NBA. ორი სიკვდილი - ლოიდი და მეისონი წავიდნენ

AutoSharing Option
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი კალათბურთელი ირლ ლოიდი. 1950-51 წლების სეზონში ის გახდა პირველი შავკანიანი, ვინც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა.

ლოიდი "ვაშინგტონ კეპიტალზმა" 1950 წლის დრაფტზე მე-100 ნომრად აირჩია, 1950 წლის 31 ოქტომბერს კი დებიუტი ჰქონდა NBA-ში "როჩესტერ როიალზთან" მატჩში. სულ ლოიდმა ლიგაში 10 წელი გაატარა და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. 1955 წელს ის ჩემპიონი გახდა "სირაკუზ ნეშნლზის" შემადგენლობაში.

1971-72 წლებში ლოიდი "დეტროიტ პისტონზის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს - ამით
ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი იყო, ვინც სათავეში ჩაუდგა NBA-ს კლუბს. 2003 წელს ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

* * *
გასულ უქმეებზე კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი შეიტყვეს კალათბურთის მოყვარულებმა. 48 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა "ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე" ენტონი მეისონი. გულის შეტევა მას ორი კვირის წინ ჰქონდა, რის შემდეგაც რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუწია და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

"ენტონი მეისონი შესანიშნავი მაგალითია ყველა მოთამაშისთვის, რომელიც NBA-ში საკუთარი შანსისთვის იბრძვის, - წერია NBA-ს კომისრის, ადამ სილვერის განცხადებაში. - მან დრაფტის მესამე რაუნდიდან შეძლო საკუთარი კარიერის შექმნა და 34 წლის ასაკში "საუკეთესო მეექვსე მოთამაშის" პრიზამდე და "ოლ სტარამდე" მივიდა".

მეისონი 1990-2003 წლებში "ნიუ ჯერსის", "დენვერის", "ნიუ იორკის", "შარლოტის", "მაიამისა" და "მილუოკის" რიგებში თამაშობდა. ჯამში, 882 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 10.9 ქულა, 8.3 მოხსნა და 3.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული