნდურ თამაშს.

- რას ნიშნავს პირადად თქვენთვის ეს იუბილე - 30 წელი?
- ეს, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების მორიგი ეტაპია. სიამოვნებით ვხვდები ყოველ ახალ დღეს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, საყვარელი საქმე ვაკეთო. 30 წლის გავხდი. პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ ვაგრძელებ კალათბურთის წარმატებით თამაშს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინა წლებში ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.

- მოზარდის ასაკში ფიქრობდით საკუთარ წლოვანებაზე თუ ეს ფიქრები უფრო გვიანდელ ასაკში მოდის?
- სიმართლე გითხრათ, დღესაც არ ვფიქრობ ამაზე ხშირად. როცა დავიბადე, დედაჩემი 16 წლის იყო, მისი უფროსი ძმა - 36 წლის. თამამად შეიძლებოდა, ჩვენი ოჯახისთვის ახალგაზრდა გეწოდებინათ. მუდმივად გარშემორტყმული ვიყავი ახალგაზრდა ნათესავებით, რომლებთანაც ასაკში მცირე სხვაობა მქონდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მინდოდა აღმოვჩენილიყავი სიტუაციაში, როცა თავად შევძლებდი ოჯახისთვის დახმარების გაწევას. ახლა, როცა 30 წელს გადავაბიჯე, სამი შვილი მყავს და ყოველდღიურად ვაკვირდები, როგორ იზრდებიან ისინი. ვეხმარები მათ, როგორც შემიძლია; ვცდილობ, კარგ ადამიანებად აღვზარდო - ჩემთვის ეს არის მთავარი.

- საშუალება რომ გქონოდათ, რას ეტყოდით ახალგაზრდა ლებრონ ჯეიმსს?
- ვეტყოდი, რომ მზად იყოს წარუმატებლობებისთვის, რომ ყოველ დაცემას თან ახლავს ნეგატივი. მაგრამ მაინც არაფერს შევცვლიდი, არაფერს. ცხადია, რომ რაღაცების გაკეთება უკეთ შეიძლებოდა, მაგრამ მთავარია - წინ იარო. სწორედ ასე გახდები ის, რაც თავად გსურს. ეს ერთადერთია, რაც მამაკაცად გაქცევს. ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი - გამოცდილებაა. ყველაფერი ის, რაც მოედანზე და მის მიღმა გადავიტანე, დამეხმარა, გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ.

- თუ გამოცდილება - საუკეთესო მასწავლებელია, რომელი გაკვეთილი იყო ყველაზე სასარგებლო?
- მთავარი ის არის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, უნდა გააცნობიეროთ და დაიმახსოვროთ ის - რა გააკეთეთ არასწორად, რომ შემდეგ საკუთარი შეცდომები არ გაიმეოროთ. გამიმართლა ცხოვრებაში იმ მხრივ, რომ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ გამიჩნდა სხვა შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად, მაგრამ ყველას შემთხვევაში ასე არ არის. ხანდახან, ადამიანებს ერთადერთი შანსი ეძლევათ, თანაც შეცდომის უფლების გარეშე. თუ საკუთარ თავთან სუფთა ხართ, მაშინ იღბალი ზურგს არ შეგაქცევთ და შემოგთავაზებთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის სხვა ჯერზე შევსებას.

-კარიერული მიღწევები ემთხვევა იმ მოლოდინს, რომელიც დასაწყისში გქონდათ?
- ჩემი მთავარი გამარჯვება - NBA-ში მოხვედრაა. გამარჯვებული გავხდი იმ მომენტში როცა დრაფტზე ჩემი გვარი გამოაცხადეს. მეტს არც ვითხოვდი. რა თქმა უნდა, მინდოდა მოგება, სრულყოფა, ჩემპიონატზე გამარჯვება, ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, მაგრამ რეალურად თავი გამარჯვებულად ვიგრძენი სწორედ იმ მომენტში. იმ დღეს ლიგაში კიდევ რამდენიმე ათეული მოთამაშე მოვიდა და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა.

- როგორც მოთამაშე, რამდენად შეიცვალეთ 10 წლის განმავლობაში?
- შესაძლოა, ბევრი ვერ ამჩნევს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა თამაშმა კარიერაში სამჯერ-ოთხჯერ სერიოზული ცვლილება განიცადა. უფრო მრავალმხრივი მოთამაშე გავხდი, შევიცვალე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით; აგრეთვე, გავზარდე საკუთარი საკალათბურთო IQ. 20 წლის ასაკში, მართალია, ჭკვიანი ბიჭი ვიყავი, მაგრამ უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებდი თამაშით. გამოცდილების ხარჯზე, რომელიც ამ წლებში მივიღე, სხვანაირად დავიწყე ფიქრი მოედანზე. ასევე, დღეს დავიწყე უფრო მეტი ზრუნვა საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასა და ჯანრთელობაზე.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვლება თქვენი თამაში, მაგალითად, ხუთი წლის შემდეგ?
- დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მას არ ანაღვლებს, რამდენად ცნობილი ხარ, მისდევ თუ არა იოგას, რა დროს უთმობ ჯანმრთელობას - ის წინ მიდის ყველაფრის მიუხედავად. დროს ვერ მოატყუებ. მე კი ისღა მრჩება, მხოლოდ საკუთარ სხეულს ვუსმინო და ვავარჯიშო ის.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ჭკვიან კალათბურთელებს არასაკმარისი აღიარება აქვთ გულშემატკივრების მხრიდან?
- ამაზე თითქმის არავინ ლაპარაკობს. შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ლაპარაკობენ. თქვენ იცნობთ ბიჭებს, რომლებსაც უყვართ ბურთის ჩატენვა, შორი დისტანციიდან ჩაგდება, ფარქვეშ ჭიდაობა. მაგრამ არავინ იხსენებს მათ, ვინც მართლა ფიქრობს მოედანზე.

შესაძლოა, ასე იმიტომ ხდება, რომ ასეთი ბიჭები ცოტანი არიან. მხოლოდ სამის დასახელება შემიძლია - კრის პოლი, ტიმ დანკანი და დუეინ უეიდი. მათ იციან, რა მოხდება მოედანზე იქამდე, სანამ ეს მოხდება. ეს უნიკალური და იშვიათი ნიჭია. უბედურება ის არის, ისინი უმცირესობაში არიან იმათთან, ვისაც უბრალოდ, მოედანზე ფრენა შეუძლია.

- ამას წინათ კობი ბრაიანტმა კარიერაში ქულების რაოდენობით გაუსწრო მაიკლ ჯორდანს, მაგრამ 30 წლის ასაკისთვის მას გაცილებით ნაკლები ქულა ჰქონდა, ვიდრე თქვენ. ფიქრობთ იმაზე, რა ადგილს დაიკავებთ კარიერის ბოლოს ქულების რაოდენობით?
- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ამ ციფრებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ: კობის ძალიან გრძელი კარიერა აქვს. ამაზე მუდმივად ვფიქრობ: რას გავაკეთებ 35 წლის ასაკში, შევძლებ იქამდე მისვლას, სადაც ახლა კობი იმყოფება? სხვანაირად ვერ იქნება. ლიგაში 12 წელია ვთამაშობ და კარიერის დიდი ნაწილი უკან დარჩა. გასაგებია, რომ დარჩენილი ნაწილი დაღმავალი გზით წარიმართება. ვაცნობიერებ ამას.

- როგორი მემკვიდრეობის დატოვებას აპირებთ ლიგაში?
- სურვილი მაქვს, კარიერის შემდეგ არ დამივიწყონ და ყოველთვის განიხილონ ჩემი თამაში. დამიმახსოვრონ კარგ მოთამაშედ, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა ყველა შეხვედრაში და ცდილობდა პარტნიორების დახმარებას. იმედია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ შევძლებ თქმას - კვალი დავტოვე კალათბურთის ისტორიაში. ვფიქრობ, ვალში ვარ კალათბურთთან, რადგან მან მომცა ყველაფერი, რასაც ამ ცხოვრებაში ვაკეთებ.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის - გახდეთ ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი?
- ეს მნიშვნელოვანი იქნება იქამდე, სანამ მოედანზე გავდივარ. ყოველ მატჩში ვცდილობ ვაჩვენო საუკეთესო თამაში, რომელიც ოდესმე უნახავთ გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს. ეს ჩემი ცხოვრებისეული ხაზის გაგრძელებაა, რომლის შესაბამისობაში ვცდილობ, საუკეთესო ადამიანი ვიყო. სანამ თამაშს ვაგრძელებ, მაქვს შესაძლებლობა, გავხდე ნაწილი რაღაც დიადის. ამიტომაც ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ბოძებული შესაძლებლობა.

- ბოლო ლოკაუტის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდით ახალი კოლექტიური ხელშეკრულების პირობების განხილვაში. გინდოდათ, NBA-ს მომავალი თაობებისთვის ლიგა უფრო მომხიბვლელი ყოფილიყო?
- რა თქმა უნდა. მიყვარს ეს თამაში და უანგაროდ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია. NBA-ში თამაში მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას მაძლევს, ყველაფერ საჭიროს აძლევს ჩემს ოჯახს. მთლიანად ვუძღვნი საკუთარ თავს კალათბურთს და იმედია, ჩემ შემდეგ ის მხოლოდ პროგრესის გზაზე იქნება, ხოლო მოთამაშეთა ახალი თაობა გააგრძელებს ამ საქმის უკეთ კეთებას.

- კიდევ რის შეცვლას ისურვებდით ლიგაში? რა არ ჰყოფნის მას დღეს?
- თამაშის საფუძვლები. როგორც უკვე ვთქვი, დღეს ცოტანი არიან ისეთი ბიჭები, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ მოედანზე ფიქრი. სწორედ ეს უნდა იყოს საფუძველი ნებისმიერი მოთამაშისთვის და არა ფიზიკური უპირატესობა, რაზეც დღეს ბევრი აკეთებს აქცენტს.

- თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- არც კი ვიცი. შესაძლოა, მწვრთნელების ბრალია, რომლებიც დამწყებ მოთამაშეებს არ ასწავლიან იმას, რაც საჭიროა. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს აზრი ყველა სპეციალისტზე გავავრცელო. როცა თამაშს ვიწყებდი, გვასწავლიდნენ, რომ ყველაფრის საფუძველი - გუნდია. დღეს ყველაფერი ოდნავ სხვანაირადაა. ეს სწორი მიდგომა რატომღაც დაივიწყეს. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში მწვრთნელი არც ერთ მოთამაშეს არ გამოარჩევდა, ყველას აქებდა ან მთელ გუნდს უწყრებოდა. ის აქცენტს არა პირად მიღწევებზე, არამედ შედეგზე და მთელი გუნდის თამაშზე აკეთებდა.

- დროთა განმავლობაში კალათბურთი უფრო ინდივიდუალურობაზე აქცენტირებული ხდება?
- დიახ, ეს შესამჩნევია. ცუდია, რომ ბავშვობიდან მწვრთნელები ცდილობენ, ააგონ გუნდი ლიდერების გარშემო. მათ პირველ ვიოლინოდ აქცევენ, მეტ თავისუფლებას აძლევენ და ასეთი სტრატეგია ყოველთვის არ აქცევს გუნდს ძლიერად. ისინი აღარ უხსნიან ახალგაზრდებს, რომ კალათბურთი - გუნდური თამაშია. ვერც ერთი, თუნდაც უნიკალური მოთამაშე ვერ შეძლებს მარტო არა მხოლოდ ჩემპიონატის მოგებას, არამედ რაიმე ინდივიდუალური პრიზის მიღებას. რა თქმა უნდა, ეგოისტური თამაში მაღლა სწევს მის შანსებს, მაგრამ პარტნიორობის გარეშე მაინც არაფერი გამოგივა. პირდად მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ თუ რაიმეს ვაკეთებ მოედანზე, მხოლოდ გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე.

- 20 წლისაც არ იყავით, როცა თქვენი პირველი შვილი დაიბადა. მას შემდეგ თქვენი, როგორც მამის როლი ძალიან შეიცვალა?
- დროთა განმავლობაში ხვდები, როგორ მოიქცე. ვერც ერთი წიგნი ვერ გასწავლის - იყო მშობელი. ამასთან, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რადგან ყველა მათგანს განსხვავებული ხასიათი აქვს. იცით, ეს ჰგავს გუნდში მწვრთნელის როლს. თითოეულ მოთამაშეს სჭირდება თავისი განსაკუთრებული მიდგომა და მაშინ მიაღწევთ მიზანს.

- რომელ ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპს ასწავლით თქვენს შვილებს?
- მინდა მათ გონებამდე მივიტანო ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დარჩნენ იმად, რაც არიან. თითოეული ადამიანი სახლის გარეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ ოჯახს წარმოადგენს. თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს თავისი შედეგი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, მათ თავისუფლება მისცე, თავად დააგროვონ გამოცდილება, მაგრამ ასევე მინდა, არ ეშინოდეთ ჩემთან პრობლემებზე საუბრის. ხანდახან სხვისი გამოცდილება ძალიან სასარგებლოა.

- უკვე ფიქრობთ იმაზე, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება კალათბურთის შემდეგ?
- გასაგებია, რომ ცხოვრების ახალი თავი სრულიად განსხვავებული იქნება წინამორბედისგან. გუნდში მეგობრული გრძნობა პარტნიორების მიმართ, ბრძოლა მეტოქეებთან, მღელვარება, რომელსაც გრძნობ 20-ათასიანი აუდიტორიის წინაშე გასვლისას - ამ შეგრძნებებს ვერაფერი შეცვლის. მე ეს მშვენივრად მესმის. მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნება ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული