NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სტივენ კარი ლებრონ ჯეიმსზე წინ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე NBA-ში პუბლიკის ყურადღება მიპყრობილი იყო "ყველა ვარსკვლავის მატჩის" გამოკითხვისკენ, რომელსაც უნდა გამოევლინა აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების სასტარტო ხუთეულები.

საბოლოო შედეგებში რამდენიმე სიუპრიზი ვიხილეთ. მაგალითად, ფანების ყველაზე მეტი ხმა არა "კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, არამედ "გოლდენ სტეიტის" მცველმა სტივენ კარიმ მიიღო - მას "მეფეზე" 50 ათასი ხმით მეტი აღმოაჩნდა. კარის პარტნიორი "დასავლეთის" დაცვის ხაზში კობი ბრაიანტი გახდა, რომელმაც სულ მცირედით გაუსწრო ჯეიმს ჰარდენს. მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ზედიზედ მეორედ ბრაიანტს ჰარდენი შეცვლის. გასულ წელს "შავი მამბა" აქილევსის მყესს
მკურნალობდა, ამჯერად კი მხარის დაზიანების გამო მოუწევს "ოლ სტარის" გამოტოვება.

საინტერესოა, რომ პირველივე წუთებიდან "ყველა ვარსკვლავის მატჩის" დაწყების უფლება მიიღეს ესპანელმა ძმებმა გასოლებმა - პაუმ და მარკმა. ეს უნიკალური მიღწევაა, რადგან აქამდე მსგავსი აღიარება არც ერთ ევროპელს არ ღირსებია. მართალია, გერმანელი დირკ ნოვიცკი 2007 და 2010 წლებში იყო სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ორივეჯერ ტრავმირებული მოთამაშე შეცვალა.

"აღმოსავლეთის" წინა ხაზში უფროსი გასოლისა და ჯეიმსის გარდა, კარმელო ენტონი იქნება, ხოლო დაცვაში ითამაშებენ ჯონ უოლი და კაილ ლაური. ამ უკანასკნელისთვის ეს დებიუტია "ყველა ვარსკვლავის მატჩში". და ერთბაშად სასტარტო ხუთეულში!

საგულისხმოა რამდენიმე მომენტი. "აღმოსავლეთის" სასტარტოში არ აღმოჩნდა ადგილი ლიდერ "ატლანტას" კალათბურთელებისთვის, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელები რეზერვში შეიყვანენ "ჰოქსის" სამ წარმომადგენელს - ჯეფ ტიგს, ელ ჰორფორდსა და პოლ მილსეპს. "დასავლეთის" სასტარტო "პორტლენდისა" და "დალასის" წარმომადგენლების გარეშე დაკომპლექტდა.

პირველად 2006 წლის შემდეგ სასტარტო ხუთეულის მიღმა აღმოჩნდა დუეინ უეიდი. ასევე ვერ დაიწყებს პირველი წუთებიდან შეხვედრას კევინ დურანტი. უცნაურია, მაგრამ "ოკლაჰომას" ლიდერმა "დასავლეთის" ფორვარდებს შორის მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო ხმების საერთო რაოდენობით მარცინ გორტატსაც კი ჩამორჩა!

ხმის მიცემის პროცედურამ გვიჩვენა "ჩიკაგოს" გულშემატკივრებს შორის ხასიათის ცვლილება: ჯიმი ბატლერმა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დერიკ როუზმა, რომლის ძველი დამსახურებები თანდათან დავიწყებას ეძლევა.

აღმოსავლეთი
ჯონ უოლი (ვაშინგტონი) - 886 368
კაილ ლაური (ტორონტო) - 805 290
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 1 470 483
პაუ გასოლი (ჩიკაგო) - 974 177
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი) - 647 005

დასავლეთი
სტივენ კარი (გ. სტეიტი) - 1 513 324
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) - 1 152 402
ენტონი დევისი (ნ-ორლეანი) - 1 369 911
მარკ გასოლი (მემფისი) - 795 121
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) - 700 615

ასე რომ, სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტებულია. საინტერესოა, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, შემადგენლობებში 10 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელია. ახლა უნდა დაველოდოთ მწვრთნელების არჩევანს, რომლებიც 7-7 სათადარიგო მოთამაშეს დაასახელებენ. ეს ერთი კვირის შემდეგ მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული