NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 12 ბლოკი 24 წუთში

AutoSharing Option
ისტორიული შეხვედრა გაიმართა ჩიკაგოში, სადაც "მაიამი" ჩავიდა სათამაშოდ. თითქოს, "სან ანტონიოსა" და "დალასის" დამარცხების შემდეგ "ბულზმა" ჩვეული რიტმი აკრიფა და შინ არ უნდა გასჭირვებოდა არასტაბილური "ჰიტის" დამარცხება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ტომ ტიბოდოს გუნდს კრიზისი არ გადაულახავს.

უკვე პირველ მეოთხედში "ხარებმა" ტყორცნების მხოლოდ 38 პროცენტი გამოიყენეს, თან გუნდს არც ტემპი უვარგოდა. მეორე 12-წუთეულში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა - 22 პროცენტი თამაშიდან, სრული კრახი შეტევაში და მეტად უყურადღებო მოქმედება დაცვაში. საკმარისია აღინიშნოს, რომ სამწამიანი ზონიდან ჩიკაგოელებმა 11-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს.

რომ
არა ბრუქსის ორი სამქულიანი, "ჰიტის" უპირატესობა უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე 12 ქულა, რომელიც მეორე მეოთხედში დაფიქსირდა. დაახლოებით 10-ქულიანი ჰანდიკაპი ფინალურ სირენამდე შენარჩუნდა. მასპინძლებს მინიმალური მუხტიც კი არ ჰქონდათ იმისთვის, რომ თამაშის ბედი თავიანთ სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ.

ტიბოდოს გუნდმა ვერაფრით დაალაგა შეტევებისთვის საჭირო რიტმი, სამწამიანში შესვლის კი ეშინოდა, რადგან იქ სასწაულებს ახდენდა ჰასან უაიტსაიდი, რომელმაც თავის ანგარიშზე 12 დაფარება ჩაიწერა. ცენტრმა 24 წუთში სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი სწრაფი ტრიპლ-დაბლი 10 დაფარებით არავის ჰქონია. გარდა ამისა, 12 ბლოკი - "მაიამის" საკლუბო რეკორდია.

მეოთხე მეოთხედში უეიდმა და უაიტსაიდმა "ხარების" მინიმალურ მონდომებას ხაზი გადაუსვეს. დუეინმა ცხრიდან ექვსი ტყორცნა მოათავსა კალათში, უაიტსაიდმა კი ხუთი ტყორცნა დაბლოკა და ამას 7 მოხსნა და 8 ქულაც დაუმატა.

საბოლოოდ, "ჩიკაგომ" ტყორცნების 35 პროცენტი ჩააგდო და კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები საკუთარ პუბლიკას. მიმდინარე სეზონში როუზი და კომპანია ვერაფრით ახერხებს მოგება/წაგების ნეგატიური ბალანსის მქონე გუნდებთან წარმატებულ თამაშს.

ჩიკაგო-მაიამი 84:96
20:26, 18:22, 24:26, 22:22
ჩ: როუზი (19), ბრუქსი (17), პ. გასოლი (13+17 მოხსნა+4 დაფარება), გორდონი (11+8 მოხსნა).
მ: უეიდი (26), ბოში (20+7 მოხსნა), დენგი (15+10 მოხსა), ჩელმერსი (15+5 პასი), უაიტსაიდი (14+13 მოხსნა+12 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული